სახალხო დამცველი მზად არის, ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს

საქართველოს სახალხო დამცველი მზად არის, ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს. როგორც ლომჯარიამ გაფიცულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელების შრომის უსაფრთხოება კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ კომპანიასთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია. ამ საკითხს პირველად არ გავეცანით. წლევანდელ ადამიანის უფლებათა ანგარიშშიც და წინა წლების ანგარიშებშიც ვსაუბრობთ ჭიათურაში ძალიან მძიმე ეკოლოგიურ და შრომით პირობებზე. დღეს მე პირადად ჩამოვედი, რომ გაფიცულებს შევხვედროდი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მანდატი სრულად არ გაქვს ყველა იმ საკითხზე, რაზესც საუბარია,თუმცა, არის საკითხები, რასაც სახალხო დამცველი ყურადღებას მიაქცევს. პირველ რიგში, ეს ეხება შრომით პირობებს. ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათების და სამუშაო რეჟიმის სამართლიანობას და კანონიერებას. დღეს რაც მოვისმინე - 12-საათიანი სამუშაო რეჟიმი 2 კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილია მაქსიმუმ სამუშაო საათებად. მით უმეტეს, რომ მათ უწევთ მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაო პირობებში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით. მოვისმინე, რომ კვებითი უზრუნველყოფა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში, თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად კომპანია. ეს საკითხიც იქნება ჩვენი შესწავლის საგანი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ჭიათურაში ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მძიმე ვითარებაა.

„ ეკოლოგიური თვალსაზრისით არის ნამდვილად მძიმე ვითარება. კომპანიას აქვს რამდენიმე მილიონის ჯარიმა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის დაკისრებული, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ეს ჯარიმები არ ყოფილა გადახდილი. თითქოს არსებობს სპეციალური გეგმა გარემოზე ზემოქმედების აღმოსაფხვრელად, თუმცა, არ ვიცით რამდენად ხდება რეალურად ნაბიჯების გადადგმა კომპანიის მხრიდან. ეს ნამდვილად არის ჩემი პრიორიტეტი. უკვე გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაციები და ასევე შევისწავლით რამდენად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ავლდებულებებს გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან აცილების მიმართულებით.

თუ ექნებათ გაფიცულებს სურვილი, მე თავად, ასევე ჩემი წარმომადგენლები მზად ვართ, ჩავერთოთ ამ საკითხებში, გავუწიოთ ზედამხედველობა იმ კომუნიკაციას, რაც შეიძლება ჰქონდეთ გაფიცულებს კომპანიის მიმართ. თუმცა, ეს არის გაფიცულების გადასაწყვეტი, გაფიცვის როგორ ფორმას აირჩევენ. ასევე ვეცდებით, რომ გაფიცვის დროს არ დაირღვეს მათი, როგორც გაფიცულების უფლება. ასევე, როგორც გაფიცულები ამბობენ, თითქოს კომპანია უარს ამბობს მათი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე. ამ საკითხსაც შევისწავლით და გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ სახალხო დამცველის წარმომადეგენლები შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და თუ შეხვედრის აუცილებლობა იქნება, შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.

ჭიათურაში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცული არიან. პარალელურად, მაღაროელთა ნაწილი შიმშილობს, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო