დუშეთის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 101-ე წლისთავი დუშეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულად აღინიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადო. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ: დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე. თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აღნიშნული ცერემონია ანანურთან ერთად ქვეყნის მასშტაბით 6 ლოკაციაზე ერთსა და იმავე დროს, 12 საათზე ჩატარდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ქ.დუშეთის ცენტრალურ მოედანზე გამოიფინა ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სსსტც “დელტას” პროდუქცია: ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, ნაღმმტყორცნები GM-82 და GM-60, საერთო-საჯარისო დანიშნულების მოდულური ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები.

ცენტრალურ მოედანზე ასევე მოეწყო 1918 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა საქართველოს პირველ დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებასთან და ძველ დუშეთთან დაკავშირებული ისტორიული ფოტოები.

26 მაისის დღესასწაულს ტრადიციულად მიეძღვნა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: მინი ფეხბურთის ტურნირი დუშეთის და ჟინვალის გუნდებს შორის, ჭადრაკის ტურნირი დუშეთის და ბარისახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის და ჭიდაობა-ძიუდოს მუნიციპალური ტურნირი.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები სტუმრობდნენ სოფელ ბაზალეთს, სადაც ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 და 10 კმ-იან დისტანციებზე გამართულ დოღში მონაწილეობა მიიღეს. გამარჯვებულ ცხენოსნებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება 17:10 სთ-ზე საზეიმოდ დასრულდა ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, სადაც საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღებასთან დაკავშირებით, შესრულდა ეროვნული ჰიმნი და ადგილობრივი ანსამბლების („შადიანი“, „ქალილო“, ზაზა გორელიშვილი) მონაწილეობით გაიმართა დასკვნითი კონცერტი.

მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებებს მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა