ქართველმა ოფიცერმა გიორგი ქავთარაძემ ფილადელფიაში, საქართველოს დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართა

აშშ-ში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი აღინიშნა. ფილადელფიის მერიის ეზოში, საზეიმო ვითარებაში, საქართველოს სახელმწიფო დროშა ღონისძიების საპატიო სტუმარმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერმა, უფროსმა ლეიტენანტმა, გიორგი ქავთარაძემ აღმართა, რომელიც აშშ-ში საკარიერო კურსს წარჩინებით გადის. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის განვითარების ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ოფიცერმა გიორგი ქავთარაძემ აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ქართველ სათვისტომოს სიტყვითაც მიმართა.

„დღევანდელი დღე არის ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. 101 წლის წინ ჩვენი ქვეყნის ღირსეული საზოგადო მოღვაწეების მიერ გადაიდგა ნანატრი ნაბიჯი, რომელმაც ისევ ჩვენს კუთვნილ სახლში, ევროპაში დაგვაბრუნა.

ამ ხნის მანძილზე საქართველომ არაერთი ბრძოლა გადაიტანა. როდესაც საქართველოს სახელმწიფო დროშის ფრიალის ხმა გვესმის, ეს არის ხმა იმ დიადი გმირი წინაპრების: მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ანდრონიკაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ტაბახმელაში გმირულად დაცემული იუნკერების, მარო მაყაშვილის, აფხაზეთსა და ცხინვალში დაცემული გმირების, 17 შინდისელის, გმირი გიორგი ანწუხელიძისა და მრავალი გმირის სიმართლის ხმა, რომელთაც თავისუფლება არჩიეს მონობას, რომლებმაც თავი არ დაუხარეს რუსეთის ტირანიას, მიმართულს ჩვენი ქვეყნის განადგურების საქმეში, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში, რათა საქართველო თავისუფალი და ერთიანი ყოფილიყო“.

ოფიცერი გიორგი ქავთარაძე საქართველოს ოკუპაციის საკითხსაც შეეხო.

„ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ანექსია დღესაც გრძელდება. საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას! ქართველი სამხედროები არასოდეს ვუღალატებთ ჩვენი გმირების მიერ განვლილ ღირსეულ გზას, ქვეყნის ფასეულობებსა და პრინციპებს, რომელიც თავისუფლებაზე, ღირსებასა და სამშობლოს ერთგულებაზე გადის“.

ფილადელფიის მერიის ეზოში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამოქალაქო და სამხედრო პირებს. საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, პენსილვანიის კონგრესმენი, ბრენდან ბოილი, ფილადელფიის მერიის წარმომადგენელი შეილა ჰესი, რომლებმაც ქართველებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა