ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმოდ გაფორმებულია დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი. ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს კი 26 მაისის ლოგოთი ბრენდირებული საჩუქრები დაურიგდათ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოს გულიდან - ქუთაისიდან. დღევანდელ დღეს, 26 მაისს საქართველოში, ჩვენი აეროპორტით ჩამოსულ სტუმრებს, ასევე გამფრენ მგზავრებს საშუალება აქვთ, მიიღონ საჩუქრები და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო. ყველა მათგანი ამ დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ბრენდირებით არის შექმნილი“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

26 მაისთან დაკავშირებით ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქვეყნის სამივე საერთაშორისო და ორი ადგილობრივი აეროპორტის გაფორმება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთო კონცეფციით განახორციელა.