თინა ხიდაშელი - გაპასიურებული თინა ხიდაშელი სააკაშვილის ოცნებაა. უნდა, საერთოდ აღარ მხედავდეს. პერსონალურად „ვუყვარვარ“ და „გიჟდება“ ჩემთვის

მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება კიდევ მოხსნას რომელიმე ვარსკვლავი, მაგრამ საქართველოში მისი პოლიტიკური სერიალი ძალიან დიდი ხნის წინ დამთავრდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელის შეფასებით, 2014 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე პოლიტიკური ძალაა ქვეყანში, მაგრამ ის ვერასოდეს გახდება პირველი.

„გაპასიურებული თინა ხიდაშელი სააკაშვილის ოცნებაა დიდი ხანია. უნდა, საერთოდ აღარ მხედავდეს. პერსონალურად „ვუყვარვარ“, „გიჟდება“ ჩემთვის და ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც ის ჩემი „ფეისბუკის“ პოსტებს გამოეხმაურა. იმაზე მეტად ვეღარ გააქტიურდება, რაც არ უნდა მოინდომოს მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობა“, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ჰქონდათ შანსები და ყველამ ვნახეთ როგორ დამთავრდა მეორე ტური. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან უზარმაზარი რესურსი იყო გამოყენებული, მოსახლეობის ნაწილს პრაქტიკულად ხელი გადაუგრიხეს და ხმა ისე მიაცემინეს სალომე ზურაბიშვილისთვის, მე ამას მივყვები და ნამდვილად ასე იყო, მოსყიდვის უპრეცენდენტო მასშტაბი იყო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაგრამ როცა ამომრჩეველი მოტივირებულია, ამას ვერაფერი აჩერებს ხოლმე. სააკაშვილმა საკუთარ თავზე გამოსცადა ეს 2012 წელს, როდესაც ასეთივე უპრეცედენტო ძალადობის დემონსტრირებას ახდენდა, უპრეცედენტო მოსყიდვის, უპრეცედენტო დაშინების, მათ შორის, პატიმრებით, რომლებიც ამ ადამიანებს საპატიმროებში ჰყავდათ. ამის მიუხედავად, მოსახლეობამ გარისკა და განსხვავებული არჩევანი გააკეთა, რის შედეგადაც, დამარცხდა სააკაშვილის გუნდი. დიახ, მართალია, რომ ივანიშვილმა აბსოლუტურად აკრძალული წესებით ითამაშა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაგრამ თუკი მოსახლეობას პრობლემა არ აქვს მეორე მხარეს მყოფი პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემის, ასეთ კრიტიკულ მომენტში, მეორე მხარე იგებს ხოლმე. სააკაშვილის კანდიდატმა კი წააგო არჩევნების მეორე ტური. 2014 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე პოლიტიკური ძალაა ქვეყანში და ალბათ, ასეთად ცოტა ხანს კიდევ დარჩება, მაგრამ ის ვერასოდეს გახდება პირველი. მას არ აქვს გამარჯვების რესურსი აქ, ამ ქვეყანაში. არ ვიცი, შეიძლება კიდევ მოხსნას რომელიმე ვარსკვლავი, მაგრამ საქართველოში მისი პოლიტიკური სერიალი დამთავრდა ძალიან დიდი ხნის წინ და არა 2008 წელს. ის სულ ვიღაცას ემუქრება, სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლია, სულ ამ პოზაში დგას, ვიღაც უნდა დააშინოს, ვიღაც უნდა დააშანტაჟოს, ვიღაც უნდა დაანამუსოს, მაგრამ ეს მისგან ძალიან სასაცილოა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს