სოფიო ხორგუანი - ვინც მთაწმინდელების 65%-ის ქვეყნისკენ შემობრუნებას მოახერხებს, ის დაიმსახურებს ხმებს

19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგად მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძე და ,,ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატი, შალვა შავგულიძე იბრძოლებენ. დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს სოფიო ხორგუანი, რომელმაც ხმების 2,64% დააგროვა. ხორგუანი „ინტერპრესნიუსს“ შუალედური არჩევნების შედეგებისა და საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

- მთლიანად არჩევნებზე ნაკლებად შემიძლია ვილაპარაკო, რადგან კონცენტრირებული ვიყავი მთაწმინდაზე. რეალურად გაფორმდა ის, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, - იმედგაცრუება, რომელიც მოქალაქეებშია. ჩემი მთავარი ოპონენტი, მტერი მოქალაქეებში იმედგაცრუებაა, მათ არ სჯერათ პოლიტიკოსების და იმის, რომ პოლიტიკოსი მათი მსახურია და რაღაცის შეცვლა შეუძლია. საზოგადოებაშია განწყობა, რომ პოლიტიკაში ადამიანები პირადი მერკანტილური მიზნებისთვის მოდიან, მოქალაქეები გაბრაზებულები არიან და ეს შედეგებით კარგად გამოჩნდა.

- კონკრეტულად, ეს რაში გამოჩნდა?

- არჩევნებზე მოქალაქეების 65% არ მოვიდა, რაც დიდი მაჩვენებელია დედაქალაქის N1 ოლქისთვის. ის, რომ შუალედური არჩევნებია, უფრო ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის უნდობლობის სერიოზული პრობლემაა და ეს მოცემულობაა.

- მთაწმინდაზე ის შედეგი, რაც მივიღეთ, თქვენი აზრით, რატომ დადგა?

- ამ ორმა ძალამ ორგანიზებულად, კოორდინატორების დახმარებით მოიყვანა ამომრჩეველი. ეს არის 15 000, დაახლოებით მესამედი გამოვიდა არჩევნებზე, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. ეს ყველა ჩვენგანის საფიქრალია. ეს იმ ადამიანების ბრალეულობაა, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პოლიტიკურ ხელისუფლებაში. იმედგაცრუება და ნიჰილიზმი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებების ქმედებების გამო წლების განმავლობაში დაგროვდა.

- პირადად თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- იმედიანად ვარ. სიმართლე გითხრათ, ამ შედეგსაც არ ველოდი, რადგან პრაქტიკულად, ორი თვის განმავლობაში მინიმალური რესურსით ვაწარმოეთ კამპანია. ლანძღვა, ვიღაცაზე თავდასხმა, პოპულიზმი ძალიან დამახასიათებელია ჩვენი პოლიტიკური პროცესებისთვის, მაგრამ ჩვენ მსგავსი რამ არ გაგვიკეთებია. ძალიან ვაფასებ ყველა ხმას, იყვნენ გულწრფელი ადამიანები, ვინც იმიტომ კი არ მოვიდნენ, რომ მათ ვიღაცამ 100 ლარი მისცა, ან სამსახურს დაჰპირდა და ა.შ. არამედ მათ თქვეს, შეიძლება, ისეთი ვითარებაა, ვერ გახვიდე, მაგრამ გენდობით და გაძლევთ ზურგს და ძალას, რომ ჩვენი სახელით იომოო.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება, სამომავლოდ პოლიტიკური მოღვაწეობა არა დამოუკიდებლად გააგრძელოთ, არამედ, რომელიმე პარტიას შეუერთდეთ? არის ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ახალი პარტიის ან პარტიების შექმნა იგეგმება...

- პირიქით, სულ უფრო მეტად მიმტკიცდება განცდა, რომ დამოუკიდებელი უნდა ვიყო. თანამოაზრეებს მოვძებნი იმ ადამიანებში, ვინც არასდროს იყვნენ ხელისუფლებაში, გინდ აღმასრულებელში, გინდ - პარლამენტში. ჩემი მთავარი მიზანი არ არის მესამე ძალის ჩამოყალიბება, მთავარი მიზანია, ამ ქვეყანაში პოლიტიკამ შინაარსი დაიბრუნოს, გაჩნდეს პასუხისმგებლობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვუღალატო იმას, რისიც მჯერა - იდეას, პრინციპებს. მჯერა, ამ ქვეყანაში შესაძლებელია ისე, რომ სხვები არ ლანძღო, ტყუილი დაპირებები არ გასცე, არ იპოპულისტო და ისე მიაღწიო შედეგს.

ამ კონკრეტულ ოლქში ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა შემხვდა, რაც კარგად აჩვენებს ტენდენციებს, რომ გვაქვს ჯეროვანი მმართველობის პრობლემა. ხშირად მოხელეებს გააზრებული არ აქვთ საკუთარი მისია. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა იქნება ამ პრობლემებზე კონკრეტული შედეგის მიღება. ყველა წერილსა და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ პრობლემას კი არ ვუთითებ, არამედ - გამოსავალსაც, გადაწყვეტილებას. ეს იქნება ჩემს ყოველდღიურობაში. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. სათითაოდ უნდა მივაკითხოთ ყველა დეპუტატს და თითოეული პარლამენტარი შევაჯანჯღაროთ. მათ ყველას, ცალ-ცალკე პიროვნული პასუხისმგებლობა აქვთ, რომ მოქალაქეებს ამ ქვეყნის არ სჯერათ, გაქცევაზე ფიქრობენ, პერსპექტივის განცდა არ აქვთ, უიმედობაა. სახელებით და გვარებით, თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობაა ის, რაც ქვეყანაში ხდება და რის გამოც ბევრი მოქალაქე გაბრაზებულები ვართ ჩვენს დეპუტატებზე. მათი სახელი და გვარი არც კი ვიცით, მაგრამ ისინი არიან იქ, პარლამენტში, რათა ქვეყანაში პოლიტიკა განსაზღვრონ და აიღონ მთელი პასუხისმგებლობა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევააზე, თითოეულ განაწყენებულ და დაზარალებულ ადამიანზე.

- და ბოლოს, რას ფიქრობთ არჩევნების მეორე ტურზე?

- მე პოლიტიკაში გადავწყვიტე მოსვლა და დარჩენა, ეს კი ჩემი პირველი ნაბიჯი იყო, ამიტომ, გვერდიდან ამას არ შევაფასებ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა მეორე ტურზე, არის ის, რომ ვინც მოქალაქეების 65%-ის ქვეყნისკენ შემობრუნებას მოახერხებს, ის დაიმსახურებს ხმებს. უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ მოქალაქეებს არჩევნებზე სიარულის ჩვევა გაუჩნდეთ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ვითარების შეცვლა, კედლის განგრევა და მიზნამდე მისვლა, ამას შევძლებთ. უბრალოდ, უნდა ვიყოთ მეტად აქტიურები, თანმიმდევრულები, არ ვუღალატოთ პრინციპებს, იდეასა და ჩვენს ქვეყანას. როდესაც ვინმეს უნდა, იყოს კარგი ადამიანი, პოლიტიკაში მოსვლა იმას არ ნიშნავს, რომ ის ბინძური უნდა გახდეს და ყველაფერი „მოსულა“. მხოლოდ ასე დავუბრუნებთ პოლიტიკას შინაარსს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს