პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ”ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა. კოდექსის პროექტი, რომელიც თანმდევ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ 28 მაისის პლენარულ სხდომაზე წარადგინა, დღეს 86 ხმით (ერთი წინააღმდეგი), პირველი მოსმენით მიიღეს.

კანონის პროექტი არეგულირებს, ბავშვის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას, ბავშვის უფლებას ოჯახზე, ალტერნატიულ ოჯახურ ზრუნვაზე, განათლების მიღებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, ცხოვრების სათანადო პირობებზე და განვითარებაზე, ძალადობისგან დაცვაზე, მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე და ბავშვის უფლებას მართლმსაჯულებაზე.

“ჩვენ გვჭირდება ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც იქნება ჩვენი ხედვა თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მომავალ თაობებზე. ჩვენი სამშობლო იქნება ზუსტად ისეთი, როგორ ფუნდამენტსაც ჩვენ ახლა ჩავყრით ბავშვებში. ამიტომ მგონია, რომ ეს პაკეტი იქნება საკანონმდებლო საფუძველი იმ ფუნდამენტური რეფორმისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს სიღარიბის შემცირებას, კრიმინალის შემცირებას, ძალადობის თავიდან აცილებას და აზარტული თამაშების, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შემცირებას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ “ქართული ოცნების“ პოლიტიკური დოკუმენტი - ეს არის საკითხი, რომელიც ყველა პარტიას, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს და მთლიანად საზოგადოებას ეხება.

“ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს საერთო კონსესუსის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების კეთილდღეობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - აღნიშნა კილაძემ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი 4 კარის, 14 თავის და 100 მუხლისგან შედგება. კოდექსის მიერ გაცხადებული მიზანი - მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა - განმარტებულია როგორც ბავშვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, მორალური განვითარების და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე, მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა