HUAWEI-ს აღმასრულებელი დირექტორი - მიმდინარე პროცესები კომპანიის განვითარების დაზარალებამდე არ მიგვიყვანს

ამერიკასა და კომპანია HUAWEI-ს შორის მიმდინარე მოვლენებზე, ჩინურმა მედიამ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ რენ ჟენფეისთან.

Google-ის მიერ Android-ის ლიცენზიის შეჩერებასთან დაკავშირებით, HUAWEI-ს პოზიცია კომპანიის დამფუძნებელმა რენ ჟენფეიმ დააფიქსირა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანიებს, რომლებთანაც HUAWEI ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობს. 30 წლის განმავლობაში, სწორედ ისინი დაეხმარნენ კომპანიას ზრდა-განვითარებაში და მათი კონტრიბუცია ძალიან დიდია ამ მიმართულებით, რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს მართალია კომპანიის ზრდა შენელდება, თუმცა არც იმდენად, რამდენადაც ყველა მოელის. ამ წლის პირველ კვარტალში ჩვენი შემოსავალი გაიზარდა 39%-ით, იმავე მაჩვენებლით, რაც იყო შარშან ამ დროს. აპრილში ზრდა 25%-მდე შემცირდა და შესაძლებელია კლება გაგრძელდეს წლის ბოლომდე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ინდუსტრიის განვითარების დაზარალებამდე არ მიგვიყვანს“, - განაცხადა ჟენფეიმ.

კითხვაზე თუ რა გეგმები აქვს კომპანიას იმ 90 დღის განმავლობაში, როცა ამერიკის შეზღუდვები შეჩერებული იქნება, რენ ჟეგფეიმ შემდეგნაირად უპასუხა:

„ამ პერიოდზე მნიშვნელოვანი, ჩვენი საქმის გაგრძელება და კარგად შესრულებაა, რადგანაც აშშ-ს ქმედებებს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, თუ Google-ი შეწყვეტს HUAWEI-ს მხარდაჭერას ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კომპანიის საქმიანობაზე, Google არის ძალიან კარგი კომპანია და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რომ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი“, - განაცხადა ჟენფეიმ.

მისი თქმით, ისეთ სექტორებზე, რომლებშიც HUAWEI-ს ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიები აქვს, როგორიც არის 5G, ამ მოვლენას არამხოლოდ დიდი გავლენა არ ექნება, არამედ გარკვეული უპირატესობაც კი შეიძლება მოუტანოს კომპანიას, რადგანაც კონკურენტები ვერ შეძლებენ მათ ტექნოლოგიასთან გათანაბრებას მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია ჩიპების საკითხიც, რომლებსაც HUAWEI ამერიკელ მომწოდებლებს უკვეთავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათი ამერიკელი პარტნიორები პირნათლად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ამ ეტაპზე, ოფიციალური ვაშინგტონისგან ნებართვის მოპოვებას ცდილობენ. „თანხმობის მიღების შემთხვევაში, HUAWEI კვლავ განაგრძობს ამერიკული ჩიპების შესყიდვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ HUAWEI ვერ მიიღებს საკმარისი რაოდენობით პროდუქციას პარტნიორებისგან, მას პრობლემები არ შეექმნება, რადგანაც გვაქვს საკმარისი რესურსი თავადვე ვაწარმოოთ ისინი“ აღნიშნა ინტერვიუში რენ ჟენფეიმ.

აღსანიშნავია, რომ HUAWEI-ს აქვს 1+1 პოლიტიკა, რის მიხედვითაც გამოყენებული ჩიპების ნახევარი ამერიკული კომპანიებისგან მოდის, მეორე ნახევარი კი HUAWEI-ს წარმოებით იქმნება. „ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის ე.წ „დამოუკიდებელი ინოვაცია“, რაც გულისხმობს დომინანტი მოთამაშის პოზიციის დაკავებას. ჩვენ გვინდა გვყავდეს პარტნიორები მთელ მსოფლიოში და გვსურს, რომ ისინი ფინანსურად ძლიერები იყვნენ“.

რაც შეეხება Hongmeng OS-ის სისტემის გამოყენებას, რენ ჟენფეის ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არ გაუცია და განაცხადა, რომ HUAWEI-ს ნამდვილად შეუძლია საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ჩაანაცვლებს სხვა სისტემებს. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა რომელი სისტემის გამოყენება იგეგმება და რომლის არა.

შეგახსენებთ, რომ HUAWEI-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით მომხმარებლებს მღელვარების საფუძველი არ აქვთ. ამ დრომდე გამოსულ და გაყიდვაში მყოფ სმარტფონებზე შეზღუდვები არ იმოქმედებს. უფრო მეტიც, ამ დრომდე წარმოებულ სმარტფონებსა და პლანშეტებზე უცვლელად გაგრძელდება Google-ის უსაფრთხოების სისტემების განახლება და სხვა გაყიდვების შემდგომი სერვისები. HUAWEI-ს ამჟამინდელ მომხმარებლებს არ შეეზღუდებათ Google-ის სერვისებზე წვდომა, როგორიც არის Google play, Gmail და სხვა. შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც წარმოდგენილია მაღაზიებში ან/და წარმაოდგენს გასაყიდ მარაგს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია: https://www.facebook.com/HuaweimobileGE/videos/323618131648684/

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს