მამუკა ბახტაძე - ჩემთვის აუცილებელია, მთავრობაში მყოფ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა ეკონომიკა, ჰქონდეს სოციალური რეალობის ადეკვატური აღქმა

ჩემთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის, აუცილებელია, რომ როდესაც ადამიანი არის მთავრობაში და პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა ეკონომიკა, ჰქონდეს სოციალური რეალობის ადეკვატური აღქმა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის კითხვას გიორგი ქობულიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გიორგი ქობულია ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი ეკონომისტია, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა არასოდეს დაკარგოს ობიექტურობის განცდა. გოგა ქობულიამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტული ეკონომიკური დარგების განვითარებაზე, სადაც ფაქტობრივად არ არსებობდა ხედვები, სტრატეგიები, ან იმ დარგებში, სადაც გვაქვს ჩამორჩენა, როგორ შეიძლებოდა მეტი ეფექტურობის, მეტი სამუშაო ადგილების გაჩენა და ა.შ. მეორეს მხრივ, ჩემთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვისაც, აუცილებელია, რომ როდესაც ადამიანი არის მთავრობაში და პასუხისმგებელი არის ასეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მას ჰქონდეს სოციალური რეალობის ადეკვატური აღქმა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ორწლიანი გეგმა 2019-2020 წლებისთვის და სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსი არის ამ ორი წლის განმავლობაში ჯამურად არის 27 მილიარდი. მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს რესურსი საკმარისი იქნება, საქართველოში ყველა პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ბევრი მათგანი გადაიჭრას. ამ საკითხს სწორედ ამ პრიზმიდან ვუყურებ. ჩვენ გჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ამ რესურსით რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივაღწიოთ შედეგს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გიორგი ქობულიას ამ თემებზე არაერთხელ ესაუბრა, რის შედეგადაც მიიღო გადაწყვეტილება, რაც ობიექტურად უნდა მიეღო.

„ეს არის ჩემი გულწრფელი და ობიექტური შეფასება. მისი სიტყვებიდან, რომელსაც მოვუსმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო განაწყენებული ადამიანის სიტყვები. შესაბამისად, ჩემი მიდგომაც ასეთ დროს მარტივია. ობიექტურობის განცდა არავინ არასდროს უნდა დავკარგოთ. დაგროვილია ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის იგივე სახელმწიფო საწარმოებში. მაგალითად, სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვა, რასაც ახლა ვაკეთებთ და ბევრი სხვა რაღაც. შესაბამისად, ობიექტურობის შეფასება არავინ არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

წამყვანის კითხვას, როგორია მისი პოზიცია პოლიტიკაში ქობულიას შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ იმის გათვალისწინებით, რამდენად არაკვალიფიციური კითხვები ისმის ზოგიერთი ოპონენტისგან, ამას მხოლოდ მიესალმება. „იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციიდან ხშირად გვესმის სრულიად არაადეკვატური და არაპროფესიული კითხვები, თუ გოგა ქობულია ოპოზიციაში წავიდოდა, მათ კითხვების ადეკვატურობის ხარისხის გაზრდაში მიეხმარებოდა. იქნებ კითხვების ჩამოყალიბება მაინც შეძლონ ადეკვატურად და პროფესიული სტანდარტების დაცვით“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ორმაგ სტანდარტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებიც გიორგი ქობულიას დანიშვნისას თანამდებობისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ, მისი გათავისუფლების შემდეგ რიტორიკა რადიკალურად შეცვალეს.

„ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი არის სწორედ ორმაგი სტანდარტი. ადამიანებისგან, რომლებიც ქობულიას თანამდებობაზე დანიშვნისას ამბობდნენ, რომ მას არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება, ეკონომიკასთან კავშირი, იყო განათლებით სამედიცინო სფეროდან, რუსეთის კაცი და ა.შ. მე კიდევ ვცდილობ, დიპლომატიურად ვისაუბრო, საკადრო გადაადგილების შემდეგ მოვისმინეთ რადიკალურად განსხვავებული შეფასებები. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ობიექტურობის განცდა არავინ უნდა დავკარგოთ, რომ შემდეგ ვინმეს შერცხვეს თავისივე სიტყვების. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ზოგიერთ წარმომადგენელს ოდესმე შერცხვება თავისი გამონათქვამების, მაგრამ ქობულიას შემთხვევა ამ ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითი. ვისურვებდი, ჩვენს პოლიტიკაში ასეთი შემთხვევები რაც შეიძლება ნაკლები დოზით იყოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს