საზოგადოება საქართველოს პროკურატურამ პროფესიული დღე აღნიშნა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღის აღსანიშნავად საქართველოს ევროჯასტის პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

ევროჯასტის პრეზიდენტმა პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან გამართა, სამახსოვრო ჩანაწერი შთაბეჭდილებების წიგნში დატოვა და შალვა თადუმაძესთან ერთად პროკურატურის ეზოში საქართველოსა და ევროჯასტის მეგობრობის ხე დარგო.

პროკურატურის თანამშრომელთა დღე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღინიშნა, პროკურატურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროჯასტის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიულოცეს. ამასთან, გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. „წლების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ამ უწყებამ და დღეს აქ ჩვენ ვართ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ევროპული სისტემის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო სისტემა. ბატონო გამომძიებლებო და ბატონო პროკურორებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ წარმატებას, ცოდნას და გისურვებთ, რომ იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც აკეთებთ, ჰქონდეს მაქსიმალური საპროკურორო დამოუკიდებლობა. ძალიან მტკიცედ მწამს და მჯერა, რომ ჩვენ მომავალში უფრო მოტივირებულნი გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ღირსებით, ცოდნით, თავისუფლებით“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ. ასევე, ევროჯასტის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე ქართულ ენაზე მიულოცა და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ერთობის და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საჭიროებას და მნიშვნელობას.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალური პროკურორის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში - კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ კი სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებით კეთილსინდისიერად, სანიმუშოდ და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისთვის, პროკურორებს საპატიო თანამშრომლის წოდება მიანიჭა და სამკერდე ნიშნები გადასცა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტმა ლუკას სტარმა მენეჯერი პროკურორებისთვის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე ევროჯასტის და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ევროჯასტთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა