სალომე ზურაბიშვილი - ევროპისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ შეგვაჩერებს

2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმს ქუთაისში ვუმასპინძლებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ღონისძიებას „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ ესწრება. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

ზურაბიშვილის თქმით, ევროპის კულტურული მარშრუტები საქართველოს მრავალმხრივ შესაძლებლობებს აძლევს.

"ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვართ შეკრებილნი, რადგან დიდი წარმატებაა საქართველოსი, რომ ამ კუთხით ასე არის ევროპასთან შეერთებული. ეს ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი ევროკავშირში შესვლის, და ჩვენი გეზია, რომ შევდივართ ყველა საშუალებით და ყველა კუთხით. ევროპისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ შეგვაჩერებს ამიტომ გვჭირდება ბევრი გზა, რომელიც შემოიყვანს ასევე ევროპას საქართველოში, დაანახებს, თუ რა არის საქართველო. კულტურული მარშრუტები არის ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი, რომ ჩვენი თავი გავაცნოთ ტურისტებს - ევროპელებს და არა მხოლოდ ევროპელებს. ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, დაინახავენ, გაიგებენ, თუ რამდენად ევროპულია საქართველო - ეს პირველი აღმოჩენაა, რაც ყველა ტურისტს ელოდება, რომელიც შემოდის ქვეყანაში. კულტურული მარშრუტები კულტურული და ტურისტული კუთხით მნიშვნელოვანია ასევე, ამას დიდი ეკონომიკური და რეგიონალური დატვირთვაც აქვს, რადგან ეს იქნება ჩვენი რეგიონების აღმოჩენა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რეგიონები განვითარდეს და ეს პირდაპირი და სწორი განვითარების გზაა. საქართველო არ არის და არასდროს იქნება ჩაკეტილი ქვეყანა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული უპირატესობების გარდა, პროექტის მეშვეობით საქართველოს მსოფლიოსთვის თავის გაცნობა შეუძლია.

"ასევე, ამით მთლიანად ჩვენი თავი შეგვიძლია, გავაცნოთ მსოფლიოს და მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს ყველა მხრიდან - არქეოლოგია, ძეგლები, რელიგია. ეს არ არის მხოლოდ ეკლესიები, არამედ პილგრიმთა გზები, რომელიც ცნობილია ევროპაში და ევროპა მალე აღმოაჩენს, რომ ეს ჩვენთანაც არსებობს.მე პირადად ვაპირებ, 1-ელ ივნისს წმ. ნინოს გზაზე შევდგე და დარწმუნებული ვარ, ბევრი ქრისტიანი და არაქრისტიანი შემოგვიერთდება და არაერთი ასეთი გზაა საქართველოში. ასე რომ, აქ არის ჩვენი მრავალფეროვნება და ასევე, ტოლერანტობის გზები. მგონი, ამ კუთხით ევროპასთან ბევრი გვაქვს გასაზიარებელი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მანვე განაცხადა სიახლის შესახებ, რომ ქუთაისი ევროპული საბჭოს მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.

"ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ის რეგიონალურადაც, რომ ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმი ჩატარდება ქუთაისში, მას 2021 წელს ვუმასპინძლებთ, რაც მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის და მთელი საქართველოსთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო