გედევან ფოფხაძე ანრი ოხანაშვილს - შეურაცხყოფას  არ დაგივიწყებ, გპირდები - კარგი მეხსიერება მაქვს!

დეპუტატების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირების მიზეზად იქცა.

საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს ეხება, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს და ადმინისტრაციულ საქმეებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებას ითვალისწინებს. არსებული რეგულაციით კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბესელია-ფოფხაძის პროექტზე უარყოფითი დასკვნა წარადგინა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ახალ საკანონმდებლო პროექტს თავად მოამზადებს.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი ვერსია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სწორად და ლოგიკურად აღსრულების შესაძლებლობას არ იძლევა. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოზიციების შეჯება ვერ მოხდა.

“თავის დროზე ინიციატორებს, მათ შორის მომხსენებლებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ. ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე არ ცხადდებოდნენ, რითაც ვადა გაწელეს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა დარღვეულიყო და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავის დროზე არ აღსრულებულიყო. წარმოდგენილი ვერსია არ შეესაბამება იმ ლეგიტიმურ მიზანს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩადო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანიშვილს თავდაპირველად გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა და მიმართა, რომ მას პირად შეურაცხყოფას არ დაუვიწყებს.

“რასაც ანრის გამოსვლას ვუსმინე და რაც კომიტეტზე ხდებოდა, ეს უფრო ჰგავს იმას, რომ გინდა ოპონენტს პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენო და არაკომპეტენტურობა დააბრალო. რაც მომაყენე გავიგე და არ დაგივიწყებ, გპირდები - კარგი მეხსიერება მაქვს! ამაზეც მიიღებ პასუხს დროთა განმავლობაში, ისე როგორც სხვა რაღაცეების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უფლებრივ საკითხთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, აქვს თუ არა ადამიანს უფლება დაიცვას უფლებები სასამართლოს მეორე ინსტანციაში. მინდა ყურადღება მიაქციოთ, რატომ არ უნდათ, რომ ეს ინიციატივა მიიღონ. მე საკონსტიტუციო სასამართლომ უფლება მომცა, რომ რაღაც მეორე ინსტანციაში გავასაჩივრო. ესენი ამბობენ, დიფერენცირება მოვახდინოთ იმის მიხედვით, რამდენია ფინანსური ხარჯი და დავის ოდენობა. თუ ჩვენ უფლებაზე გავდივართ, ჩემთვის 5-ათასი ლარი შეიძლება მილიონი იყოს, ვიღაცისთვის კი, 1 ლარიც არ იყოს. თქვენ გამოდიხართ არა ადამიანის უფლებებიდან, ვისი უფლებებიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაიცვა, არამედ მოსამართლეების უფლებებიდან, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები საქმე განიხილონ. კიდევ ერთ შეკვეთას უსრულებთ მურუსიძე-ჩინჩალაძეს და მაგ კლანს. რაც გინდათ გაიტანეთ, რაც გინდა, ნუ გაიტანთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ბოლომდე“, - მიმართა ოხანაშვილს გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს