ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2019

“ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე

დავით ზურაბიშვილი - “სააკაშვილს არც უკრაინაში და არც საქართველოში პერსპექტივა არ აქვს”

რა უნიკალური ეროვნული ფასეულობებია დავითგარეჯის გამოქვაბულ-მონასტერთა გრანდიოზულ კომპლექსში

* * *

“ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე

“მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს, სულ რაღაც 10 დღეში გაიმართება, სადაც “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ბლოკიდან შალვა შავგულიძე “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძეს დაუპირისპირდება და უკვე ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა, ვინც პირველ ტურში დამარცხდა, უარი განაცხადა ამ ბრძოლაში ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ოპოზიციონერი შალვა შავგულიძისთვის დაეჭირა მხარი. პირველი ტურის შედეგებით ოპოზიციას ჯამში მეტი ხმა აქვს, ვიდრე “ქართულ ოცნებას”, ამიტომაც, ზოგადად, ოპოზიციურ სპექტრში ეს გვერდზე გაწევა სწორედ “ოცნებას” აძლევს ხელს და როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, ამ ნაბიჯით ოპოზიცია, ნებსით თუ უნებლიეთ, “ოცნების” თამაშს თამაშობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე.

“ანალიტიკოსი გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციის განზე გადგომა, ეს მათ უმწიფრობაზე მიუთითებს და ეს არის “ოცნების” ნარატივის ხაფანგში თავის გაბმა: ქართული ოცნების” ტექნოლოგია არის ძალიან მარტივი, რომელიც წარმატებით მუშაობს - ძლიერი კანდიდატის აბსურდული დისკრედიტაცია და ოპოზიციისთვის კომპლექსის გაჩენა, “რაღაც არ დამაბრალონ”, “ნაციონალობა არ დამაბრალონ” და სჯობს, ხელები დავიბანო. სამწუხაროდ, “ოცნების” ამ ხაფანგში ხვდება ყველა ოპოზიციონერი კანდიდატი და ახლაც ეს ვნახეთ. ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერის გამოხატვა მთაწმინდაზე შედეგის თვალსაზრისით დიდ არაფერს შეცვლიდა, თუმცა, მათი უარი ბევრს გვეუბნება თავად ამ კანდიდატებზე. ეს მათ სისუსტეზე მეტყველებს. ხომ ხედავენ ეს პარტიები, რომ მარტო არაფრის თავი არ აქვთ და რატომ წვავენ ხიდებს შესაძლო სამომავლო პარტნიორებთან, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის არაპროფესიონალიზი და კომპლექსი, მეტი არაფერი”, - ამბობს ხუხაშვილი, რომლის აზრით, “პოლიტიკაში კომპლექსებით სიცოცხლის უნარიანი ვერ იქნები”. - აღნიშნავს გამოცემა.

“ცნობისათვის, მთაწმინდის არჩევნების პირველი ტურის შედეგები ასეთია: ლადო კახაძე - 41%, შალვა შავგულიძე - 37% და ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება მეორე ტურში ერთმანეთს. მესამე ადგილზე გავიდა ლევან იოსელიანი - 6,5%-ით, მეოთხეზე ჰერმან საბო - 5%-ით და მეხუთეზე გრიგოლ გეგელია - 3%-ით. დაახლოებით 3-3% აიღეს სოფო ხორგუანმა და კობა დავითაშვილმაც. ჯამში, ოპოზიციას მეტი ხმა აქვს, ვიდრე “ოცნებას” და ამიტომაც როგორც პირველი ტურის წინ იყო, ახლაც “ოცნების” პროგრამაში კრიტიკის მთავარი ქარცეცხლი შალვა შავგულიძის მიმართა. მმართველი პარტიის თავდასხმის ძირითადი ხაზი უცვლელია - შავგულიძის მიერ სტრასბურგში მოგებული გირგვლიანის საქმეზე შავგულიძის კრიტიკა. რა მოხდება მეორე ტურში, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა, ამ ბრძოლაში ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანება არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურის დასრულების შემდეგ შალვა შავგულიძემ თავად მოუწოდა ყველა კანდიდატს ოპოზიციური ხმების კონსოლიდირებისკენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“შავგულიძის ამ მოწოდებას მაშინ მხოლოდ “ნაცმოძრაობა” გამოეხმაურა, რომელიც პირველივე ტურშიც შეთანხმებული იყო, რომ მთაწმინდაზე შავგულიძეს კონკურენტად არავის დაუყენებდა. მეორე ტურისთვის “ნაცმოძრაობის” სახელით შავგულიძეს მხარდაჭერა თავად მიხეილ სააკაშვილმაც გამოუცხადა. ხოლო ყველა იმ კანდიდატმა, ვინც მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს, მხარდაჭერის გამოცხადებაზე უარი ერთი მეორის მიყოლებით თქვა. უარის თქმის სიაში ერთ-ერთი პირველი “გირჩის” კანდიდატი ჰერმან საბო იყო, რასაც მაშინ საკმაოდ დიდი უკმაყოფილება-ბრალდებები მოჰყვა “ევროპულ საქართველოსა” და “გირჩის” ლიდერებს შორის. მაშინ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ შავგულიძე არის მხოლოდ “ფასადზე გამოდგმული თოჯინა” და “გირჩი” დარწმუნებული არ არის, რომ კარგია, თუ “ევროპული საქართველო” გაიმყარებს პოზიციებს, რადგან სწორედ ამ პარტიის ლიდერების მიერაა აწყობილი არსებული ძალადობრივი სისტემა და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ სისტემას ისევ უკან არ გადაიბარებენ”, - დასძენს გამოცემა.

“პირველი ტურის მეორე დღესვე თქვა მხარდაჭერაზე უარი ასევე გრიგოლ გეგელიამაც. სოფო ხორგუანმაც და კობა დავითაშვილმაც, რომლებმაც პირველ ტურში 3-3%-იანი მხარდაჭერა მიიღეს. არჩევნების მეორე დღესვე განცხადება გააკეთა ალეკო ელისაშვილის მიერ შექმნილი მოძრაობის წარმომადგენელმა და მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა, რომელმაც თქვა, რომ საკუთარ ამომრჩევლებს დაეკითხებოდა. ოთხშაბათს, 29 მაისს კი საბოლოო გადაწყვეტილებაც გამოაცხადა. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, რადგან ეს მისი ამომრჩევლის პოზიციაა - “ვადასტურებ პიროვნულ პატივისცემას შალვა შავგულიძის მიმართ, თუმცა ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენთვისაც მიუღებელია მხარი დავუჭიროთ მას არჩევნების მეორე ტურის წინ ერთი მიზეზით, მან პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა იმ გუნდს, რომლის მხარდაჭერა ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია”, - განაცხადა იოსელიანმა. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილის თქმით, იმაზე ადვილი არაფერი არ არის, ხელები დაიბანო და გვერდზე გადგომა რაღაცით ახსნა, თუმცა ოპოზიციამ აჩვენა ის, რომ უმწიფარია და “ოცნების” ხაფანგში მარტივად გაება”, - წერს სტატიის ავტორი.

“რასაც ხელისუფლების მხრიდან ვაკვირდებით შალვა შავგულიძესთან მიმართებაში, ეს სრული ცინიზმია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნებისმიერი საზოგადო მოღვაწე ოპონირებს მოქმედ ხელისუფლებასთან და თუ ამ ბრძოლაში მის გვერდით ვინმე, ხელისუფლების აზრით, დამნაშავე აღმოჩნდა, ეს ოპოზიციის ამ კანდიდატის პრობლემა კი არ არის, არამედ ხელისუფლების იმპოტენციის პრობლემაა. თუ ხელისუფლება თვლის, რომ ვიღაც დამნაშავეა, მაშინ ის ციხეში უნდა იჯდეს. ხოლო თუ ამის თავი არ აქვს და ხელს სხვისკენ იშვერს, რომ დამნაშავის გვერდზე როგორ დადგაო, რანაირად შეიძლება ხელისუფლება ასეთ რაღაცას ლაპარაკობდეს?! მით უმეტეს იმ ადამიანების პირით, რომლებიც თვითონ იყვნენ იმ დანაშაულის თანამონაწილეები, რა დანაშაულზეც ხელისუფლება ლაპარაკობს. ხელისუფლებამ სრულ აბსურდამდე დაიყვანა თავისი რიტორიკა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ელიტა სულ ამ ხაფანგშია გაბმული და აქიდან ვერ გამოდის. ხელისუფლების ბრალდებები, აბსურდია, თუმცა ამით პატარა, არაპროფესიონალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კომპლექსს უჩენენ და მერე ჩვენ ვხედავთ ამ კომპლექსების რეალიზაციას და მეტს არაფერს”, - დაასკვნის გი ხუხაშვილი, რომლის თქმით, მეორე ტურში ძირითადად გადამწყვეტი რესურსებია და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს უპირატესობა, მაგრამ სიურპრიზებს არ გამორიცხავს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

დავით ზურაბიშვილი - “სააკაშვილს არც უკრაინაში და არც საქართველოში პერსპექტივა არ აქვს”

“ მე მგონი, რომ შალვა შავგულიძე მეორე ტურში გაიმარჯვებს, რაც დარტყმა იქნება “ოცნებისთვის”, ძალიან კარგი კი მთლიანობაში ოპოზიციისთვის, რადგან ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა... რაც შეეხება ამ არჩევნების შემდეგ ოპოზიცის სამომავალო გეგმებს, არა მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაიშალოს. იგი კვლავ რჩება რეიტინგულ ოპოზიციურ ძალად და ამას აჩვენებს ყველა არჩევნების შედეგები”, - აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ივანიშვილი და ალიევი - “ალიევმა კარგად იცის ვინ იღებს საქართველოში გადაწყვეტილებებს”.

“ოპოზიციის შიგნით მიდის პროცესი, კონსულტაციები და რა კონფიგურაციას მიიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის საუბარი ნაადრევია, თუმცა, რაღაც კონფიგურაციას მიიღებს და ოპოზიციურ ძალებში გადაადგილება მოხდება. რევოლუციური გზა ხელისუფლების შესაცვლელად გამორიცხულია და ამაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს. სააკაშვილი თავისი განცხადებებით უფრო აზიანებს ოპოზიციის პერსპექტივას. არ მგონია, რომ სააკაშვილს უკრაინაში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს, რადგან ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ფიგურა არ არის, რომ უკრაინის პოლიტიკურ ლიდერი გახდეს. მიდგება-მოდგება და ეს არის. არც საქართველში აქვს პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, რომ მყარი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ უფრო მეტია ის ხალხი ვინც მისი კატეგორიული წინაღმდეგია და არ უნდათ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, მათ შორის ისინიც ვისაც ეს ხელისუფლება არ უნდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “თუმცა, სააკაშვილი თავის პერსპექტივას საქართველოში ამ ეტაპზე დავითგარეჯის პრობლემის მოგვარებაში ხედავს და ამბობს, რომ ბაქოში თავისი კავშირებით ამ პრობლემას მოაგვარებს...” - პასუხობს:

“ეს განცხადება არის პიარის კონტექსტში გაკეთებული. გააჩნია რას დავარქმევთ მოგვარებას - დავითგარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს ორივე ქვეყნის პირველ პირებს შორის; რა თქმა უნდა, ბახტაძეს არ ვგულისხმობ, არამედ ივანიშვილს და ალიევს. ალიევმაც ძალიან კარგად იცის, ვინ არის საქართველოში პირველი პირი და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს”.

რა უნიკალური ეროვნული ფასეულობებია დავითგარეჯის გამოქვაბულ-მონასტერთა გრანდიოზულ კომპლექსში

“გამოქვაბულ-მონასტერთა გრანდიოზული კომპლექსი, ერთი უდიდესთაგანი მსოფლიოში მდებარეობს თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კმ მანძილზე, იმ მთების კალთაზე, რომლებიც ივრისა და მტკვრის აუზებს ჰყოფს. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გამოქვაბულთა კლდეში გამოკვეთა საქართველოს უძველესი ხანის ისტორიიდან არის ცნობილი და ხშირად მთელ ქალაქად გვხვდება. ერთ-ერთი მათგანია დავითგარეჯა, რომელიც გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე 25 კმ მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს. მონასტერი დაარსდა 6 საუკუნეში, ასურელ მამათაგან ერთ-ერთის წმინდა დავით გარეჯელის მიერ, რომელიც თავის მოწაფე ლუკაიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უბანოში და დასახლდა მღვიმეში. აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმინდა დავითის ლავრა ეწოდება. გარეჯი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც “გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავითგარეჯის საიდუმლო - რა უნიკალური ნივთები აღმოაჩინეს მსოფლიოში უდიდეს გამოქვაბულ-მონასტერში.

“უძველესი მონასტერი დავითის ლავრა დაარსებულა მე-6 საუკუნეში ასურელი მამის დავით გარეჯელის მიერ. მის დროს შეიქმნა ორი სხვა მონასტერიც, რომელიც საერთო კომპლექსში შედის. ე.წ. დიდოს რქა და ნათლისმცემელი. სამი სხვა მონასტერი - უდაბნო, ჩიჩხიტური და ბერთუბანი უფრო გვიან დაარსებულა. შუა საუკუნეთა მანძილზე, თვით მე-18 საუკუნის მიწურულამდე არ შეწყვეტილა სამონასტრო ცხოვრება. სასულიერო და შემოქმედებითი მოღვაწეობა. განსაკუთრებული აყვავების ხანა მე-11-13 საუკუნეები იყო საქართველოს სამეფო გაერთიანების დროს, დავით გარეჯში მრავალი ასეული გამოქვაბული, სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზოა. ბევრი მათგანის კედლებმა შეოგვინახა დიდად მნიშვნელოვანი ძველი ფრესკები, ისტორიული პირების” - ასე აღწერს ნაშრომში “ქართული ხუროთმოძღვრება” დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს ცნობილი ქართველი მეცნიერი ვახტანგ ბერიძე. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, “გარეჯის მთას არს მონასტერი კლდესა შინა განკვეთილნი. სენაკნი, ტრაპზნი, პალატნი, ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი”. შემდეგ მისმა მოწაფეებმა დააარსეს კიდევ ორი მონასტერი დიდომ - დიდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემელი”. დავითგარეჯის მონასტრის შემდგომი განვითარება მე-9 საუკუნეში წმინდა მამის ილარიონ ქართველის სახელს უკავშირდება. მან გააფრთოვა და გადააკეთა წმინდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა ჩამოთვლის კიდევ რამდენიმე მონასტერს - აღდგომისა წამებული, თეთრ- სენაკები, მაღაზანა, ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პიროკუღმარი. მე-12 საუკუნეში დავითგარეჯის განვითარება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, იგი ხელს უწყობდა მონასტრების დაწინაურებას, ისინი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. შემდგომ საუკუნებში დაარსდა ახალი მონასტრები უდაბნო, ბერთუბანი და ჩიჩხიტური. გაფართოვდა დავითის ლავრა. აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზოები და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზარვუარები. 1265 წელს მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და ააოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები. მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში გიორგი ბრწყინვალემ დავითგარეჯა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად აქცია. მონასტრის მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებებში. მე-14 საუკუნის ბოლოს თემურლენგმა მრავალი ლაშქრობის დროს ცეცხლითა და მახვილით დაარბია დავითგარეჯის მონასტერი. ხოლო 1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს. 1639 წელს კი თეიმურაზ პირველმა სპარსელთა ლაშქრობის შემდეგ დანგრეული მონასტრები აღადგინა და აქ სამონასტრო ცხოვრება გაგრძელდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“დავითგარეჯას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისტორიაში, განსაკუთრებით გამოირჩევა კედლის მხატვრობა. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, უდაბნოს მონასტერში არსებულმა გარეჯის სამხატვრო სკოლამ, თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია. შემონახულია ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი. დავით აღმაშენებლის პორტრეტი ნათლისმცემლის მონასტერში. თამარისა და ლაშა გიორგის ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორთა - უდაბნოში, ასევე დავით გარეჯელის ცხოვრებიდან გამოსახული სცენები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია უძველესი არტეფაქტები, მათ შორის თამარ მეფის მონეტა, ნათლისმცემლის მონასტრის ზეოში, სპილენძის ორი თეფში წარწერით, ბრინჯაოს შანდლალი წარწერით “ქ. მეფე თეიმურაზი”, რომელიც მეფე თეიმურაზს გარეჯის მონასტრისთვის შეუწირავს. დავითგარეჯში მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები - ონოფრე გარეჯელი, დემეტრე პირველი, სულხან საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილი, ანტონ პირველი, ტიმოთე გაბაშვილი. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს. დავითგარეჯაში არსებობდა ხელნაწერთა მდიდარი საცავი”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო