გიორგი მიქაუტაძე - შესაძლოა, ვფიქრობდე უმაღლეს ინსტანციაზე და ეს იყოს იმის მიზეზი, რომ უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში კონკურსში მონაწილეობაზე

კონკურსი გამოცხადებული იყო 43 ვაკანსიაზე და 32 კანდიდატი მოსამართლედ განწესდა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

"დავასრულეთ კონკურსი, რომელიც გამოცხადებული იყო 43 ვაკანსიაზე და 32 კანდიდატი განწესდა მოსამართლედ. მათგან სამი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელია, 2 ყოფილი მოსამართლე, ხოლო 27 არის მოქმედი მოსამართლე, რომელიც გადაინიშნა სხვადასხვა სასამართლოში. სკოლის სამი მსმენელი 3 წლის გამოსაცდელი ვადით განწესდებიან, ხოლო დანარჩენი 29 კანდიდატი თანამდებობაზე განწესდება უვადოდ. მონაცემები ძალიან ახალია და შესაძლებელია, მათ შორის იყვნენ სამი წლის ვადით გამწესებული მოსამართლეები, ამ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით", - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

მანვე ისაუბრა იმის მიზეზების შესახებაც, რის გამოც მან სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე უარი თქვა და მოხსნა თავისი კანდიდატურა.

„კანდიდატები, ვინც თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს, არ იყვნენ მხოლოდ საბჭოს წევრები. ჩემი პირადი მოტივაცია კი იყო ის, რომ ამ ეტაპზე მე უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებაზე და დავტოვე მხოლოდ ერთი ვაკანსია, რომელიც მოქმედი სამუშაო ადგილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. ყველასთვის ცნობილია, რომ მე ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და ამ ეტაპზე ვფიქრობ, შესაძლებელია, ასეთი მოცემულობა ისევ დადგეს და შესაბამისად, თუ დაწინაურების ჭრილში განვიხილავთ ჩემს კარიერას, შესაძლოა, ვფიქრობდე უმაღლეს ინსტანციაზე და ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ამ ეტაპზე უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში კონკურსში მონაწილეობაზე", - აღნიშნა მიქაუტაძემ.

ამას გარდა, მან კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადებაზეც, რომელსაც ლელა ჯინჭარაულის დანიშვნის ობიექტურ მიზეზებში ეპარება ეჭვი.

„"ეს განცხადებები იმდენად არასერიოზულია, რომ მკითხაობას ემსგავსება. ჯინჭარაული ნამდვილად არ იქნება ერთადერთი კანდიდატი, რომელიც რამდენჯერმე მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში და შემდეგ დაინიშნა, ასეთი ძალიან ბევრია, რადგან ეს კონკურსის თავისებურებაა. კონკურსი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საბჭო ცდილობს, აარჩიოს საუკეთესო კანდიდატი. საბჭო დამოკიდებულია იმ განაცხადებაზე, რასაც შეიტანენ კანდიდატები და ზოგს ბევრ ვაკანტურ ადგილზე ან ძალიან ცოტაზე აქვს შეტანილი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში განაპირობებს კანდიდატების განწესებას, ამიტომ ასეთი შეფასებები და ასეთი ფორმით პროცესის დისკრედიტაცია არასერიოზული ხდება და ყველა ჯერზე ერთსა და იმავეს ვისმენთ", - განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ასევე ახსნა, რომ მიუხედავად აღნიშნული კონკურსის ფარგლებში დარჩენილი 11 ვაკანტური ადგილისა, ყოველ ჯერზე უფრო მეტი ვაკანტური ადგილი რჩება, ვიდრე ეს ჩანს.

"პრობლემაა, რომ მოსამართლეს მოქმედი კანონით არ აქვს უფლება, მისი ვადის გასვლამდე მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე. ერთი დღეც რომ ჰქონდეს დარჩენილი ვადის გასვლამდე, ის თავის შტატს ვერ იყენებს და იძულებულია, გამოიყენოს სხვა ვაკანტური შტატი. ამ ეტაპზე 43 შტატს თუ გადავანაწილებთ ყველა რაიონულ სასამართლოზე, ვიღებთ მოცემულობას, რომ არის თითო და 2-2 ვაკანტური ადგილი. როდესაც ვადის გასვლამდე მოსამართლის დანიშვნა ხდება ამ ვაკანტურ ადგილებზე, ეს მოსამართლე ავტომატურად ტოვებს თავის ადგილს, სადაც განწესებული იყო. ყოველ ჯერზე რჩება იმაზე მეტი ვაკანტური ადგილი, ვიდრე შეიძლება, გეგონოთ", - განაცხადა მიქაუტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა