ლაშა თორდია - კორუფციულ გარიგებაზე მუშაობდა აუდიტის სამსახური და ამის გამო დამესხა ოთარ ფარცხალაძე თავს - ეს არის მთავარი

საიდან მოიტანეს, რომ ალკოტესტით სიმთვრალე დამიდგინდა? ალკოტესტი არ ჩამტარებია“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ჩოხელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის შესახებ სასამართლო პროცესზე. როგორც თორდიამ აღნიშნა, ამჟამინდელი გამოძიება მხოლოდ დავის შემდგომში გაგრძელების საშუალება იქნება.

„მესამე წელი დაიწყო, რაც მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩემი მოლოდინი ნულოვანია, რადგან თავად გამოძიების საწყისი ეტაპიც არასწორადაა წარმოებული, მუხლი არასწორადაა კვალიფიცირებული. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ასე ვთქვათ, სასამართლომ სულ რომ თავი გაიგიჟოს, რათა ადეკვატური სასჯელი დადგეს. მაქსიმუმ სასჯელი 5 000-ლარიანი ჯარიმა იქნება, ისიც თუ სასამართლომ დამნაშავედ სცნო, ეგეც არ მგონია. მუხლი, რითიცაა ბრალდებული ფარცხალაზე და ჩოხელი, არ არის რელევანტური, მათ შორის, არ შეიცავს ჯგუფურ ნაწილს. ორი ადამიანი არის თავდამსხმელია და მაინც, ჯგუფური კვალიფიკაცია არ მისცემია. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ ჩემს ჩვენებაში საუბარი არა იყო ორ ადამიანზე, არამედ, დაახლოებით 10 ადამიანი დამესხა თავს, თუმცა დანარჩენების ამოცნობა არ შემიძლია, რადგან ირგვლივ იდგნენ. გამოძიება არ დაინტერესებულა, ვინ იყვნენ დანარჩენები. არც პოლიტიკურ თანამდებობის პირზე თავდასხმა ფიგურირებს საქმეში. შეგახსენებთ პირველ ეტაპზე ადვოკატების განცხადებას, თითქოს მე თვითდაზიანებები მივიყენე; მერე შსს-მ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც მათ განაცხადეს, რომ თავდასხმა ჩემი მხრიდან განხორციელდა. ამჟამად არის ცემის მუხლი, რადგან 2018 წლის ნოემბრისთვის არჩევნები იყო, ასევე, სკანდალური სარდაფის თემა. ამ ქაოსურ პროცესს მივყვებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს მალე დასრულდეს. ყოველდღიურად ჩვენ მეტი მტკიცებულება გვაქვს იმისთვის, რომ მივმართოთ სტრასბურგს და დავამტკიცოთ, რომ გამოძიებაც და სასამართლოც საბოლოო ჯამში წარიმართა არასწორად და თავიდანაა დასაწყები. ჩემთვის მხოლოდ ფორმალური მხარეა, რომ ეს ეტაპები გადაილახოს, რაც იქნება საშუალება, გავაგრძელო დავა. ასევე შეგახსენებთ, საერთაშორისო საპროკურორო საბჭოს გადასცეს აუდიტის 5-გვერდიანი დასკვნა კორუფციულ გარიგებაზე. დღემდე პასუხი არავის სმენია, იყო იქ თუ არა კორუფცია, მსჯელობაა ანდაზებით, ალეგორიებით. არაამქვეყნიურ ტყუილებს იგონებენ - ჯერ თითქოს ჩემი თავი ვიცემე, მერე შეიცვალა ეს აზრი და თითქოს, განმარიდეს პირად სივრცეს, ცქრიალა ღვინოების დაგემოვნებას და ა.შ. შსს-მ მე გამომიყვანა თავდამსხმელად და დღეის მდგომარეობით არ ვიცი, რა იქნება. მათ ფანტაზიას არანაირი საზღვარი არ აქვს. კორუფციულ გარიგებაზე მუშაობდა აუდიტის სამსახური და ამის გამო დამესხა ოთარ ფარცხალაძე თავს - ეს არის მთავარი“, - განაცხადა ყოფილმა გენერალურმა აუდიტორმა.

მანვე უპასუხა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ალკოტესტის შედეგად, თორდიას ალკოთრობის ფაქტი უდასტურდება. ყოფილი აუდიტორის თქმით, მას ალკოტესტი არ ჩატარებია.

„მე ალკოტესტი არ ჩამტარებია, ზუსტად მახსოვს. არ ვიცი, რისი პასუხები დევს. ეს რაღაც ახალია, ჩვენ საქმე არ გადმოგვცემია. ჩემი ადვოკატი გაეცნო პროკურატურაში საქმის მასალებს და მასაც არ უნახავს, რა ალკოტესტია. როდესაც გადავედი საავადმყოფოში, მაქვს საავადმყოფოს ცნობა, „ფორმა 100“, სადაც მსგავსი არანაირი ჩანაწერი არ არის. საიდან მოიტანეს, რომ ალკოტესტით მე სიმთვრალე დამიდგინდა? ნახავს ჩემი ადვოკატი სასამართლოზე პროკურორს ან რამენაირად ვეცდებით, რომ გავიგოთ, რაზე საუბრობს პროკურორი. რაღაც ახალი დოკუმენტი შექმნეს და ჩადეს ისე, რომ ჩვენ არ ვიცით, და ეს იმისთვის ხდება, რომ ამ პროცესში ჩემზე ტალახის სროლა და დისკრედიტაცია მოხდეს. ამას ხომ ავითარებდნენ თავიდანვე, რომ ჩემთან მიმართებაში საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს აზრი, რომ ლაშა თორდია დამნაშავეა, რადგან დადიოდა მთვრალი El Centro-ში. არადა, არ ვყოფილვარ ნასვამი, 1 ჭიქა ღვინოს ვსვამდი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. “, - განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, ვიდეოები, სადაც 2017 წელს El Centro-ში მომხდარი ინციდენტი კარგად ჩანს, აღარ არსებობს.

„ეს ვიდეო არის გვერდითა შენობის სახურავიდან მაშინ, როდესაც იქ, სადაც მოხდა ეს ფაქტი, უამრავი კამერა იყო. ეს არ არსებობს, რადგან წაშალეს. იქ ჩანს დეტალურად სახეები, როგორ დაიწყო ყველაფერი, ვინ დამესხა თავს, მაგრამ ბევრი ადამიანი გაეხვეოდა შარში. სადღაც შორს ეს კამერა ამოიღეს, სადაც ძალიან უნდა დააკვირდე, მაგრამ აქაც ჩანს, როგორ მირტყავს პირველად ხელს ჩოხელი და 10-მა ადამიანმა განაგრძო ჩემი ცემა. პროკურორის დღევანდელ განცხადებებს თუ დააკვირდებით, ჯერ ხომ თქვა, ბრალეულობა დადგინდება და შემდგომ ამას მოჰყვა, რომ კლუბური გარჩევა იყოო. კლუბური გარჩევა მე და ოთარ ფარცხალაძეს შორის წარმოიდგინეთ, რაზე უნდა მომხდარიყო? ახალ-ახალი ტერმინებია, ოღონდაც არ დაუკავშირდეს ეს ფარცხალაძის მერიასთან გარიგებას“, - აღნიშნა თორდიამ.

როგორც თორდიამ დასძინა, ახალი არ არის, რომ ოთარ ფარცხალაძე ხელშეუხებელი ადამიანია საქაართველოში და მილიონ სხვა შავბნელ საქმეებში მონაწილეობს, თუმცა პასუხი არც ერთზე არ მოეთხოვა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა