დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე - აუცილებელია, მაშინ, როდესაც კომისია მუშაობს, იმის აღქმაც კი არ შეიქმნას, რომ სტატუს ქვო იცვლება

დავით-გარეჯთან დაკავშირებით მთავარია, იყოს მზაობა, პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევის მიზნით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მან ისაუბრა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაწყებულია და მუშაობს სადელიმიტაციო კომისია.

"აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაწყებულია. სადელიმიტაციო კომისია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა, მისი მუშაობა განახლებულია. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რა მოცემულობაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ. აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ ამ კომისიის ფარგლებში ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ჩვენმა დელეგაციამ, რომელიც 23-24 მაისს მონაწილეობას იღებდა დიალოგსა და მოლაპარაკებებში, დააყენა ყველა საკითხი, რადგანაც აუცილებელია, მოლაპარაკების პროცესში, მაშინ როდესაც კომისია მუშაობს, იქ იმის აღქმაც კი არ შეიქმნას, რომ სტატუს ქვო იცვლება. აუცილებელია, არ მოხდეს ინტერპრეტაციები. მიღწეულია შედეგი, რომ იქ შეჩერებულია ყოველგვარი მუშაობა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს აზერინაიჯანელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით დიალოგს. ასევე, მიღწეულია შეთანხმება, რომ ექსპერტები ადგილზე გააგრძელებენ მუშაობას, ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე. 90-იანი წლებიდან დაწყებული უმძიმესი მემკვიდრეობა მოდის დღემდე და ვერც ერთი, ორი და ვერც სამი რაუნდით ეს ვერ გადაწყდება. მაგრამ მთავარია, იყოს მზაობა, პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებზე დაფუძნებით და რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევის მიზნით. რაც შეეხება აქციას, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, კომისიის ფარგლებში განიხილება ყველა მანამდე არსებული მოლაპარაკების ნიუანსი.

"არის უამრავი ფაქტი. ძირითადი მოლაპარაკება მიმდინარეობს 1996 წლის ოქმზე და ამ ოქმთან დაკავშირებულ შესაბამის რუკებზე. დეტალებში წასვლა არ მინდა, რადგან ისინი ძალიან სპეციფიკურია. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იმ ფონზე, რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ ქედს მიღმა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები. ბუნებრივია, ამის შესახებ საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა განმარტებები და აღნიშნა, რომ აუცილებელია, შეწყდეს ეს ქმედებები, რათა ელემენტარული აღქმაც კი არ დარჩეს იმისა, რომ სტატუს ქვო იცვლება ან რაღაც გადაადგილების არსებული სტატუსი იცვლება. მოვითხოვეთ, რომ შეჩერებულიყო და შეჩერებულია. აუცილებელია, დელიმიტაციის პროცესის მოლაპარაკებები სანამ მიმდინარეობს, იყოს ეს სტატუს ქვო შენარჩუნებული, რათა წყნარად და იმ მიმართულებით განვითარდეს მვლენები, როგორც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებსა და აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება", - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა