აკაკი ცომაია -  მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება ისაა, რომ ფულადი აქტივების შემოდინება მცირდება - ლირის გავლენა ლარზე არ შეიძლება, რომ ამდენი ხანი გრძელდებოდეს

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება ისაა, რომ ქვეყანაში უცხოური ფულადი აქტივების შემოდინება მცირდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ექსპერტი განმარტავს, მთავარი მიზეზი რის გამოც ლარი უფასურდება მოზიდული უცხოური სახსრების, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაა, რაც იმპორტდამოკიდებულების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე ლარის გაუფასურებას იწვევს.

„ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, მიმდინარე ანგარიშების ბალანსი არის დეფიციტური, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დეფიციტი უნდა გადაიფაროს მოზიდული სახსრებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, უცხოური სესხებით და ასე შემდეგ.

პრობლემა ისაა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, ასევე მცირდება მოზიდული სესხები, ამიტომ მოზიდული უცხოური სახსრები არ ყოფნის იმპორტის შესყიდვას, შესაბამისად, იმპორტი უნდა შემცირდეს, იმპორტი რომ შემცირდეს ლარი უნდა გაუფასურდეს. სწორედ ეს იწვევს ლარის გაუფასურებას,“-აცხადებს აკაკი ცომაია.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებაზე თურქეთის ფაქტორის გავლენას, ექსპერტის შეფასებით, ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს და მოკლევადიანი ფაქტორია, რომლის მოქმედებაც ლარის კურსზე არ შეიძლება, რომ ამდენი ხანი გრძელდებოდეს.

„ეს მოლოდინებთანაა დაკავშირებული, გარკვეულ გავლენას ლარის კურსზე ესეც ახდენს. როდესაც ლირა უფასურდება, მოლოდინია, რომ ლარიც გაუფასურდება და იმპორტიორები ამ შემთხვევაში ცდილობენ, რომ დააკონვერტირონ ლარი დოლარში. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის, ეს ლარის გაუფასურებაზე მოქმედი მოკლევადიანი ფაქტორია. ლირის გავლენა ლარზე არ შეიძლება, რომ ამდენი ხანი გრძელდებოდეს,“-აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, რამდენად სწორია ეროვნული ბანკის პოლიტიკა და უნდა გადადგას თუ არა სებ-მა კონკრეტული ნაბიჯები გაცვლითი კურსის სტაბილიზაციის მიზნით, ექსპერტი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი სწორად იქცევა, რადგან მისი ჩარევა კურსის დასტაბილურების ხარკზე ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

„ეროვნულ ბანკს აქვს მარტივი არჩევანი, ან უნდა გაზარდოს სარგებლის განაკვეთი, რაც სესხებს შეამცირებს და ეკონომიკაზე მოახდენს ცუდ გავლენას ლარის კურსის შენარჩუნების ხარჯზე, ან თავი დაანებოს ლარის კურსს და შექმნას ისეთი მდგომარეობა, რომ ეკონომიკის შეფერხება არ გამოიწვიოს. ამდენად, ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი სწორად იქცევა“,-აცხადებს აკაკი ცომაია.

შეგახსენებთ, რომ ხოლოდ მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტა 8 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7876 ლარს შეადგინს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს