გია ვოლსკი - ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, მაგრამ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, სააკაშვილის მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ

მიხეილ სააკაშვილი ავანტურისტია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. გია ვოლსკის თქმით, სააკაშვილის უკრაინის პოლიტიკაში ჩართვა დამაზიანებელი იქნება, ვინაიდან მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტი მატყუარაა.

„მე საერთოდ თავს შევიკავებდი ზელენსკის გადაწყვეტილებების შეფასებებისგან, ვინაიდან ერთად ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ და უკრაინას. ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი ყველა მიმართულებით, მათ შორის ამ დაძაბულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, მოკავშირეობის თემა ჩვენთვის პრიორიტეტულია.

რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, მე ვფიქრობ, რომ ავანტურისტია. მნიშვნელოვნად დაუპირისპირდა დასავლეთის ინტერესებს როცა საქართველოს პრეზიდენტი იყო, მათ შორის 2008 წლის წინა პერიოდში. ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების ყველანაირი იგნორირება მოახდინა. ამასთანავე სააკაშვილი ადამიანია, რომელიც ყველა ნაბიჯზე ყველა საკითხთან დაკავშირებით იტყუება. აქედან გამომდინარე, უკრაინისთვის მისი ჩართვა გარკვეულ საქმიანობაში სწორი არ იქნება და დამაზიანებელი იქნება.

ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, მაგრამ როდესაც სასწორზე დებ ამ ორ საკითხს გლობალური მასშტაბით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, ვიდრე ის, თუ სააკაშვილის მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს