ნათია თურნავა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ვულოცავ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქედან, მარნეულიდან - ეს არის ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი, სადაც ძალიან მშრომელი, ძალიან პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მარნეულში განაცხადა, სადაც მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავას თქმით, 26 მაისი ის დღეა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მარნეულში მოწყობილი პავილიონები დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული და საგანმანათლებლო ექსპონატები - 26 მაისის ღონისძიებებში ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ჩართულობით მომზადდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დამოუკიდებლობის დღე ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას მიეძღვნა, მარნეულში ჩატარებული ღონისძიებების მთავარი დევიზიც ასეთი იყო - „გააზიარე ცოდნა“.

ნათია თურნავა ასევე ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებითაა წარმოებული. მინისტრი ასევე დაესწრო ტურნირს ქართულ ჭიდაობაში და გამარჯვებულ ფალავანს ბაჩა პაპუნაშვილს თასი გადასცა.

„მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად მოწყობილი გვაქვს ადგილობრივი ნაწარმის საინტერესო, მრავალფეროვანი გამოფენა. ეს არის ადგილობრივი მცირე და მიკრო მეწარმეების ნაწარმი და აქ გამოყენებულია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ფინასური დახმარების, ფინანსური პროგრამების, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაური ადამიანები ძალიან მშრომელები, ძალიან ინიციატივიანები არიან, მოგვმართავენ ჩვენ, „აწარმოე საქართველოში“ გრანტებისთვის, სხვა სახის ფინანსური დახმარებებისთვის და ავითარებენ საკუთარ ბიზნესს“, -განაცხადა მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რეგიონებში ბიზნესის, მათ შორის მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეს მხარდაჭერა.

მარნეულში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 17:10 სთ-ზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დასრულდა. 26 მაისის ღონისძიებებში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელთა მუშაობასაც კოორდინაციას უწვევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს