ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზეც იქნება შესაძლებელი

ფარული და ასევე, კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზეც იქნება შესაძლებელი.

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შესაძლებელია, თუ გამოძიება დაწყებულია და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან “სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ამ მუხლების ჩამონათვალი ფართოვდება და მას სამოხელეო დანაშაულების მთლიანი თავი (თავი XXXIX) ემატება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა ყურადღება გამახვილებული.

განმარტებით ბარათში წერია, რომ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო.

“2017 წლის 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე - “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (N72508/13) გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა (რომელიც 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა) კანონიერი იყო. დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 5.1 მუხლი, აგრეთვე 5.3 მუხლი (რაც ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხება).

ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა კონვენციის 5.3 მუხლის დარღვევა საქართველოს სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე, 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში - 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდი). ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ ეპიზოდთან მიმართებით დადგენილი დარღვევა განპირობებულია, სხვებს შორის, იმ გარემოებით, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მომჩივნის, ი. მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების მიზნით, ვერ მოხდა მის მიერ დასახელებული შესაბამისი პირების სატელეფონო ჩანაწერებისა და მობილური კავშირის ანძების მონაცემების შემოწმება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 21 ივნისს, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან

დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სატელეფონო კავშირებისა და ანძების გადამოწმების შესაძლებლობას, სსსკ-ის XVI თავის (კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები) 136-ე მუხლის (დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა) პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც აღნიშნული მუხლითაა გათვალისწინებული, ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143/2-143/10 მუხლების დებულებები, რომლებიც ზემოთ არის მიმოხილული.

აქედან გამომდინარე, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო.

საქართველოს მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება კანონში არსებული ჩანაწერის გამო იყო შეუძლებელი, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა. აღნიშნულ საქმეზე განახლებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება მოქმედი კანონმდებლობით ამჟამადაც მოკლებულია ამგვარი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ახლავს თან.

ცვლილებები პარლამენტს იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა