ნინო კალანდაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით პროცესი არა თუ დეესკალაციისკენ, არამედ ესკალაციისკენ მიდის და ეს დროში ემთხვევა ზურაბიშვილის განცხადებას

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის შეფასებით, პოლიტიკური მოლაპარაკებები საქართველო-აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით ჩიხშია შესული. როგორც კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, მსგავსი ესკალაციების დროს ხდება პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმოება იმაზე, თუ რამ გამოიწვია პრობლემა და შემდეგ უკვე ხდება ვითარების დეესკალაცია. კალანდაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი ამ ეტაპზე დეესკალაციისკენ არ მიდის, შესაძლებელია ვარაუდი, რომ პოლიტიკური მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

„ახლა პროცესი არა თუ დეესკალაციისკენ, არამედ პირიქით, ესკალაციისკენ მიდის. ეს ესკალაცია დროში პირდაპირ ემთხვევა ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც გაკეთდა ჯერ ადგილზე, ბაქოში მოლაპარაკების შემდეგ. ცხადია შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილისგან დაუდევრული და წინდაუხედავი განცხადება, რომ არა უცნაური გარემოებების დამთხვევა“, - განაცხადა კალანდაძემ და ის გარემოებები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, აშკარას აჩენს, რომ პრეზიდენტის განცხადებები წინდაუხედავი არ იყო. კალანდაძე ერთ-ერთ გარემოებად ზურაბიშვილის ძველ თანამდებობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობას ასახელებს და ამბობს, რომ როგორც ყოფილმა მინისტრმა, იცოდა თემის როგორც სიმწვავე, ისე სენსიტიურობა. ამასთან, კალანდაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის საწინააღმდეგო პოზიციებით არამარტო პრეზიდენტობისას, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიც გამოირჩეოდა.

რაც შეეხება ჩიხიდან გამოსვლის გზებს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ მისი აზრით გამოსავალი ერთადერთია და ის გადაწყვეტილების მიმღებ პირზე ზეწოლის მოხდენაშია.

„მოლაპარაკებები პრაქტიკულად ჩიხშია, როგორც ჩანს, და ერთადერთ გამოსავალს, რასაც ვხედავ არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ზეწოლა უნდა მოახდინოს ივანიშვილზე, იმიტომ, რომ ალიევი ბახტაძეს არ დაელაპარაკება. ალიევი ბახტაძეს სწორად არ აღიარებს. ნებისმიერი აქცია, ჯაჭვი თუ რაც იქნება, უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, რომლებიც შეძლებენ დროებით მაინც ეს ესკალაცია ჩაახშონ“, - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

რაც შეეხება ამ პროცესებში რუსულ კვალს, როგორც ის ამბობს, ეს კვალი საზოგადოებამ და საპატრიარქომ ლოგიკურად და სწორად დაინახა.

„საკითხი ტექნიკურ პრობლემაში არ არის. პრობლემა არის იმაში, რომ ეს საკითხი იწვევს პოლიტიკურ პრობლემას და მერე ხდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც რეალურად ჩადებული აქვს ეს ნაღმი. 23 წელია ეს პრობლემა ვერ დაარეგულირეს, ვინაიდან ამის უკან დგას პოლიტიკური ბერკეტი, როგორც ჩვენი მეზობლის ხელში, რომელსაც, რაც არ უნდა კარგი მეზობელი იყოს, თავისი სტრატეგიული, ელექტორალური და კომერციული ინტერესები აქვს და საჭიროების შემთხვევაში, იყენებს ხოლმე ამას საქართველოსთან მოლაპარაკებებში და რასაკვირველია ეს არის კიდევ პოლიტიკური ბერკეტი რუსეთის ხელში, რომელიც ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას წლებია ხელს უშლის“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო