ეკა ბესელია - როცა ანრი ოხანაშვილი გავიცანი, ევროსაბჭოსა და ევროკავშირს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან

როცა ანრი ოხანაშვილი გავიცანი, ევროსაბჭოსა და ევროკავშირს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან, - ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მისამართით დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

“როგორც კი საქმე სასამართლოს შეეხება, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ძალიან ანგარიშვალდებული ხართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე, უცბად ანერვიულდებით ხოლმე. იმდენად ანგარიშვალდებული ხართ სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს წინაშე, რომ ფიანდაზად ეგებით. იმდენად ანგარიშვალდებული, რომ გავიწყდებათ, უწყინარი საკითხებიც რომ არსებობს და ასე ფიანდაზად გაგება არ სჭირდება. ძალიან მარტივი საკითხია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება. ეს წერია კონვენციაში. მესმის, რომ ანრი ოხანაშვილს ეს არ ესმის, რადგან რომ გავიცანი, ევროსაბჭოს და ევროკავშირს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა. პირველი, რითიც დამამახსოვრა თავი, ნახევარი საათი ვუხსნიდი, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება არის სავალდებულო. იურისტმა რომ არ იცის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები რა არის, გასაგებია, რომ არ ესმის უფრო ისეთი სიღრმისეული საკითხები, როგორიცაა გასაჩივრებისა და დასაშვებობის ეტაპები. არაკომპეტენტურობასთან ერთად, ჩვენ საქმე გვაქვს ღია, დეკლარირებულ მსახურებასთან”, – განაცხადა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს ეხება, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს და ადმინისტრაციულ საქმეებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებას ითვალისწინებს. არსებული რეგულაციით კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბესელია-ფოფხაძის პროექტზე უარყოფითი დასკვნა წარადგინა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ახალ საკანონმდებლო პროექტს თავად მოამზადებს.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი ვერსია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სწორად და ლოგიკურად აღსრულების შესაძლებლობას არ იძლევა. მისივე თქმით, საკითხზე პოზიციების შეჯება ვერ მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა