ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ სპეციალისტებს შეხვდა, რომლებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ დასავლეთ საქართველოში მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის მუშაობას, მონიტორინგის სისტემას, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს. დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შეხვდნენ ფერმერებს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მავნებელი არ არის გავრცელებული, თუმცა მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალ ზელანდიელმა და ავსტრალიელმა სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა და მას მავნებელთა ბრძოლის წარმატებული გამოცდილება - სისტემური და კოორდინირებული მიდგომა აქვს. ამ გამოცდილების გაზიარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მავნებლის გავრცელების საფრთხის წინაშე დგანან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ავსტრალია და ახალი ზელანდია სოფლის მეურნეობის კუთხით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყნები არიან. ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აზიური ფაროსანას გავრცელებამ, საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. შესაძლოა, ეს გამოწვევა სხვა ქვეყნების წინაშეც დადგეს. შესაბამისად, საქართველოს გამოცდილების და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეხმარება როგორც პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერის ქეთრინ დათის განცხადებით, საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით კოორდინირებული მიდგომა აქვს.

„საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ყველა რგოლთან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რომელიც ჩვენ ვისწავლეთ კოორდინირებული მიდგომა ყველა იმ პირების მონაწილეობით, რომელზედაც ზეგავლენას ახდენს ფაროსანა. ამიტომაც ჩვენ ვულოცავთ საქართველოს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ გააკეთეთ ის, რაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია“,- განაცხადა ქეთრინ დათიმ

ახალი ზელანდიელი და ავსტრალიელი სპეციალისტების ვიზიტი, მიმდინარე წლის მარტში, საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციის „აზიურ ფაროსანასთან და მავნებლებთან ბრძოლა“ ფარგლებში დაიგეგმა. კონფერენციას 26 ქვეყნიდან დარგის სპეციალისტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა