ვალერი ჩეჩელაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს რადას არჩევნებში და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, კოალიციას შექმნის ზელენსკის პარტიასთან

არ მგონია, რომ ზელენკსისა და სააკაშვილს შორის უკვე რაიმე კომუნიკაცია შედგა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში და „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ და გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის „ხვალ კიევში ჩავა და უკრაინის ახალ პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს დაეხმარება“.

„არა მგონია, რომ სააკაშვილს და ზელენსკის შორის უკვე რაიმე კომუნიკაცია შედგა. რა როლი შეიძლება ჰქონდეს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში, ვფიქრობ, აქ ორი მიმართულებით შეიძლება, განვითარდეს მისი საქმიანობა: პირველი, მას ძალიან კარგად ესმის, რა სახის ინსტიტუციონალური რეფორმები უნდა ჩატარდეს უკრაინაში, რადგან ეს გაკეთებული აქვს საქართველოში. ასევე, კარგად იცნობს უკრაინის რეალობას, რადგან უშუალოდ შიგნით ცდილობდა, განეხორციელებინა რეფორმები, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განახორციელა. მეორე მიმართულება ისაა, რომ არ გამოვრიცხავ, მესამე პრეზიდენტი და მის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში 21 ივლისისთვის და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში შევა კოალიციაში ზელენსკის პარტიასთან ახალ პარლამენტში“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

კითხვაზე, რომ ზელენსკისა და სააკაშვილის სტილს ერთმანეთს ამსგავსებენ და ეს მსგავსება რამდენად რეალურია ჩეჩელაშვილმა უპასუხა, რომ მათ ბევრი საერთო აქვს, თუმცა ამასთანავე, ბევრ რამეში განსხვავდებიან.

„შედარების საფუძველი, ალბათ, არის, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ორივენი ძალიან გულწრფელები და უშუალოები არიან, როგორც შემიძლია, შევაფასო, მაგრამ ამავდროულად, ძალიან განსხვავებული ტიპის ადამიანები არიან, რამდენადაც მე მესმის. ამასთან, 2019 წლის უკრაინა სულ არ გავს 2003 წლის საქართველოს, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებებია. შეიძლება, ყველაფერი შევადაროთ ერთმანეთს, მაგრამ პრინციპში, ძალიან განსხვავებულ ვითარებასთან და განსხვავებულ პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე. თუმცა საერთოც ბევრი აქვთ, მაგალითად ის, რომ მთავარ ამოცანად თვლიან ძველი კორუმპირებული სისტემის დემონტაჟს და ახალი ტიპის სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების ამოცანას საზოგადოებაში“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა უკრაინაში.

მანვე „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ვლადიმერ ზელენკსი სამომავლოდ, საკმაოდ სერიოზულ ლიდერადაც მოგვევლინოს, უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს.

„რასაც ჯერჯერობით პრეზიდენტი ზელენსკი აკეთებს, იძლევა სერიოზულ საფუძველს საიმისოდ, რომ ის ჩამოყალიბდეს ძალიან სერიოზულ ლიდერად, რომელსაც ექნება სერიოზული ფუნქცია და როლი არა მხოლოდ უკრაინის ისტორიაში, არამედ პოსტტოტალიტარული, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცის რეფორმირების საქმეში“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა