ემზარ კვიციანი - 9-წლიანი რეჟიმის შემდეგ, ჩვენი  მოქალაქეები დანევროზებულია,  ოჯახები პატარა კამათის გულისთვის ინგრევა - როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახებს დანგრევისაგან?

იმ 9-წლიანი რეჟიმის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეები დანევროზებულია, რომლებიც თავს ვერ იკავებენ და ოჯახები პატარა კამათის გულისთვის ინგრევა - როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახებს დანგრევისაგან? – აღნიშნული კითხვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ემზარ კვიციანმა “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის განხილვისას დასვა.

“რას იტყვით თაღლითობაზე, რაც არსებობს გინდ ქალების და გინდა კაცების მხრიდან? ქალი ოჯახს თაღლითურად რომ შექმნის, მერე ქონების გულისთვის გაეყოფა და ამას ძალადობას დააბრალებს, ეს თუ არის გათვალისწინებული? არ ვარ წინააღმდეგი, რომ კანონი დაიხვეწოს, ოღონდ საკითხს ფაქიზად მოვეკიდოთ, რადგან ეს არის ოჯახი. შეიძლება ევროპელებსა და ამერიკელებისგან რაღაც ტექნოლოგიები ვისწავლოთ, მაგრამ ოჯახური ტრადიცია შეიძლება იქით ვასწავლოთ ძალიან ბევრს“, - განაცხადა კვიციანმა პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომლის მიზანი ოჯახში ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენციაა. პროექტი დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ გააცნო.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოძალადეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური კურსის გავლა მოუწევს. კანონპროექტით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისათვის სავალდებულო გახდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა, რათა მაქსიმალურად იქნას არიდებული თავიდან განმეორებითი ძალადობა.

ფსიქიატრიული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მოძალადეს, მსხვერპლის განცხადების საფუძველზე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალება - თუ მოძალადე პენიტენციური დაწესებულებიდან მსხვერპლის მიმართ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს ახორციელებს, მსხვერპლს საშუალება ექნება პენიტენციური ან ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციისგან ამ ზარების შეზღუდვა მოითხოვოს.

ასევე, მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი უქმდება. ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, სამოქალაქო სამართლებრივ დავებზე, სასამართლოში სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდება. საკანონმდებლო ცვლილება მსხვერპლს საშუალებას აძლევს მაგალითად, მოძალადესთან ქონებრივი დავა, ფინანსური დანახარჯების გარეშე მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვიტოს.

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის სასამართლოს მხრიდან ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება იკრძალება. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, ამ კატეგორიის საქმეებზე, ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება აიკრძალება.

“პრაქტიკაში, როგორც წესი, ჯარიმის თანხა, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცელი ოჯახების შემთხვევაში, მსხვერპლს და მის შვილებს აწვებათ ტვირთად. ამდენად, მსხვერპლისა და მისი შვილებისთვის ზედმეტი ფინანსური ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოძალადეს შესაძლოა დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების აღკვეთა ან კანონით გათვალისწინებული სხვა სასჯელი“, - განმარტავს სოფიო კილაძე.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, მოძალადეს პენიტენციური სისტემიდან განთავისუფლების შემდეგ, პოლიციელები პერიოდულად გადაამოწმებენ. ცვლილების მიხედვით, პოლიცია პენიტენციური თუ ფსიქიატრიული სისტემიდან განთავისუფლებულ მოძალადეს პერიოდულად შეამოწმებს რათა, განმეორებითი ძალადობის რისკი დოულად შეაფასოს და პრევენცია მოახდინოს.

დღეს არსებული რეგულაციით, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლებამდე, მოძალადე მსჯავრდებულის ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე, მისი ქცევებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება ხდება. ახალი ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, პოლიცია ამ შეფასების დოკუმენტზეც შეძლებს წვდომას.

პოლიცია ასევე ვალდებული ხდება, მოსამართლის მიერ უკვე გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგი აწარმოოს და საჭიროების შემთხვევაში თავადაც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს