ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2019

13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება

რა სიურპრიზს ამზადებს ბესელიას ახალი პარტია

რუსული “ენერგეტიკული შანტაჟი” გერმანიის ხელშეწყობით ევროპას ემუქრება

* * *

13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება

“13 დღიანი პროტესტი ჭიათურაში შეწყვეტილია - მაღაროელები “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის წინადადებას დათანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, მათ ხელფასის 25% დაუყოვნებლივ მოემატებათ, წლის ბოლომდე კი ანაზღაურება კიდევ 10%-ით გაიზრდება. ბოლო 11 დღე გაფიცულების ნაწილი შიმშილობდა. რამდენიმე მათგანს სამედიცინო დახმარების გაწევაც დასჭირდა. ასევე, პროტესტის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა “ჯორჯიან მანგანეზმა”, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე გადადგა”, - წერს გაზეი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება.

“მანამდე კი ქალაქში მოვლენები საკმაოდ მძიმედ ვითარდებოდა. 27 მაისს დილიდან, ჭიათურა პარალიზებული იყო. დაკეტილი იყო ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, სკოლები და მაღაზიები. ქალაქის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და გაფიცულ მუშებს სოლიდარობა გამოუცხადა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მაღაროელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ და ისინი შესაბამის ანაზღაურებას ვერ ღებულობენ. მათ ოჯახებს კი უკიდურესად უჭირთ. მათი თქმით, არც ერთი ობიექტი მუშაობას მანამდე არ დაიწყებდა, სანამ მაღაროელების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. მუშების მოთხოვნებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია ორი კვირაა მიმდინარეობდა. აქციაში ჩართული იყო 3000-ზე მეტი მაღაროელი. კარვები გაშლილი “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში ჰქონდათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაღაროელთა მოთხოვნები იყო: ხელფასის მომატება 30%-ით და რეორგანიზაციის შემდეგ +20%; ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება; მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა. მაღაროელები ასევე მოითხოვენ, რომ არავინ დაისაჯოს გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამო. ამ ეტაპზე გაჩერებული იყო “ჯორჯიან მანგანეზის” კუთვნილი 11-ვე მაღარო. კომპანიის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ მაღაროელებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდებოდა. მოთხოვნების სანაცვლოდ “ჯორჯიან მანგანეზმა” გაფიცულებს ხელფასების 25%-იანი ზრდა შესთავაზა. თუმცა მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში. მაღაროელებსა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებს შორის 26 მაისს გამართული შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც მაღაროელები ამბობდნენ, კომპანია არანირი დათმობაზე არ მოდიოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და მოითხოვეს ჭიათურიდან კომპანიის წასვლა. მათი თქმით, ოფიციალურად დაფიქსირებული მათი ანაზღაურება რეალურისგან მკვეთრად განსხვავდება და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. ქალაქში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ კი პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ჭიათურაში ადგილზე სიტუციის შესასწავლად გაგზავნა. მინისტრები მაღაროელებს დახურულ შეხვედრაზე შეხვდნენ. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა და მისი დროებითი მმართველი გადადგა. მაღაროელი ფრიდონ შენგელაშვილის თქმით, მიუხედავად ამხელა პროტესტისა “ჯორჯაინ მანგანეზთან” მთელი დღის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ყოფილა და რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სიტუაციის გასარკვევად ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“არსებობს შტატები, სადაც იმხელა ხელფასები აქვთ, რომ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. მათ უნდა ჰქონდეთ 30 ათასები და ჩვენ მშრომელ ხალხს, რომლებიც რეალურად საქმეს ვაკეთებთ და ამხელა რისკის საფასურად წიაღისეულს მოვიპოვებთ და პროდუქციას ვქმნით, მათხოვრული ხელფასი 700 ლარი უნდა გვქონდეს!? ამიტომ აგორდა ამხელა პროტესტი, ამოგვივიდა ყველას ყელში. ეს მონური ყოფა 21-ე საუკუნეში ვინმეს სადმე გაუგონია? შენს საკუთარ ხალხს ასე როგორ უნდა მოექცე? რასთან გვაქვს საქმე, ვერავის გაგვიგია. 4-ვე მოთხოვნა ქალაქისთვის, მისი მოსახლეობისთვის და მაღაროელებისთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტია. მოთხოვნები სანამ არ დაკმაყოფილდებოდა ჩვენ პროტესტს მანამდე გავაგრძელებდით. თუ არადა მაშინ კომპანიას ქალაქის დატოვება მოუწევდა. მაგათი მონები აქ არავინ არ არის. 26 მაისს კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. ეგენი ვერაფერს ვეღარ მოგვატყუებენ. ხალხმა გაიღვიძა, მონობა უნდა დამთარდეს. არ შეიძლება ამ საუკუნეში მთელი ქალაქი შენი მონა იყოს. სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩამოვიდნენ, მანამდე ჩვენს პრობლემებს არავინ იგებდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფრიდონ შენგელაშვილი.

“დღეს ეს ყველაფერი დასრულდა შეთანხმებით მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს ჭიათურლების პირობების დაკმაყოფილებას”, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ყველას გამარჯვებაა - ჭიათურის და მთელი ქვეყნის -“მაღაროელების პროტესტის პირველივე დღიდან ვაკვირდებოდით პროცესს. ცოტა ხნის წინ ვიყავი ჭიათურაში პედაგოგებთან შეხვედრაზე და ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის - დღეს ეს ყველაფერი დასრულდა შეთანხმებით მოლაპარაკებების საფუძველზე, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველას დამსახურება, მათ შორის ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საპროტესტო აქციაში იყო ჩართული. კომპანიამაც გადადგა დიდი ნაბიჯი”, - აღნიშნა მინისტრმა, რომლის აზრით, "ეს არის ყველა მხარის გამარჯვება და მომავალში ჭიათურის განვითარების წინაპირობა”, - წერს სტატიის ავტორი.

რა სიურპრიზს ამზადებს ბესელიას ახალი პარტია

“ყველამ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა, იცის, რომ მოთხოვნა არის ოპოზიციურ ძალაზე, - მესამე ცენტრის, თუ მესამე ძალის მოთხოვნის არსებობა ყველა არჩევნებმა დაადასტურა, მათ შორის შუალედურმა არჩევნებმაც”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ეკა ბესელიას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას. “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია - “სამართლიანობისთვის” შექმნა, სადაც პარტიის ლიდერები თავად ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე იქნებიან. სპეციალურ პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 2012 წელს მთავარი გამაერთიანებელი იდეა სამართლიანობა იყო, რომელიც დღესაც ბოლომდეა მისაყვანი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა სიურპრიზს ამზადებს ბესელიას ახალი პარტია.

ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და პოლიტიკოსებთან. პარტიის ყრილობა კი 20 ივნისს გაიმართება. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბესელიამ პარტიის დაფუძნება არ უნდა ეჩქარა და უნდა დალოდებოდა შემოდგომის დადგომას, რადგან, მისი თქმით, ზაფხული მკვდარი სეზონია და პარტია ახალს ვერაფერს შეიძენს. “ყველა ცნობილ ფიგურათა ჯგუფი ცდილობს, რომ ამომრჩეველი როგორმე მიიმხროს და თავისკენ წაიყვანოს. ცდილობენ, რომ თავისი გავლენა ამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მოიპოვონ, - რამდენად შეძლებენ ამას, ძნელი სათქმელია. მიუხედავად მათდამი დიდი პატივისცემისა, გნებავთ ცალკე აღებული, გნებავთ ჯამურად, არამგონია ისეთი მიზიდულობის ძალა ჰქონდეთ, რომ წამყვან რგოლად იქცნენ, - მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაში გამწევი ფუნქცია შეასრულონ”, - მიიჩნევს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება, თუმცა ნაბიჯი სწორი მიმართულებით არის გადადგმული და რა გამოვა, ამას ვნახავთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რჩევა იქნებოდა, რომ მათ პროცესებისთვის დასრულების საშუალება მიეცათ, ამ შუალედური არჩევნების შემდეგ უნდა დააფუძვნონ პარტია, - ზაფხული მკვდარი სეზონია. ამიტომ, თუკი ამას გააკეთებენ, შემოდგომაზე საკმაოდ რეალური სურათი გამოჩნდება იმისა, თუ რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ გუნდს და აქვს თუ არა საერთოდ პერსპექტივა. ეს კი გაცილებით ადვილად შესამჩნევი იქნება შემდოგომაზე, ვიდრე დღეს, - ჯობია ნაბიჯი შემოდგომაზე გადადგან. ამ ხნის განმავლობაში ისინი დაკარგვით არაფერს დაკარგავენ, თუმცა, შეძენითაც ვერაფერს შეიძენენ. არამარტო ეს პარტია, ნებისმიერი. ამ პროცესის სიმკვეთრე შემოდგომაზე იქნება, - თუ ვინ რას აპირებს, - არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება. პოლიტიკური პროცესი 2020 წლისათვის პოლიტიკურ ფინიშზე გადის და მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის ცოტა მოგვიანებით გადადგმა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

რუსული “ენერგეტიკული შანტაჟი” გერმანიის ხელშეწყობით ევროპას ემუქრება

“კრემლი, მიუხედავად აშშ-ს სანქციებისა, მაინც შეძლებს ევროპაზე “ენერგეტიკული შანტაჟის” ბერკეტის მიღებას - გაზსადენი “„ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტის ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია. რუსული გაზის ევროპაში ექსპორტი უკრაინის გვერდის ავლით უნდა მოხდეს, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რაც რუსეთს სრულად გაათავისუფლებს უკრაინაზე დამოკიდებულებისაგან. ხოლო უკრაინამ შესაძლოა სატრანზიტო ფუნქცია მთლიანად დაკარგოს. გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი 2”, რომლის მშენებლობაც 2012 წლიდან დაიწყო და 55 მილიარდ კუბომეტრი გაზის მიწოდებაზეა გათვლილი, მომგებიან პროექტს წარმოადგენს, - ნავარაუდევია, რომ ის გაწეულ ხარჯებს 9 წელიწადში აანაზღაურებს. რუსეთმა თავისი მაინც გაიტანა და დღეს უკვე პროექტის 50%-ზე მეტი შესრულებული აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ევროპას რუსული “ენერგეტიკული შანტაჟი” ემუქრება - “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის ნახევარზე მეტი უკვე გაყვანილია.

“ამ დროისთვის გაყვანილია გაზსადენის 1 290 კილომეტრიანი ნაწილი - სრული პროექტის 52,6%”, - აცხადებენ “გაზპრომის” ხელმძღვანელობაში. უკრაინამ ევროკავშირს პროექტის დაბლოკვა არაერთხელ სთხოვა, რასაც მხარს სხვადასხვა ექსპერტები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის პოლიტიკოსები, ევროპარლამენტი და აშშ უჭერდნენ. ამერიკის ხელისუფლება დღესაც ემუქრება პროექტის მონაწილეებს სანქციებით. ძირითადად ვინ ლობირებს პროექტს და ვინ არის წინააღმდეგი? ამ პროექტის შესრულება რა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას შექმნის და უკრაინისთვის რა შედეგის მომტანი იქნება? ანალიტიკოსს სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსეთის გაზზე გადასვლა ევროპას, ფაქტობრივად, ბლოკადაში მოაქცევს, ხოლო უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია გაქრება. მისი თქმით, ეს პროექტი, როგორც რუსეთის ინტერესს, ასევე გერმანიის ინტერესებსაც შეიცავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი, რომელსაც რუსეთი ევროპის მიმართულებით ახორციელებს. ამ პროექტის გაყვანა, დამატებით, ევროპისათვის სამხრეთ ნაკადთან ერთად, წელიწადში 55 მილიარდ კუბომეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს, რაც, ფაქტობრივად, ევროპის სრულ ბლოკადაში მოქცევას გამოიწვევს, - მისცემს საშუალებას, რომ უკრაინა სატრანზიტო პოტენციალისაგან “ჩახსნას”. ბუნებრივია, რომ ეს ალტერნატიული ვარიანტია, რომელსაც რუსეთი აპირებს; პირველ რიგში, გერმანიას მიაბამს და შეეცდება რუსეთის გაზთან მიმართებაში ენერგეტიკული ჰაბი გახადოს. ეს უკრაინაზე იქნება ზეწოლის საკმაოდ მძლავრი ბერკეტი. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ამერიკელებს კონკურენტუნარიანობიდან ამოაგდებს - თხევადი გაზის ტექნოლოგიების სისტემა გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ბუნებრივი აირის გაზი და რუსეთს შეუძლია რუსულ გაზზე ფასი დააკლოს, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ეს, ფაქტობრივად, ევროპის მიმართულებით არის ჰიბრიდული შეტევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის განხორციელება, რუსეთის გავლენებს ევროპაში და კერძოდ გერმანიაში, სერიოზულად გაზრდის - “გაზპრომს” თავისი სპეცსამსახური ჰყავს, რომელიც რუსული კანონმდებლობითაა მიღებული და რუსეთისთვის ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი აქტორი, რომლის მეშვეობითაც, გერმანიაში “გაზპრომის” შესვლა და გაძლიერება ხდება, რუსეთი შეეცდება უშუალოდ მოიყვანოს ხელისუფლებაში ის პოლიტიკური პარტია, რომელიც უფრო პრორუსულ პოლიტიკას გააძლიერებს, რაც შემდეგ შეიძლება საფრანგეთს გადაედოს”, - განმარტავს ექსპერტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს