პრეზიდენტი პროკურორებს - თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში - სასამართლო სისტემის მიმართ ნდობისთვის თქვენ მიმართ ნდობა აუცილებელია

თქვენ გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობა იმისა, რომ პროკურორის პროფესიას საბოლოოდ ჩამოაშოროთ ის დაღი, რომელიც დაესვა საბჭოთა პერიოდში, რომელმაც უახლოეს ისტორიაში საზოგადოებაში კიდევ ერთხელ შემოიტანა შიში,- ამ სიტყვებით მიმართა და მიულოცა პროფესიული დღე პროკურორებს საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა დღესვე 4 პროკურორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„დღეს ჩვენ პროკურატურის დღეს აღვნიშნავთ და ამით ვაცხადებთ, თუ რამდენად დიდია პროკურორების როლი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს პროფესიული დღესასწაული და გისურვოთ პროფესიული წარმატებები. თქვენ გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობა იმისა, რომ პროკურორის პროფესიას საბოლოოდ ჩამოაშოროთ ის დაღი, რომელიც დაესვა საბჭოთა პერიოდში, რომელმაც უახლოეს ისტორიაში საზოგადოებაში კიდევ ერთხელ შემოიტანა შიში. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი შესაძლებლობა, რათა გახდეთ ისეთი პროკურორები, როგორიც სჭირდება დემოკრატიული სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც დგას კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზე. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ტვირთი, რამეთუ საზოგადოება თქვენგან ელოდება ყველა იმ მტკივნეული საკითხის გადაწყვეტას, რომელიც ამძიმებს ჩვენს ცნობიერებას. თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობისთვის თქვენ მიმართ ნდობა აუცილებელია. ამდენად, თქვენს საქმიანობაში აუცილებელია მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი და რაც ყველაზე მთავარია, სინდისი. დღეს მე ღირსების ორდენით ვაჯილდოებ 4 პროკურორს, რათა ეს იყოს ნიშანი დაფასებისა და სტიმული თითოეული პროკურორისთვის, რომელიც ქვეყნის სამსახურში დგას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს პროკურატურის როლს და „ევროჯასტთან“ ურთიერთობის მნიშვნელობას.

„დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებელობის გზაზე დანაშაულის და კერძოდ ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ძლიერი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. იმედი მაქვს, რომ ამაში დაგვეხმარება ევროკავშირის სააგენტოსთან, „ევროჯასტთან“ ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება. მინდა მივესალმო „ევროჯასტის“ პრეზიდენტს ლადისლავ ჰამრანს, რომელიც ჩვენს გვერდით იმყოფება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, შეგვიძლია სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა, სექტორალური თანამშრომლობის გზით კიდევ უფრო მეტად გამოვავლენთ საკუთარ შესაძლებლობებს, განვამტკიცებთ ჩვენს პოზიციებს და ხელს შევუწყობთ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა