ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2019

ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას

რისთვის ბრუნდება სააკაშვილი კიევში და რა ჩანაფიქრი აქვს ზელენსკის

ჰიბრიდული ომის ახალი ეპიცენტრი - კოსოვო შეტაკებების ზღვარზეა, სერბეთის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია

* * *

ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას

“28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ორი აქცია-მსვლელობა იყო დაგეგმილი - ერთი აზერბაიჯანის მხრიდან, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობით, მეორე კი ქართველი აქტივისტების, გარეჯელი მამებისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების აქცია. თუმცა, აზერბაიჯანის მხრიდან ეს აქცია არ ჩატარდა და გარეჯში მხოლოდ ქართველი აქტივისტები ჩავიდნენ. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს აქციაზე სომხური დროშებით აპირებდნენ ადამიანები გარეჯში მისვლას. ამ ყველაფერს კი ანალიტიკოსები მესამე ძალის გავლენას და რუსული აგენტურის მიერ შემოგდებულ პროვოკაციად აფასებენ. იმ ფონზე, როცა ხელისუფლებები ლაპარაკობენ, ხოლო აქტივისტები ამ დრომდე დაუდგენელ საზღვართან აქციებს მართავენ, არსებობს თუ არა იქ ვითარების დაძაბვის საფრთხე და რამდენად აკონტროლებს მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ხელისუფლება? არის თუ არა ამ დრომდე საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები საკმარისად მკაფიო?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას / “რუსული აგენტურული ქსელი გარეჯის ირგვლივ აქტიურად მუშაობს”.

“ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ამ საკითხის ირგვლივ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების პარალელურად უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს. მათი აზრით, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაძაბულობა მხოლოდ რუსეთს აწყობს, მათი აზრით, ყველაზე კარგად პატრიარქი მიხვდა, რომ ამ ყველაფერში მთავარ როლს მესამე რუსული ძალა თამაშობს და მან სასწრაფოდ განცხადება გააკეთა, რაც დროული იყო. აქციების პარალელურად, მუშაობას აგრძელებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, თუმცა საბოლოო შედეგამდე, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, წინ მოლაპარაკების კიდევ არაერთი რაუნდია. 28 მაისს კი დავით გარეჯის ლავრიდან ჩიჩხიტური კოშკამდე მსვლელობა ათასობით ადამიანმა გამართა. ადგილზე სასულიერო პირები და მომლოცველები 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. სამღვდელოების პოზიცია მოკლე და კატეგორიულია, ისინი ამბობენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აქ სადავო არაფერია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხშირად ეს ადგილი მომლოცველებისთვის დაკეტილი არის, აზერბაიჯანული მხარე ჩიჩხიტურსაც და უდაბნოს მონასტერსაც კეტავს ხოლმე. ეს არის უძველესი ქართული წმინდა ადგილი, ამ ადგილზე ეწამა 6000 გარეჯელი ბერი და მიუღებელია ამ ადგილზე წვდომა არ იყოს”, - ამბობს ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ექვთიმე. დავით გარეჯში ჩასული ადამიანები, საქართველოს დროშებით ხელში, ჩიჩხიტურის მაღლობზე ავიდნენ და ისტორიულ კოშკის გარშემო ერთად დადგნენ. აქცია-მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობას გეგმავდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია მართალი არ აღმოჩნდა. აქციის მონაწილეები დავით გარეჯში დარჩენას დღის ბოლომდე აპირებდნენ, თუმცა პატრიარქის მოწოდებით, მათ აქცია ჩიჩხიტურის კოშკთან ჯაჭვის შეკვრით დაასრულეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში”, - ეს განცხადება კი პატრიარქმა გაავრცელა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებას უნდა ვაცადოთ, რომ სიტუაციაში გაერკვნენ და მოლაპარაკების რეჟიმში გარკვეულ შედეგს მიაღწიონ. მისი აზრით, მსგავსი საკითხები ასე სწრაფად არ წყდება და გარეჯთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პროტესტი აზერბაიჯანის მოსახლეობაშიც არსებობს. ამიტომაც ყველამ ნერვები უნდა დავიწყნაროთ და ხელისუფლების წარმომადგენლებს ვაცადოთ, რომ გარკვეული პროვოკაციების გარეშე პრობლემა მოაგვარონ”, - დასძენს გამოცემა.

“ხუხაშვილის აზრით, ეს ყველაფერი რუსული აგენტურის ნამუშევარს ჰგავს და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არასახელმწიფოებრივია და გარეჯთან დაკავშირებით, რელიგიური კონტექსტიდან გამომდინარე, დაუფიქრებელი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ზურაბიშვილი არის პრობლემების პანდორას ყუთი, რომელსაც ხელისუფლებამ ისეთ ქვეყნებთან, სადაც გარკვეული პრობლემების შექმნის საფრთხეები არსებობს კონტაქტი და განცხადებების გაკეთება უნდა აუკრძალოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“არ ვიცი ეს ქალი ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებს თუ გაუთვითცნობიერებლად, თუმცა ფაქტია, რომ რუსული აგენტურა ძალიან კარგად ჩაერთო ამ საქმეში და გარკვეული ინფორმაციების შემოგდებაც ვნახეთ. თითქოს იქ სომხური დროშები უნდა გამოჩენილიყო გარეჯში და ასევე აზერბაიჯანელები 28 მაისს საპროტესტო გამოსვლებს აპირებდნენ. ზურაბიშვილის განცხადება მხოლოდ რელიგიური კონტექსტიდან გამომდინარეობდა. მსგავსი სადავო საზღვრები რუსთთან და სომხეთთანაც გვაქვს, რატომ იმ ქვეყნებზე არაფერი თქვა და მაინცდამაინც გარეჯს მივარდა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც შესაძლოა მსგავს პროვოკაციებში ჩავებათ, ზურაბიშვილი არ გაგზავნოს და საერთოდ განცხადებების გაკეთება აუკრძალონ. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთს აწყობს. აღარ შევალ სიღრმეებში, უბრალოდ, საქართველოს და აზერბაიჯანის დაპირისპირებით ის სამხრეთ კავკასიაზე სრულ ბატონობას შეძლებს. ვიფრთხილოთ ძალიან და ასეთი თემებით თამაშს თავი დავანებოთ. იგივეს აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურსაც მოვუწოდებ, ფაქტია, აგენტურული ქსელი ორივე ქვეყანაში მუშაობს. სუს-მა ზურაბიშვილის განცხადებიდან დღემდე გამოძიება დაიწყოს. სხვაგვარად უფრო დიდი პრობლემები შეგვექმნება. ვაცადოთ ხელისუფლებას, რომ რაღაც დროის მანძილზე ეს აფეთქებული თემა დაალაგოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

რისთვის ბრუნდება სააკაშვილი კიევში და რა ჩანაფიქრი აქვს ზელენსკის

“29 მაისს მიხეილ სააკაშვილი კიევში ბრუნდება. ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილმა ზელენსკის მადლობა გადაუხადა, თანამშრომლობას დაჰპირდა და ამასთან განაცხადა ისიც, რომ უკრაინაში დაბრუნება სულაც არ ნიშნავს, რომ ის საქართველოზე ამბობს უარს. პირიქით, უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან და აანონსებს, რომ როგორც უკრაინაში დამარცხდა ოლიგარქი პეტრო პოროშენკო, რომელმაც უსამართლოდ წაართვა მოქალაქეობა, ისე დამარცხდება საქართველოში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას შეფასებები თბილისშიც მოჰყვა. “ნაცმოძრაობაში” აცხადებენ, რომ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში სამართლიანობა აღდგა. “ქართულ ოცნებაში” ნაწილი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს, ნაწილი კი - თავშეკავებულია. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის თქმით, როცა ადამიანი თავის ქვეყანაში დამნაშავედაა გამოცხადებული, მისთვის მოქალაქეობის აღდგენა მეგობრობას არ ჰგავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რისთვის ბრუნდება სააკაშვილი კიევში და რა ჩანაფიქრი აქვს ზელენსკის.

“იცით რა, მე ასეთი მეგობრობა არ მესმის. როცა იცი, რომ ეს ადამიანი თავის ქვეყანაში დამნაშავედ არის გამოცხადებული, თავის ქვეყანაში ვერ ჩადის და ამ დროს მოქალაქეობას აძლევ, ეს ჩვენ არაფერს დაგვაკლებს, მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი, მეგობრობას არ ჰგავს. ალბათ, რაღაცნაირად აისახება ურთიერთობებშიც... დავამთავრე ამ ჩებურაშკაზე ლაპარაკი. ეს ადამიანი დაუღლელი ბოროტებაა, ირბენს, ალბათ, ისევ სახურავებზე, წყალს აამღვრევს, შხამს გამოსცემს და ამ ადამიანზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში ხალხს უკვე, მე მგონი, მობეზრდა. ვნახოთ, ის ახლად არჩეული პრეზიდენტიც თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ როგორ იმოქმედებს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს კაცი, თორემ ჩვენ ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს მისი მოქალაქეობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილი.

“ცნობისათვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა 22 მაისს წერილით მიმართა ვლადიმირ ზელენსკის, დაებრუნებინათ მისთვის უკრაინის მოქალაქეობა. წერილში მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას სააკაშვილი “უკანონოს” უწოდებდა, ვინაიდან, მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არსებული მეთოდით მოქალაქეობის ჩამორთმევას. განცხადებიდან 6 დღეში კი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება “„რამდენიმე პირისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ”. ამავე განკარგულებით, ცვლილება შედის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 2017 წლის 26 ივლისის განკარგულებაში, საიდანაც ამოღებულია ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 2017 წლის ივლისში სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა 2021 წლის 13 თებერვლამდე აუკრძალა. ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტოლებას სააკაშვილი “ფეისბუქზე” გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს. შემდეგ კი განცხადებები მედიითაც გააკეთა და კიევში დაბრუნება დააანონსა. “კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრი არის საქართველოზე და უკრაინაზე”, - აცხადებს სააკაშვილი “კურიერთან” და დასძენს, რომ ის “დაეხმარება უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც დიდი ხანია იცნობს და დაეხმარება უკრაინელ ხალხს”, - დასძენს გამოცემა.

ჰიბრიდული ომის ახალი ეპიცენტრი - კოსოვო შეტაკებების ზღვარზეა, სერბეთის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია

“კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. მუნიციპალიტეტების ქუჩებში სირენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ხმა ისმოდა, რაც რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივმა სერბებმა ქუჩაში ბარიკადების აშენება დაიწყეს, თუმცა კოსოვოს სპეცრაზმმა ეს ბარიკადები დაანგრია. რამდენად რეალურია, რომ საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდეს და ამ ყველაფერმა უფრო გლობალური სახე მიიღოს? ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას შეტაკებების დაწყებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ არსებული ვითარება შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს ისეთმა დიდმა სახელმწიფოებმა, როგორიც აშშ და რუსეთი გახლავთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჰიბრიდული ომის ახალი ეპიცენტრი - კოსოვო შეტაკებების ზღვარზეა, სერბეთის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია.

“არ არის გამორიცხული ამ მხარეში შეტაკებები დაიწყოს. სიტუაცია როგორ განვითარება არავინ იცის, იმედია, მხარეები მშვიდობიანად მოაგვარებენ, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ორივე მხარე მზად არის რადიკალური ქმედებებისათვის. ასე რომ, სიტუაცია საკმაოდ რთულია. მეტოქიაში თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ეს ბალკანეთსაც გადაედოს, - ვიცით, რომ შესაბამისი პრობლემები მაკედონიაშიც არსებობს. პირველი ფაზა კოსოველების მხრიდან იქნა დაწყებული, თუმცა, შესაძლოა რუსებმა ეს თავისთვის გამოიყენონ და საკუთარი ინტერესებიც განახორციელონ. კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული ვითარების ფონზე, აშშ-რუსეთი შეიარაღებულ ომს ერთმანეთის წინააღმდეგ არ დაიწყებენ, მაგრამ ის, რომ კოსოვოელებს, - აშშ, ხოლო სერბებს რუსეთი უჭერს მხარს, ფაქტია. მიმდინარე მოვლენებს ორივე მხარე (აშშ-რუსეთი) საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებს, შეიძლება გარკვეულწილად ჰიბრიდული ომის ელემენტებიც ვიხილოთ აშშ-რუსეთს შორის, რადგან ფრონტი არის მთლიანად აღმოსავლეთ ევროპა, - ბალტიისპირეთი და შესაძლოა ბალკანეთიც ახალი დაპირისპირების ერთგვარი კერა გახდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“კოსოვოში სროლის შედეგად სულ მცირე ორი სერბი დაიჭრა. ჟურნალისტების ცნობით, ორმხრივი სროლა კოსოვოს სპეცრაზმის წევრებსა და დაუდგენელ პირთა ჯგუფის წევრებს შორის მიმდინარეოებდა. მომხდარს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი გამოეხმაურა, რომელმაც სერბეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა. მისი განკარგულებით სერბეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ბელგრადი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს დაიცავს. “სერბეთის რეაქცია იქნება თავშეკავებული, მშვიდი, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს”, - განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში. სერბეთის ლიდერის განცხადებით, კოსოვოს სპეცრაზმი 26 სერბი პოლიციელისა და 15 მოქალაქის დაკავებას შეეცადა. ხოლო მათი დაკავების საბაბად კოსოვოში აღნიშნული პირების კორუფციაში ჩართულობა დაასახელეს. კოსოვოს პოლიციის მიერ დაკავებული 23 ადამიანიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გაეროს მისიაში მსახურობს. ვახტანგ მაისაია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიციიის ქმედებას თავხედურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა ყოველთვის მწვავედ იდგა, რაც სწორედ კოსოველი სეპარატისტების “დამსახურებაა”, - წერს სტატიის ავტორი.

“კოსოვოელი სეპარატისტების ქმედება ძალიან თავხედურია, - მათი პოლიციური ძალები სერბეთის დასახლებულ ოთხ რაიონში შეიჭრნენ და არაკანონიერი დაპატიმრებები მოახდინეს, - მძევლად 13 ადამიანი აიყვანეს. საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, რაც აბსოლუტურად მართალია და არ აღიარებს ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა. ეს პრობლემა ყოველთვის ძალიან მწვავე იყო კოსოველი სეპარატისტების ქმედებების გამო, ისინი ჩართულები არიან გარკვეულწილად შავ ტრანზიტში, რისი ერთგვარი ეჭვები ყოველთვის არსებობდა. ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოს თავისი დამოუკიდებელი რამდენიმე აქვს, სადაც 8 რაიონი შედის, - კოსოვოს ე.წ. დამოუკიდებლობას არ ემორჩილებიან და სერბეთის შემადგენლობაში რჩებიან”, - ამბობს მაისაია. უნდა აღინიშნოს, რომ კოსოვოში მოსახლეობის 90% სერბია, რომელთაც არ სურთ კოსოვოს ე.წ. დამოუკიდებლობა. კოსოვოს პოლიციის მიერ მოქმედება იშვიათია და ყოველთვის სერბების რისხვას იწვევს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა