ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2019

ხათუნა ლაგაზიძე - “სტრატეგიული პარტნიორობა ვასალობას არ ნიშნავს!”

რა ხდებოდა ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და რას გეგმავენ აზერბაიჯანელი აქტივისტები 28 მაისს

შალვა შავგულიძე - “ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ “ოცნება” უსამართლობის გზას დაადგა”

რუსეთიდან მომავალი ბირთვული საფრთხის გამო ნატო სამხედრო სტრატეგიას ცვლის

ლაშა თორდია - “სრულ გიჟად უნდათ გამომაცხადონ”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “სტრატეგიული პარტნიორობა ვასალობას არ ნიშნავს!”

“დავითგარეჯის გარშემო არსებული ვითარება სწორედ ის სიტუაციაა, როცა არა გვაქვს პასუხი კითხვაზე: სად გადის ზღვარი საქართველოს ხელისუფლებების სიფრთხილეს, სიხარბესა და სიბრიყვეს შორის? ეს ყველა ხელისუფლებას ეხება, მარტო დღევანდელს ხელს ვერ შევახოცავთ. ძნელია ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე მხოლოდ მოკლე კომენტარი. ამიტომ მხოლოდ ამას ვიტყვი: 1. სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს ვასალობას; 2. ქვეყნის უსაფრთხოება არ შედგება მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოებისგან და ქვეყნის ტერიტორიების შენარჩუნება მუცლის ამოყორვაზე დიდი ღირებულებაა; 3. იმავდროულად, ემოციებს აყოლამ და ურაპატრიოტიზმმა ქვეყნის 25% ოკუპირებულად აქცია; 4. გვახსოვდეს, რომ მრავალეთნიკური და რელიგიური ქვეყანა ვართ, და 5. ისიც გვახსოვდეს, რომ გვყავს ჩვენზეც და აზერბაიჯანზეც ძლიერი მეგობარი, რომელსაც შეიძლება ვთხოვოთ მედიატორობა. გამოსავალი არც ტერიტორიების დათმობაშია და არც აზერბაიჯანთან კონფლიქტში. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია და უნდა გვეყოს გონიერება ოქროს შუალედის მისაგნებად”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სტრატეგიული პარტნიორობა ვასალობას არ ნიშნავს!” / “ოპოზიციას საარჩევნო ურნასთან ვერ მიჰყავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და როგორ წარმოგიდგენიათ, მან ხალხი ქუჩაში გაიყვანოს...”

“ფაქტია, 19 მაისის არჩევნები იყო ძალიან მტკივნეული სილა ოპოზიციისთვის, მაგრამ სილაგალაწუნებულიც ვერ ხვდება, რა გზას უნდა დაადგეს და მთაწმინდაზე ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერაზე უარს ამბობს... მიუხედავად “ქართული ოცნებისადმი” უარყოფითად განწყობილი ელექტორატისა, საარჩევნო უბნებამდე მისი მიყვანა ვერ მოახერხა ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა ერთად. რატომ არ მივიდა არჩევნებზე ამომრჩეველი? იმიტომ, რომ ხვდება - მისი ძალისხმევა ფუჭად დაიკარგებოდა, რადგან ვერც ერთ ოპოზიციურ კანდიდატში გამარჯვების რესურსი ვერ დაინახა. საზოგადოებას არ სჯერა ოპოზიციის უნარიანობის, ოპოზიცია ვერ ახერხებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაინტერესებას და საარჩევნო უბანზე მიყვანას. სავარაუდოდ, იმავე სურათს მივიღებთ 2020 წლის არჩევნებზეც, ანუ იქნება საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის ბევრი ოპოზიციური კანდიდატი, რომელთა შორის ამომრჩეველი კვლავ დაიქსაქსება და ასე ცალ-ცალკე, ბრინჯივით დაბნეული ოპოზიციის რესურსი ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ქვეყნის სათავეში მყოფი “ქართული ოცნება” შეიცვალოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ კიდევ ერთი რამ - ოპოზიციის ნაწილი, ისევე როგორც 2016 წელს, ახლაც ბოლო მომენტამდე იქნება იმის იმედად, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუძახებს და მომავალი საპარლამენტო კოალიციის წევრობას უბოძებს. ზუსტად ასევე ელოდნენ მის კეთილ ნებას “თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკელები თუ “ეროვნული ფორუმი” 2016 წლის არჩევნების წინ, იმედოვნებდნენ, რომ მიუხედავად კოალიციის დაშლისა, ივანიშვილი მათ მაინც მოიაზრებდა პარტნიორებად, რითაც მხოლოდ დრო დაკარგეს. როცა მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლად უნდა ებრძოლათ, უკვე გვიანი იყო. დღესაც ამ ფუჭ იმედად არის ბევრი, ხელისუფლებას კი აწყობს მაქსიმალურად დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრი. ოპოზიციას საარჩევნო ურნასთან ვერ მიჰყავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და როგორ წარმოგიდგენიათ, მან ხალხი ქუჩაში გაიყვანოს? გვახსოვს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” როგორ დააპირა ხალხის ქუჩაში გაყვანა სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციებისას, მაგრამ როგორც კი ის გამოჩნდა პროტესტის სათავეში, აქცია შეწყდა. მეტიც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თითქმის 800 000 ხმა მიიღეს და დააანონსეს ფართომასშტაბიანი მიტინგები და წინააღმდეგობის მოძრაობა, 800 კაციც ვერ გამოიყვანეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რა განსაზღვრავს ხალხის ასეთ განწყობას, ეს ცალკე კვლევის საგანია, მაგრამ ეს არის რეალობა: ხელისუფლებისთვის პრინციპული საფრთხე საზოგადოებაში საპროტესტო განწყობის ზრდა კი არ არის, არამედ ამ ოპოზიციური განწყობის ქუჩაში გადატანა და სანამ ეს პროტესტი სამზარეულოებსა და სოციალურ ქსელებშია, მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი ემუქრება... ჩემთვის ცოტა გაუგებარია ენ-დი-აის კვლევის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს აქვს მიხეილ სააკაშვილზე დიდი უარყოფითი რეიტინგი, როდესაც რეალურად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამომრჩეველი როგორ აძლევს ხმას `ქართულ ოცნებას~ და ბიძინა ივანიშვილს. ცხადია, დიდია ადამიანთა რიცხვი, რომელთაც არც ერთი პარტია არ მოსწონთ და ამას თუ დავუმატებთ იმათ პროცენტებს, ვინც საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე, გამოდის, რომ ამომრჩევლის თითქმის 50% სრულ უნდობლობას უცხადებს ხელისუფლებას, ანუ მმართველი პარტიის რეიტინგი კვლევის მიხედვით 21%-ია. თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” დიდი წარმატებით გაართვა თავი შუალედურ არჩევნებს და 50%-იანი ბარიერი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უპრობლემოდ გადალახა. როგორ იქცა ეს 21% არჩევნებზე 50 და მეტ პროცენტად? სრულიად მარტივად - მიშას ჯადოსნური ჯოხით - 2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნების წინ, იჭერს ჯადოსნურ ჯოხს და დიდი გულმოდგინებით მიერეკება ჩვენი საზოგადოების ნაწილს “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად” - ეს ხალხი “ქართული ოცნების” ამომრჩეველი არ არის, ისინი ე.წ. “ანტიმიშა” ამომრჩევლები არიან, - განმარტავს ექსპერტი.

“საზოგადოების ნაწილის იმედგაცრუებას იწვევს სააკაშვილის ტაქტიკაც - დაანონსდება “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება, აქციები, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ა.შ., საბოლოოდ კი არაფერი ჩანს, რაც დიდ ნიჰილიზმს ბადებს ამომრჩეველში. არადა, სააკაშვილი არის ამ პარტიის მასაზრდოებელი და მის გარეშე პარტიის დღევანდელი შემადგენლობა “ევროპული საქართველოს” რეიტინგზე დავიდოდა, თუმცა სააკაშვილთან ერთად, ის ხელისუფლების შეცვლის გზაზე მთავარი ბარიერი და “ქართული ოცნების” შენარჩუნების გარანტია - მოკლედ, საოცარი დილემაა! უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, რამდენად კიდევ მეტად დაშლის ამ პარტიას ის წინააღმდეგობები, რომლებიც მოჩანს “ნაციონალურ მოძრაობაში. ყოველ შემთხვევაში იმის საფუძველი, რომ ამ პარტიის ბაზაზე კიდევ ვიხილოთ პარტიული წარმონაქმნები, არსებობს”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“ქართული ოცნებისთვის” 19 მაისს მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა მნიშვნელოვანი იყო ორი ფაქტორის გამო: პირველი - ოპოზიციური ელექტორატისთვის ეჩვენებინათ, თქვენს არჩევნებზე მოსვლას აზრი არა აქვს, რადგან მაინც ჩვენ გავიმარჯვებთო; მეორე - გამარჯვება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა “ქართული ოცნების” შესაკრავად. ბოლო დროს თითქმის “ყველა მოსახვევში” პარტიას ვიღაც ტოვებდა, ამ გამარჯვებით კი აჩვენეს, მომავალი ხელისუფლება ისევ ჩვენ ვართ და თქვენს გაქცევ-გამოქცევას არანაირი პერსპექტივა არა აქვსო! ამიტომაც მგონია, `ოცნება~ ყველაფერს გააკეთებს, რომ მთაწმინდის არჩევნებიც მოიგოს... ვიმეორებ - მთაწმინდის ოლქში გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რათა დაანახოს ამომრჩეველს, რომ ოპოზიციას ერთ კანდიდატზე შეჯერების შემთხვევაში შეუძლია მთაწმინდაზეც და სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც დაამარცხოს ხელისუფლება. თუ ეს რწმენა გაჩნდა ხალხში, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი 2020 წელს ამ ხალხის არჩევნებზე მისაყვანად” - დასძენს ლაგაზიძე.

რა ხდებოდა ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და რას გეგმავენ აზერბაიჯანელი აქტივისტები 28 მაისს

“დამოუკიდებლობის დღე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსშიც აღნიშნა. საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა 26 მაისი ჩიჩხიტურში იზეიმეს. მათ ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს და ჰიმნი შეასრულეს. ადგილზე 26 მაისს დილიდან მივიდნენ მოქალაქეები, როგორც კახეთის რეგიონიდან, ასევე თბილისიდან. ამის მიზეზი კი 25 მაისს ჩიჩხიტურის მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან გზის გაყვანის პროცესი გახდა, რომელსაც ადრე ახორციელებდა. ამ ეტაპზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა გახსნა. მოქალაქეები, როლებმაც მონასტერში ასვლა მოახერხეს, აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გეგმა შეასრულა და გზა ჩიჩხიტურამდე უკვე გაყვანილია - 5-დღიანი მუშაობა 25 მაისს გვიან ღამით დაასრულეს. იქ შეკრებილი მოქალაქეების ინფორმაციით, 28 მაისს, აზერბაიჯანის მოქალაქეები, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ადგილზე დროშებით ასვლას აპირებენ. ამიტომაც ისინი იქ ყოფნას მანამდე გეგმავენ, სანამ ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რა ხდებოდა ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და რას გეგმავენ აზერბაიჯანელი აქტივისტები 28 მაისს / ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი კომისიის წევრები ამ დღეებში დავით გარეჯში ჩავლენ.

“როგორც ცნობილია, ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა 12 წლის განმავლობაში, 2007 წლიდან ჩაკეტილი იყო. გზა 5 მაისს, აზერბაიჯანულმა მხარემ გახსნა, თუმცა 16 მაისის შემდეგ, ის ისევ ჩაკეტეს და ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიამდე მისვლას ვერავინ ახერხებდა. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადაო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა. მოქალაქეები, რომლებიც 26 მაისს ჩიჩხიტურის მონასტერში იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანული მხარისგან გარკვეულ პროვოკაციებს ელოდებიან. “გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს ტერიტორია მუდმივად იქნება გახსნილი”, - განაცხადა მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ. საქართველოს საპატრიაქროს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტროიაზე გზის გაყვანითი სამუშაოები აზერბაიჯანის მხრიდან ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკაც გაყვანილია. დეკანოზი გარეჯში იმყოფებოდა და სიტუაციას ადგილზევე გაეცნო. როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს საგზაო სამუშაოები ჩიჩხიტურის მონასტერთან საკმაოდ ახლოს არის მისული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ერთი ცხადია - ეკლესია ვერაფრით შეეგუება, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ირღვევოდეს. საკმაოდ რთული პროცესი მიდის, ეკლესია ამ დეტალებში თანდათან უნდა გაერკვას. საპატრიარქო ძალიან ყურადღებით იქნება, თუ მოვლენები როგორ განვითარდება და ამ პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული. ხალხის მოთხოვნაა, რომ ეს მოლაპარაკებები და პროცესი გამჭვირვალე იყოს. ამიტომაც ჩვენ გვმართებს, რომ თითოეული დეტალი გასაგები იყოს და ზუსტად ვიცოდეთ რა პროცესი მიმდინარეობს. აქ პრობლემა საერთოა - სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც ერთი მიზნები გვაქვს. შესაბამისად, საზოგადოების მოთხოვნაც ლეგიტიმურია, რომ ორივე მხარე ამ საკითხში აქტიურად ვმონაწილეობდეთ”, - აცხადებს ჯაღმაიძე. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, - “მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, რომელიც ახლა დასვით, სამუშაოები შეჩერდა”. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ასეთია ბაქოში გამართული კომისიების სხდომის შედეგების მოკლე ფორმულირება”, - განაგრძობს გამოცემა.

“მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართა კომისიების სხდომა ბაქოში. მისი მოკლე ფორმულირება არის შემდეგი - მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, უნდა მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა. რაც შეეხება დავით გარეჯთან დაკავშირებულ სიტუაციას, ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ კომენტარს”, - თქვა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მუშაობა განაახლა. რიგით მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა. მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე ექსპერტების დონეზე შეთანხმდნენ, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაგრძელდება. “ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, ჯერ შეჯერებული პოზიციები არ არის. საექსპერტო ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას უშუალოდ ადგილზე. შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩავლენ ადგილზე, კიდევ ერთხელ ჩაატარებენ საველე სამუშაოებს, რომლის შემდეგაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება და გააგრძელებს მუშაობას საერთო პოზიციების შეჯერებაზე”, - განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლაშა დარსალიამ „პირველი არხის“ ეთერში”, - დასძენს გამოცემა.

შალვა შავგულიძე - “ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ “ოცნება” უსამართლობის გზას დაადგა”

“ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში არ შეწყვეტილა ანტიკამპანია და ცილისმწამებლური განცხადებები, იყო ძალადობაც და მუშტი-კრივიც, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. დარწმუნებული ვარ, “ევროპელებთან” გაერთიანება აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენ ერთნაირად ვხედავთ ქვეყნის მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მწვავე ოპონენტები ვიყავით. თუკი რაიმეს ვაკრიტიკებდით და ვეწინააღმდეგებოდით, ყველა ის ნეგატივი, “ოცნებამ” გადაიბარა”, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მოსაბოდიშებელი არავის წინაშე არაფერი მაქვს” / “მე ვიცი, რატომ წამოვედი „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ რატომ წავიდა კახაძე ასეთ “ოცნებაში”?! / “სულხან მოლაშვილს არც ბოკერია და არც სხვა გვარი არასდროს დაუსახელებია, არ უთქვამს, ვინ მიაყენა დაზიანებები”.

“ამ პოლიტიკურმა ძალამ გაიაზრა ის შეცდომები, რომელიც მათი მმართველობის დროს იქნა დაშვებული. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს - უმთავრესია საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენთვის მიუღებელია ავტორიტარული მმართველობა. პირადად მე აზრი არ შემიცვლია, როგორც მიმაჩნდა “ნაცმოძრაობის” მმართველობისას, რომ უსამართლობას უნდა ებრძოლო, ასე ვთვლი ახლაც. ახლა კიდევ უფრო უარესად გვაქვს საქმე, ვინაიდან ივანიშვილმა ინსტიტუციურად უფრო დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა. ადვოკატობისას პირნათლად მოვიხადე ვალი გირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახების წინაშე. ამ ხელისუფლებამ კი არა მარტო ინსტიტუციურად დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა, წინა ხელისუფლების მსახურებით გამორჩეულ მოსამართლეებს ჩააბარა. საჭიროა ამასთან ბრძოლა, რათა აღარ განმეორდეს ახალი გირგვლიანები, მოლაშვილები, ნაცვლიშვილები....” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა შავგულიძე.

“როცა წინა მოწვევის პარლამენტმა ერთ-ერთი ცუდი კანონი მიიღო, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს პირდაპირ ვუთხარი, რომ ასეთი კანონები აუცილებლად გააჩენდა ქვეყანაში ახალ გირგვლიანებს და ასეც მოხდა - 2 წელია ქუჩაში დგანან ხელისუფლების უსამართლობით გატანჯული შვილმოკლული მამები და ამაოდ ელიან სამართალს. ასე რომ, მოსაბოდიშებელი არავის წინაშე არაფერი მაქვს. თუ წინა ხელისუფლების დროს იყო საჭირო ადამიანის უფლებების დაცვა, საჭიროა დღესაც. იმის შიშით, რომ ივანიშვილმა რაღაც არ დამაბრალოს, ნამდვილად არ გავჩუმდები და უსამართლობას არ ავიტან”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რამდენიმე დღის წინ გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შავგულიძემ მითხრა, თავდაპირველად არ ვიცოდი, თუ მოლაშვილის წამებაში გიგა ბოკერია მონაწილეობდაო”, - პასუხობს: “ხაინდრავას პრობლემა იყოს, რასაც ამბობს. რაც შეეხება წამებას, სულხანს ჩემთვის ამგვარი არაფერი უთქვამს, მე როგორ ვიტყოდი? მე სულხანის ადვოკატი ვიყავი მისი დაკავების პირველივე წუთიდან. მეტსაც გეტყვით, ჯერ დაბარებულიც არ იყო, როდესაც მთხოვა, დამეცვა მისი უფლებები, რადგან დაკავებას ელოდებოდა. სულხანს არც ბოკერია და არც სხვა გვარი არასდროს დაუსახელებია, არ უთქვამს, ვინ მიაყენა დაზიანებები. გამოძიებას არ დაუდგენია, კონკრეტულად ვინ მიაყენა ჭრილობები”.

“მე ვიცი, რატომ წამოვედი “ქართული ოცნებიდან” და ამის მიზეზი არაერთია, მაგრამ რატომ წავიდა ლადო კახაძე ასეთ “ოცნებაში”?! ხელისუფლებაში ერთი კოალიციით მოვედით, ერთად ვპირდებოდით საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ არასრული 2 წელი გახდა საჭირო, დავრწმუნებულიყავი, რომ ბიძინა ივანიშვილს თურმე სულაც არ ჰქონია გუნებაში სამართლიანობის აღდგენა. მას მხოლოდ მართვადი პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. სჭირდებოდა. ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ “ოცნება” უსამართლობის გზას დაადგა. მეორე მიზეზი - “ოცნების” საგარეო და საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე შენელდა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის ტემპი. იმძლავრა რუსულმა შემოტევებმა და ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია, მან დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები თავიდან მოიშორა. მისი სურვილი იყო დაეშალა ეს პარტიები და ამით ხელს უწყობს რუსული ძალების გაძლიერებას”, - მიიჩნევს შავგულიძე.

“ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ხომ ნახეთ, 9 მაისი როგორ აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ნინოწმინდაში. იქ აქცია აკრძალული საბჭოური სიმბოლიკებით ჩატარდა, ისმოდა განცხადებები, რომ რუსეთი განმათავისუფლებელია და არა ოკუპანტი. აქციაში “ქართული ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანიც მონაწილეობდა. ამის თაობაზე ივანიშვილს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, მათ შორის აქციაში მკოიანის მონაწილეობაზე. ის მხოლოდ იმას ცდილობს, განდევნოს პოლიტიკიდან დასავლური­ ორიენტაციის ძალები და ხელი შეუწყოს რუსული გავლენის მომძლავრებას ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ დროული იყო ჩვენი და “ევროპული საქართველოს” - ორი მკაფიო დასავლური ძალის გაერთიანება. მომავალში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ. საჭიროა პროდასავლური პოლიტიკური ძალების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია კოორდინირებული მოქმედება, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობასთან”... მთაწმინდის საარჩევნო ოლქს აქვს შანსი გახდეს პირველი მაჟორიტარული ოლქი, სადაც საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილი წააგებს. ვფიქრობ, ოპოზიციის ყველა ამომრჩეველი არ მოვიდა არჩევნებზე, თუ ჩვენ შევძლებთ ამ პერიოდში ხალხის მობილიზებას, გამარჯვების შანსი გვაქვს”, - დაასკვნის გაერთიანებული ოპოზიციის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი.

რუსეთიდან მომავალი ბირთვული საფრთხის გამო ნატო სამხედრო სტრატეგიას ცვლის

“გასულ კვირას ნატო-ს სამხედრო ექსპერტებმა ალიანსის ახალი სამხედრო სტრატეგიის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც რუსეთის მხრიდან ბირთვული ომის საფრთხის ზრდითაა გამოწვეული. ამის შესახებ ნატო-ს გენმდივანმა იენ სტოლტენბერგმა გერმანულ “დი ველტთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ნატოს სტრატეგიის პირველი წვლილება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსს ახალი გამოწვევები აქვს ნატო-ს სამხრეთ და აღმოსავლეთ ფლანგებზე. მისივე შეფასებით, ნატო-სთვის საჭიროა ახალი სამხედრო კონცეფცია “სრული უსაფრთხოების” მისაღწევად და მომავალში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთიდან მომავალი ბირთვული საფრთხის გამო ნატო სამხედრო სტრატეგიას ცვლის.

“ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ნატო-ს მიერ სამხედრო სტრატეგიის ცვლილებაზე “ბირთვული საფრთხის” არსებობის გამო ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს: “ამ საკითხთან დაკავშირებით ვარშავაში ომის კვლევების უნივერსიტეტში ვიყავი მეც და დახურული მოხსენება მქონდა, სადაც ამის შესახებაც მითხრეს. აქ საუბარია ახალი სტრატეგიული კონცეფციის შედგენაზე, რომელიც დაეფუძნება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კონტრქმედებას და ნატო აამოქმედებს ბითვული შეკავების პოლიტიკას. ამოქმედდება ბირთვული დაგეგმარების კომიტეტი და ის ელემენტი, რაც ცივი ომის პერიოდში იყო. კომიტეტის ამოქმედების შემდეგ შემუშავდება რუსეთის ბირთვული ტერორის საწინააღმდეგო კონცეფცია, ანუ როგორ დააბალანსონ რუსეთის მიერ ბირთვული-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, ბირთვული ქობინების განლაგების საწინააღმდეგო ქმედება. ე.წ. გერასიმოვის დოქტრინის მიხედვით, რუსეთმა მიიღო დადგენილება, რომ პირველი გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს. აქედან გამომდინირე ნატო-ც საპასუხოდ მოქმედებს“, - ამბობს მაისაია. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა თქვა, რომ ნატო-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება პროვოცირებული იყო 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ნატო იღებს ახალ სტრატეგიას. მისი თქმით, ეს გამოწვეულია ახალი სიტუაციითა და გამოწვევებით, რაც აქტუალური გახდა 2014 წლის შემდეგ, ანუ რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ჯერ ოკუპაციის, შემდეგ კი ანექსიის შედეგად. საერთოდ, 2010 წლიდან მიიღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია და გამოდის, რომ მას ცვლიან. წესით, ნატო-ს ეს პირველად ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა ეგრძნო, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღდეგ განახორციელა აგრესია, მაგრამ მაშინ ნატო-მ “წაუყრუა” ამ სერიოზულ პრობლემას, რასაც რუსეთის მიერ “ბრჭყალების გამოჩენა” ჰქვია. ეს იყო მას შემდეგ, რაც მან მეტ-ნაკლებად მოაგვარა ჩეჩნეთის პრობლემა ჩრდილოეთ კავკასიაში. აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთის გაძლიერება დასავლეთში, ანუ უშუალოდ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და ასევე სამხრეთში - იგულისხმება შავი ზღვის რეგიონიც, უკვე სიფრთხილეს მატებს ნატო-ს, რადგამ მისი წევრი ქვეყნები, პირველ ყოვლისა ეს არის ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ბულგარეთი - სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ახალი სამხედრო სტრატეგია თითქმის მთლიანად “ცივი ომის” დროინდელ სტრატეგიულ კონცეფციაზე იქნება დაფუძნებული: “რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ “ცივი ომის” პერიოდში, 1990 წლამდე როგორიც იყო სტრატეგიული კონცეფცია, მის საფუძველზე აიგება ახალი კონცეფცია. ფაქტობრივად, “ცივი ომის” პერიოდის დოქტრინის სტრატეგიის აღდგენაზეა საუბარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, პატარა განსხვავება იქნება”, - განმარტა მაისაიამ. ირაკლი ალადაშვილის თქმით, სამხედრო სტრატეგიის ცვლილების მიუხედავად, ჯერჯერობით ჩრდილოატლანიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარება საჭიროა ელემენტარულად იმისთვის, რომ ნატო-მ თავისი ფუნქცია შეასრულოს და დაიცვას უკვე წევრი ქვეყნები”, - დასძენს გამოცემა.

“მას შემდეგ, რაც ნატო-მ შეცვალა თავისი სტრატეგიული გეგმები და ძირითადი ყურადღება საერთაშორისო ტეორიზმთან ბრძოლაზე გადაიტანა მათ გამორჩათ ის, რომ რუსეთმა ნელ-ნელა თავისი პრობლემების მოგვარება მოახერხა, რის შემდეგაც “საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის” დიდი ამბიციები გაუჩნდა, პირველ რიგში, თავისი ახლო მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის, წინააღდმდეგ ღია სამხედრო აგრესიის დაწყებით. ჯერჯერობით ნატო-ს აქვს უდიდესი პრობლემები, რაც შეეხება მის ფინანსურ უზრუნველყოფას - ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის სავალდებულო 2%-საც კი არ იხდის თავდაცვაზე. ამიტომ ნატო და მისი წევრი ქვეყნების არმიები საჭიროებს სერიოზულ და სწრაფ გადაიარაღებას. დღეს ნატო-ს მთავარი მიზანია უშუალოდ თავისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან იმავე პოლონეთში, რომელიც ნატო-ს წევრია 20 წლის განმავლობაში, აქამდე არ იყო სიტუაცია, რომ ნატო-ს დამხმარე ძალები ან ბაზა განეთავსებინათ. მხოლოდ ახლა იწყებენ იქ ამის გაკეთებას. იგივე შეეხება ბალტიის ქვეყნებსაც”, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

ლაშა თორდია - “სრულ გიჟად უნდათ გამომაცხადონ”

“საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს - გამოძიება დაიწყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ ჩხუბზე, ლაპარაკია ასევე კლუბურ გარჩევაზე, არადა, სიმართლესთან ახლოს არც ერთია და არც მეორე. ამიტომ ეს სასამართლო პროცესი ჩემთვის მექანიკური საშუალებაა, საქმე ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანო, გამოძიების თავიდან დასაწყებად. სამი წელია, პროცესები მიდის, ეტყობა, მალე დაასრულებენ და ამიტომაც დაესწრო ფარცხალაძე. მასთან სამართლებრივ დავას რა თქმა უნდა სტრასბურგში გავაგრძელებ”, - აცხადებს აშშ-ში მყოფი აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლაშა თორდია: “იმ აზრს ავითარებენ, რომ ვსვამ და მერე ჭკუა არ მომეკითხება - ხალხს საცემრად დავდევ” / აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სტრასბურგში უჩივის.

“საქმე სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობს. გამოძიებას არანაირი შეხება არა აქვს ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებასთან, რასაც იკვლევდა აუდიტის სამსახური. არც ამბობენ, რომ ფარცხალაძე თავს აუდიტის დასკვნის გამო დამესხა და რადგან ცემის მუხლი ჯარიმასა და მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს, ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ბარში ჩვეულებრივი ჩხუბი მოხდა... მე არ მაინტერესებს მისი დასჯა, მინდა სიმართლე ითქვას, რის გამოც მოხდა თავდასხმა, უნდა გამჟღავნდეს, რატომ დამესხა თავს თანმხლებ პირებთან ერთად. ამ საქმეზე ორ კაცს აქვს ბრალი წაყენებული, მაგრამ არა ჯგუფური თავდასხმით. რაც შეეხება პროკურორის განცხადებას, რომ საქმეში დევს ალკოტესტი, რომ ნასვამი ვიყავი - ალკოტესტი არც გამივლია, პროკურორი რა დოკუმენტს ეყრდნობა, არ ვიცი. მაშინ საავადმყოფოში მოვხვდი, სისხლის ანალიზის პასუხი მაქვს, ფორმა 100, და მსგავსი არაფერი წერია. რაც შეეხება ალკოჰოლურ თრობას, ეს მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. იმ აზრს ავითარებენ - რომ ვსვამ, მერე ჭკუა არ მომეკითხება - ხალხს საცემრად დავდევ. სრულ გიჟად უნდათ გამომაცხადონ. ჩვენებაში დაფიქსირებული მაქვს, რომ ერთ ჭიქა ღვინოს თუ შამპანურს ვსვამდი. მთვრალიც რომ ვყოფილიყავი, ვის აქვს უფლება თავს დამესხას?!”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა თორდია.

“ვიდეოები, სადაც ინციდენტი კარგად ჩანს, აღარ არსებობს. საქმეში დევს ძალიან შორიდან,გვერდითა შენობის სახურავიდან ერთი კამერიდან ამოღებული ჩანაწერი, მაგრამ იქაც კარგად ჩანს, როგორ მირტყამს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი. სხვა კამერებიდან ჩანაწერები არ ამოუღიათ, წაშლილია მტკიცებულებები. არადა, ვინც იმ ბარშია ნამყოფი, იცის, რომ იმ ტერიტორიაზე უამრავი კამერაა, დეტალურად შეგიძლია ნახო ნებისმიერი შემომსვლელ-გამსვლელი. ჩოხელიც მე აღმოვაჩინე “ფეისბუკის” საშუალებით, თორემ გამოძიება ამასაც არ დაადგენდა. ერთი სიტყვით, 7 თუ 8 კაცი რომ მირტყამდა, გამოძიება არც დაინტერესებულა. ჩოხელი და ფარცხალაძე ჩემ წინ იდგნენ, მელაპარაკებოდნენ, გვერდიდან და ზურგიდან კი რამდენიმე კაცი მირტყამდა. სად არიან ისინი? ჩანაწერების ამოღებასა და გამოძიებაზე პროკურატურას უნდა ეზრუნა. ვიცი, რომ ვიდეოჩანაწერები იმ ღამესვე წაშალეს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “კონკრეტულად, რა კორუფციულ საქმეზე მუშაობდა მაშინ აუდიტის სამსახური?” - პასუხობს:

“თბილისის მერიამ ვაკიდან საბურთალოზე მიწის ნაკვეთები გადაცვალა და შემდეგ ნახევარ ფასად მიჰყიდეს ფარცხალაძეს. ბიუჯეტმა ამით რამდენიმე მილიონი ლარი იზარალა. ფარცხალაძე შემდეგ სრულიად უკონკურენტო, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს. ასეთი რამდენიმე ფაქტია, რომელიც პროკურატურას გავუგზავნე. მიწის ნაკვეთების საკითხი, რა თქმა უნდა მტკიცებულებებითაა გამყარებული, რადგან ეს საჯაროა. საგამოძიებო უწყებამ ეს დასკვნა საერთაშორისო პროკურორთა საბჭოს გაუგზავნა. არ ვიცი, ვინ არიან, ხელფასს საიდან იღებენ, თუმცა საბჭომაც ამ სამი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ეთქვა, იყო თუ არა კორუფციული გარიგებები - სასაცილოა, რომ ხუთგვერდიან დასკვნაზე გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ”.

“თავიდან მაბრალებდნენ, რომ თავად ვიცემე თავი და თვითდაზიანებები მივიყენე. შემდეგ შსს-მ ბრიფინგი ჩაატარა - თორდია დაესხა თავს ფარცხალაძესო. ახლა, როგორც იქნა, აღიარეს, რომ ის დამესხა, ესეც იმიტომ, რომ მაშინ სარდაფის სკანდალი აგორდა და თანაც არჩევნები ახლოვდებოდა. ხალხი რომ გაჩუმებულიყო, ფარცხალაძე ვითომ დაიჭირეს და 5-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს, თანაც ერთ დღეში. ფარცხალაძის გავლენები პროკურატურაში ჩემი საქმიდანაც კარგად ჩანს. ჩემმა უფლებადამცველებმა პროკურატურას კვალიფიკაციის შეცვლის მიზნით მიმართეს, მაგრამ უარი გვითხრეს, რადგან მუხლის შეცვლა უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ საგამოძიებო უწყება ფარცხალაძეს მფარველობს. ამჯერადაც 5 ან 10 ათას ლარს გამოუწერენ და ამით დასრულდება ყველაფერი”, - დასძენს ლაშა თორდია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა