ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატზე და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმაში მონაწილე პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს

ადვოკატთა ასოციაცია ქუთაისში ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას დაუყოვნებლივ ითხოვს. ასოციაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მოსალოდნელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის ოჯახის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. კერძოდ, ადვოკატსა და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე უცნობი პირი. ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის მიმართ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მოსალოდნელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.