"რუსთავი 2" საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვიდან, საქართველოს წარმომადგენლის მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, მათ აქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ ხელისუფლებასა და ჭანტურიას შორის არსებობს კომუნიკაცია და ჭანტურია იღებს ინსტრუქციას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე. გვარამიას თქმით, ეს ინფორმაცია მას სახელისუფლებო მაღალი დონის წყაროებიდან აქვს.

„ჩვენი ინფორმაციით, უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელსუფლებასთან და იგი იღებს ინსტრუქციას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე და მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. ეს სარჩელიც, რომელიც სასამართლოშია შესული, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და ამ სქემის ნაწილია, სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, შედგა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამართლო კოლეგიის მიერ. პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს გარკვეული შენიშვნებით. ეს არის ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებით არის ჩვენთვის ცნობილი იუსტიციის სამინისტროს წყაროებიდან და თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროს ეს ინფორმაცია მიაწოდა ლადო ჭანტურიამ, რაც სამოსამართლეო ეთიკის უხეში დარღვევაა და წარმოადგენს სტრასბურგის განაწესების უხეშ დარღვევას. ამ საფუძვლით ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია, რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ევროპული კონვენციით დადგენილია, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არის არა დოკუმენტურად დადასტურებული მისი მიკერძოება, არამედ ის შემთხვევაც, როდესაც ის არ გამოიყურება ნეიტრალური საზოგადოების თვალში.

„ლადო ჭანტურია „რუსთავი 2“-თვის და ყველა იმ მაყურებლისთვის ვინც მხარს უჭერს „რუსთავი 2“-ს არ გამოიყურება სათანადოდ მიუკერძოებლად, შესაბამისად, ჩვენ ვაცხადებთ მის აცილებას, მათ შორის იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკვე მოგახსენეთ. რამდენიმე თვეა მუსირებს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მოიგებს ამ საქმეს. ჩვენ აქამდე ხმა არ ამოგვიღია, იმიტომ რომ პატივს ვცემდით სასამართლოს და არ გვინდოდა ამ სპეკულაციებზე აყოლა, მაგრამ ახლა დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს ლადო ჭანტურიას და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთშეთანხმებული ქმედების, კოორდინაციის და ინსტრუქციების გაცვლა-გამოცვლის შესახებ. მთავარი მუშაობა, რომელსაც ჭანტურია სასამართლოში აწარმოებს, ეხება დროებით ღონისძიებას. მთავარი ამოცანაა დროებითი ღონისძიების მოხსნა, იმდენად რამდენადაც სხვა ნაწილში პარტნიორების დამარცხება პირადად ჩვენც მიგვაჩნია აბსოლუტურად შეუძლებლად. დროებითი ღონისძიების მოხსნისთვის საჭიროა „რუსთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით მუშაობს ლადო ჭანტურია ხელისუფლებასთან შეთანხმებით და პლუს ამ სქემის ნაწილია ის სარჩელი, რომელიც არაფრისმთქმელია, მაგრამ საბუთად მოჰყავს საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს, რომ კომპანია არის გაკოტრების წინაშე და თუ დროებითი ღონისძიება არ მოიხსნება, მაშინ კომპანია გაკოტრდება და ვერ გადარჩება. იმ ვითარებაში, თუ დროებითი ღონისძიება მოიხსნება ვიდრე სამართლიანი სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე, დაიხურება არამარტო „რუსთავი 2“, არამედ დაიხურება ქვეყანა სახელწოდებით საქართველო და დემოკრატია ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა