კახა კალაძე - გუშინდელმა სეტყვამ და წვიმამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორია, როცა ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას

გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირზე,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

„მინდა დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დღეს საღამოდან კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა. გვინდა, რომ მთლიანად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. გუშინდელმა სეტყვამ და წვიმამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორია, როცა ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. მხოლოდ ასფალტის დაგება არ არის გაკეთებული საქმე. გუშინდელმა დღემ გვაჩვენა რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სადაც შევდივართ სარეაბილიტაციო სამუშაოების კუთხით, ფუნდამენტურად უნდა განვახორციელოთ ცვლილებები. ამ მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირზე გვაქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. იმის გამო, რომ კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში, მთლიანად ჭავჭავაძის გამზირს ვერ გადავკეტავდით, ამიტომ მოხდება ლოკაციების შერჩევა და კონკრეტული ადგილების გადაკეტვა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მილიონი ლარია“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა ნაგვის ურნების მიწის ქვემოთ განთავსების შესახებ ინფორმაცია.

„გარდა ამისა, წინა მთავრობის სხდომაზე დავავალე თბილსერვისის ხელმძღვანელს, რომ ნაგვის ურნები განთავსებულიყო მიწის ქვემოთ, თუმცა ეს ბევრმა არასწორად გაიგო და წარმოდგენა ჰქონდათ, რომ მიწის ქვემოთ უნდა ევლოთ ნაგვის გადასაყრელად. ეს ასე არ არის. ნაგვის ურნები განთავსდება მიწის ქვემოთ, თქვენ ჩვეულებრივად გადაყრით ნაგავს, როგორც აქამდე. ასევე, ეს იქნება სეპარირებული“,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო