ირაკლი კობახიძე ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვის რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს.

პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძესა და მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, რაიმუნდას კარობლისს შორის გამართულ შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და კონკრეტული მიმართულებებით, თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაამახვილეს ყურადღება.

საუბრის ერთერთი ძირითადი თემა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა იყო. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში შეაქვს.

ხაზგასმით აღინიშნა ნატოს ეგიდით ჩატარებულ და სხვა მრავალმხრივ წვრთნებში ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა. თავის მხრივ, ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას გაუსვა ხაზი და ქართულ მხარეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, ახლადშექმნილ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მის მნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით.

„საქართველოსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობის თითოეული ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თანამშრომლობა გაღრმავდება - სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ შეხვედრაზე. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ლიეტუვის როლი, რომელიც აქტიურადაა ჩართული, მათ შორის, არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ლიეტუვა საქართველოსთვის ნატოში დადებით როლს ასრულებს, ის ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის ერთერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე განხილულ კონკრეტულ ინიციატივებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა გაძლიერდება კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.

„ლიეტუვას აქვს კონკრეტული ინიციატივები კიბერუსაფრთხოების სფეროში და საუბარია იმაზე, რომ საქართველო მაქსიმალურად აქტიურად იყოს ჩართული. კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვისაც და ამ მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება, ისევე, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენთვის“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ვაგრძელებთ ნაყოფიერ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ცხადია, ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას როგორც ნატოში, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“,- განაცხადა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა