პარლამენტი განათლების სამინისტროს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის სიხშირის გამო საყვედურს გამოთქვამს

პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის სიხშირით უკმაყოფილოა და ამის გამო უწყების მიმართ საყვედურს გამოთქვამს.

უკმაყოფილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და ასევე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე გამოხატეს, სადაც მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული “პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

“რასაც თვალს ვადევნებ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სწორედ იმ კანონმდებლობაში, რომელიც განათლების სფეროს ეხება, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაზე არის მოთხოვნა. სტატისტიკურად ამ კანონმდებლობაზე გვიწევს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. პარლამენტის ახალი რეგლამენტით, პროექტების დაჩქარებული წესით განხილვა გამკაცრებულია. ახალმა რეგულაციებმა გვითხრა, რომ სწორედ დაგეგმარების პროცესს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ასეთ ინიციატივებს ერთი კვირით ადრე ნუ დავაყენებთ დღის წესრგიში“, - განაცხადა გიორგი კახიანმა ბიუროს სხდომაზე.

კახიანის მოსაზრება გაიზიარა ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი ინიციატივები ბიუროს ყველა სხდომაზე შედის. დეპუტატის თქმით, ეს უნდა დაჯამდეს, რადგან საკითხის მიმართ ერთიან კონტექსტში შეხედვა არის საჭირო.

ბიუროს სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმაც დაადასტურა, რომ “პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის და პარლამენტის ფორსმაჟორში ჩაყენების მცდელობა ყოველთვის განათლების სამინისტროდან მოდის“.

როგორც დეპუტატების პასუხად მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განმარტა, განათლების სფეროში რეფორმები დაჩქარებული ტემპებით მიდის და პარლამენტში წარდგენილი პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე იყო საჭირო.

ამ თემაზე დისკუსიის შემდეგ, ბიურომ ხმათა უმრავლესობით პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა ირაკლი კოვზანაძემ მისცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო