მიხეილ ბატიაშვილი - ძალიან გვიხარია, რომ დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემა  განათლებაა. ცოდნას ნამდვილად მივყავართ თავისუფლებამდე, სწორედ განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არის წარმოდგენილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, სამინისტროსა და მისი სსიპ-ების მიერ ორგანიზებული სტენდები დაათვალიერა, სადაც არაერთი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება ტარდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ უკანასკნელ წლებში დამკვიდრდა საინტერესო ტრადიცია და 26 მაისი საყოველთაო ზეიმად იქცა.

„წელს კი, ძალიან გვიხარია, რომ დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემა განათლებაა. ცოდნას ნამდვილად მივყავართ თავისუფლებამდე, სწორედ განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს. „გააზიარე ცოდნა“, „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.

წლევანდელი 26 მაისის თემიდან გამომდინარე, ჩვენი სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს საზეიმო, შემეცნებით, გასართობ ღონისძიებებს. აქტიურად ვართ წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისში, შინდისში, ახალქალაქსა და მარნეულში - მრავალი საგანმანათლებლო, კულტურული, სამეცნიერო, შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებით. გარდა ამისა, სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს 10 ქალაქში ( ახალციხე, ოზურგეთი, თელავი, გორი, მესტია, ამბროლაური, ფოთი, ზუგდიდი, მარნეული, ახალქალაქი) დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტები გაიმართება“ - განაცხადა მინისტრმა, რომელიც დღევანდელ დღესასწაულზე ბავშვები, მოზარდები, მათი მშობლები და ყველა მოქალქე მიიწვია, რათა 26 მაისის არაჩვეულებრივი დღესასწაული ყველამ ერთად იზეიმოს.

კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოადგენენ სხვადასხვა საგანმანთლებლო და კულტურულ აქტივობას, მათ შორის - არქეოლოგიური გათხრების იმიტაციას, ქიმიურ ექსპერიმენტებს, ნაჩვენები იქნება შუა საუკუნეების საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის პროცესი, საზოგადოება იხილავს „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული ახალგაზრდების გამოგონებებს, გამოიფინება სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შექმნილი წიგნები.

რუსთაველის გამზირზე, თეატრალური უნივერსიტეტისა და რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარმოდგენილი იქნება არაერთი კულტურული ღონისძიება. მათ შორის - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მოაწყობს სამხატვრო კაფე / სახელოსნოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კი კულტურული მემკვიდრეობის კაფე/სახელოსნოში დამთვალიერებელს გააცნობს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“, ვირტუალურ-შემეცნებით ტურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ა.შ. ასევე, მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა, თბილისის გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი კი

წარმოადგენს სპექტაკლს. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ასევე მოეწყობა მხატვარ ანკა კალატოზიშვილისა და თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების სკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.

რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინება 15 საინფორმაციო პილონი, რომლებიც საზოგადოებას ახალგაზრდა ქართველ წარმატებულ ხელოვანს გააცნობს.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამინისტროს ორგანიზებით წარმოდგენილი იქნება სპორტული აქტივობები - ფარიკაობა, ძალოსნობა, სამაგიდო თამაშები, სპორტული ავტომობილების გამოფენა, ქუჩის კალათბურთი, ხელბურთი და სხვა. ამ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს