გიორგი ანდრიაძე - ჩიჩხიტური და კულტურის სხვა ძეგლები აზერბაიჯანის მიერ გამოცხადებულია ალბანური კულტურის ძეგლებად, ისტორიულ მემკვიდრეობას გვედავებიან

დავით გარეჯში, აზერბაიჯანის მხრიდან გზის გაყვანა და სავარაუდოდ სასაზღვრო კოშკის გახსნა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ იქ ან ვერასდროს შევალთ, ან თუ შევალთ, ამ ყველაფერმა შეიძლება საომარი კონფლიქტი გამოიწვიოს, - ამის შესახებ საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, სხვადასხვა ბერკეტის გამოყენება, რათა აზერბაიჯანმა დავით გარეჯთან მიმართებით საკუთარი პოზიცია შეცვალოს.

"მდგომარეობა იგივეა. აზერბაიჯანის მხარე არ ცვლის პოზიციას და არც შეცვლის თუ არ იქნება გამოყენებული ბერკეტები, ეს არის დიპლომატიური თუ კიდევ საზოგადოების სხვა საპროტესტო ბერკეტი. შევარდნაძის ხელისუფლებამ ყველაფერი მისცა აზერბაიჯანს და საერთოდ აზერბაიჯანი შედგა სახელმწიფოდ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისცა მას ყველა საშუალება, რომ თავისი ენერგორესურსები მსოფლიო ბაზარზე გაეტანა. ამის სანაცვლოდ, ჩვენ ვიღებთ მსგავს დამოკიდებულებას",- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

მისი თქმით, შექმნილ მდგომარეობას მცირე რაოდენობით ხალხი აპროტესტებს.

"არსებობს მრავალი ბერკეტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს. ის საპროტესტო ფორმები, რომლებსაც მიმართავს საზოგადოება და მეც მონაწილე ვარ ამის, ეს თითქმის არაფრის მომტანია. ამიტომ საჭიროა, ჯერ ერთი არალოგიკურად გამოცხადებული ე.წ. ალიევის გამზირის გაუქმება, რომელიც სააკაშვილის დანაშაულებრივ-გამყიდველმა რეჟიმმა გააკეთა, იმ ძეგლის აღებაც, რომელიც დადგეს თბილისის უძველეს უბანში, გულის გულში დადგეს ალიევის ძეგლი, თითქოს რამე გაეკეთებინოს ამ ადამიანს საქართველოსთვის. გარდა ამისა, დიპლომატიური ზეწოლის უამრავი მექანიზმი არსებობს. ამ კუთხით უნდა იმოქმედოს ქართულმა სახელმწიფომ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდეთ. იმიტომ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საპროტესტო ზომებს მიმართავს არ გაჩერდება და ეს მიიღებს ცუდ მასშტაბებს", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩიჩხიტური აზერბაიჯანული მხარის მიერ ალბანური კულტურის ძეგლად არის მიჩნეული.

„თეორიულად, მართლაც რომ იყოს ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ის ვალდებული იყო, რომ ეს ძეგლი საქართველოსთვის დაეთმო, რადგან ქართული მხარე დიდ შეღავათებს აძლევდა, ძალიან დიდ სანაცვლო ტერიტორიებს სთავაზობდა, მაგრამ ისინი ამას არ თმობდნენ. პრობლემა ის არის, რომ ეს ძეგლი და ქართული კულტურის კიდევ სხვა ძეგლები აზერბაიჯანის მხრიდან მიჩნეულია და გამოცხადებულია ალბანური კულტურის ძეგლებად. ესაა მთავარი და ამაზე არავინ ლაპარაკობს. აზერბაიჯანის მხარე გვედავება ქართულ ისტორიულ მემკვიდრეობას ისე, როგორც გვედავება ზოგიერთი ჩვენი მეზობელი. ამის გამო, ჩვენ კონკრეტულ ღონისძიებებს მივმართავთ. ახლახან ვიყავით რომში. ჩვენი იტალიელი მეგობრების, კონსერვატიული მოძრაობის საშუალებით ხმა მივაწვდინეთ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის შევხვდით რომის პაპს და მასაც ვუთხარით, რომ ქრისტიანი ქართველების უფლებები უხეშად ილახება და ქართული კულტურის ძეგლები ალბანურად ცხადდება", - აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად პროცესში, საერთაშორისო საზოგადოების სახით, მესამე ძალა ჩაერთოს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ახლახან არჩევნებზე ქართულმა საზოგადოებამ, ამომრჩეველმა, რომელიც ამ უბნებზე მონაწილეობდა, ისევ ხმა მისცა "ნაციონალებსა" და "ოცნებას". ამით ფაქტობრივად მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკას, რაც გარეჯში მიმდინარეობს და რაც საერთოდ ქვეყანაშია. ჩვენი ხელისუფლების პასიურობის ფონზე პროცესები ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის. უნდა ჩაერთოს მესამე ძალა - საერთაშორისო საზოგადოება და მათ უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ამ საზოგადოებას უნდა აუხსნა, რომ გარეჯი ჩვენი კულტურის ძეგლია", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმადაც, 28 მაისს აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დავით გარეჯში მსვლელობას გეგმავენ, გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მათი მხრიდან პროვოკაციას წარმოადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო