ვალერი ჩეჩელაშვილი - ლოგიკური იქნება, თუ ზელენსკი სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებს

ლოგიკური იქნება, თუ ზელენსკი სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში და რონდელის ფონდის მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით მიმართა.

„უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შეიტანა შესაბამისი საბუთები თხოვნით, რომ მესამე პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდეს. იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტი ზელენსკი საკმაოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა სააკაშვილის მოღვაწეობას უკრაინაში, ისევე, როგორც მის მიერ საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფას უკრაინის მიმართ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური იქნება, თუ ზელენსკი მას მოქალაქეობას დაუბრუნებს“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს დაინიშნა და დრო საკმაოდ ცოტაა, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ამა თუ იმ ფორმით სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში აუცილებლად დაბრუნდება. კითხვაზე, რატომ არის ამაში დარწმუნებული იმის ფონზე, რომ სააკაშვილი ქართველებს ჰპირდება საქართველოში დაბრუნებას, მან უპასუხა, რომ ჯერ საქართველოში დაბრუნება უფრო შორეული პერსპექტივაა, ხოლო უკრაინაში დაბრუნება - შედარებით რეალური.

„ჯერ ერთი ეს, და მეორეა, რომ ის ლაპარაკობს, რომ პირველ რიგში, მას უკრაინაში დაბრუნება უნდა. ასევე, აქ ერთი ნიუანსია - როდესაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ეს მისი ბოლო მოქალაქეობა იყო. ყველა საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ადამიანს ჩამოართვა მისი ბოლო მოქალაქეობა. სახელმწიფოს შეუძლია, მოქალაქე დააკავოს, დასაჯოს, დახვრიტოს და ა.შ. მაგრამ ბოლო მოქალაქეობის ჩამორთმევა გაუგონარი რამაა. ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოში მესამე პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფოს მოუგებს დავას. მას ან დაუბრუნებენ უკრაინის მოქალაქეობას, ან მეორე გამოსავალი ისაა, რომ მიეცეს საშუალება, დაბრუნდეს უკრაინაში იმ საბუთის საფუძველზე, რომლითაც ახლა მთელ მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილდება და შემდეგ, დაიცვას უფლებები უკრაინის სასამართლოში“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს