ვახტანგ ძაბირაძე -  ვერ ვხედავ, რომ ბესელიას ის პოლიტიკური კაპიტალი აქვს, რომელიც პარტიის შესაქმნელად არის საკმარისი

ვერ ვხედავ, რომ ბესელიას ის პოლიტიკური კაპიტალი აქვს, რომელიც პარტიის შესაქმნელად არის საკმარისი, და არათუ იმისთვის, რომ ის იყოს გაერთიანების მიზიდულობის ცენტრი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ივნისში ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს. ძაბირაძემ კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ამ ახალ ძალას ჰქონდეს შანსები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, უპასუხა, რომ ამის პოლიტიკურ კაპიტალს ვერ ხედავს. მისივე თქმით, უმჯობესია, მსგავსი სიახლეებისთვის ოპოზიცია შემოდგომას დაელოდოს.

„რამდენად დროულია პარტიის შექმნა, ეს ალბათ, თავად ბესელიას უნდა გადაეწყვიტა, თუმცა გარკვეული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, შუალედურ არჩევნებს ვგულისხმობ, რომლის დასრულებასაც ოპოზიცია უნდა დაელოდოს. არსებული აჟიოტაჟი უნდა დაცხრეს და რეალური სურათი გამოჩნდეს. ხოლო ეს ყველაფერი თუ დასაწყებია, უნდა დაიწყოს შემოდგომაზე. რამდენადაც არ უნდა დააანონსოს მელიამ, რომ წელს ცხელი ზაფხული იქნება, ეს ასე არ არის. არ იქნება ცხელი ზაფხული, არამედ იქნება ძალიან ჩვეულებრივი, პრაგმატული და მდორე ზაფხული პოლიტიკური თვალსაზრისით. მართლაც საჭიროა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ქვეყანაში კიდევ ერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა შეიქმნას, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“. თუ მზაობა არსებობს, ერთი წელი სავსებით საკმარისია, პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში წარმატებას რომ მიაღწიოს. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი წამოწყება მისასალმებელია, მაგრამ მისასალმებელია, თუ პრაგმატიზმს ეფუძნება. დღეს არამარტო ბესელია, დავით ჭიჭინაძეც აპირებს პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას. ეს უფრო იმას ჰგავს, რომ შემდგომში რაღაცნაირად, მოხერხდეს ერთიანი, დიდი ბლოკის შექმნა, ანუ დაახლოებით ისეთის, როგორიც დღეს გაერთიანებული ოპოზიციაა, სადაც ერთი პარტიაა და დანარჩენები მხოლოდ ანტურაჟს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში ასეთი მამოძრავებელი ძალაც კი არ ჩანს, რომლის ირგვლივაც შეიძლება, მრავალპარტიული ანტურაჟი შეიქმნას. არა მგონია, ცალკე აღებულს თუ გნებავთ, ჯამურად, ბესელიას, კვაჭანტირაძეს და სხვებს იმის პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდეთ, რომ ჩამოყალიბდნენ რეალურ პოლიტიკურ ცენტრად. რასაც ვხედავ, ეს იქნება ერთი რიგით ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, ოღონდ მერამდენე, კაცმა არ იცის. აქ ისეთი ჯგუფიც არ არსებობს, რომელიც გამწევი ძალა, ლიდერი პოლიტიკური პარტია იქნება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას პოლიტიკურ ლიდერობაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

„არ ვიცი, ეკა ბესელია რამდენად შეიძლება, იყოს ლიდერი. ვიცი ერთი რამ, რომ მისი პოლიტიკური კაპიტალი არ არის ისეთი, მის ირგვლივ რაიმე სერიოზული გაერთიანებისა თუ სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია ვიგულისხმოთ თუ ვიფიქროთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ვერ ვხედავ, რომ ბესელიას ის პოლიტიკური კაპიტალი აქვს, რომელიც პარტიის შესაქმნელად არის საკმარისი, არათუ იმისთვის, რომ ის იყოს გაერთიანების მიზიდულობის ცენტრი. ბესელიას ლიდერობაზე მე მგონი, რბილად რომ ვთქვათ, ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, თუკი ის საერთოდ, ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის შექმნას შეძლებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა