სალომე ზურაბიშვილი - ყველა ენა არის მთავარი გამოწვევის წინაშე, რომ ის სიმდიდრე, რაც ენას გააჩნია, ყველგან შეტევის ქვეშაა

ძალიან მდიდარია ქართული ენა და ქართული ენით ძალიან ბევრის მიღწევა შეიძლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე განაცხადა, რომლის თემაც არის "სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში". სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ენა სახელმწიფოს შემადგენელი მთავარი ნაწილია, რომლის გარეშეც ერთიანობა ვერ იქნება.

"ჩემთვის, როგორც საქართელოს პრეზიდენტისთვის და როგორც მკარნახობს კონსტიტუცია, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა სახელმწიფო ენის დაცვა. მისი პოპულარიზაცია, გაძლიერება - ასევე ჩემს ვალდებულებებში შედის და ეს ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა და დიდად საამაყოა, რამეთუ ენა სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და არა მხოლოდ ერთ-ერთი, ალბათ მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელშიც შედის მოსახლეობა, ტერიტორია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იქნება და ამდენად ენა არის მთავარი გამაერთიანებელი სახელმწიფოში, საზოგადოებაში და ამიტომ არის ჩვენთვის, ყველასთვის, ასეთი ერისთვის მნიშვნელოვანი. ერისთვის, რომელმაც გამოიარა ამდენი გამოწვევა საუკუნეების განმავლობაში და შეინარჩუნა თავისი ენა, არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ შეძლო და შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე მრავალი ენა. ამის მიუხედავად, არ დაკარგა არც ერთიანობა, არც თავისი გამაერთიანებელი ტრადიციები და კულტურა, რადგან მეორე მთავარი ნიშანი ენის არის ის, რომ ის არის კულტურის მატარებელი. ენის გარეშე არც კულტურა არ არსებობს. როცა ენა ქვეითდება, კულტურაც ასევე ქვეითდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ქართული, ასევე სხვა ენები არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

„დღეს ეს გამოწვევა მთელ მსოფლიოში არსებობს. ყველა ენა არის მთავარი გამოწვევის წინაშე, რომ ის სიმდიდრე, რაც ენას გააჩნია, ვიტყოდი, რომ ყველგან შეტევის ქვეშაა. დღევანდელი ტექნოლოგიები იქნება, გლობალიზაცია თუ სხვადასხვა მოვლენა, გავლენას ახდენს სწორედ ენაზე და ამდენად კულტურაზე. ენა არის სახელმწიფოსთვის, თავის საზღვრების გარეთ ერთგვარი დროშა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ტენდენცია გაგრძელდება, რომლის თანახმადაც ქართული კულტურისა თუ ლიტერატურის უცხოეთში გატანა შესაძლებელი იქნება, რათა "უფრო მეტად გავხდეთ ევროპული სივრცის სრულყოფილი ნაწილი სწორედ ამ კულტურით".

"ჩვენი დიასპორისთვის ენა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ გვინდა, რომ დიასპორა ჩართული იყოს ამ ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკაში, რომ დიასპორა ინტეგრირებული იყოს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, დაბრუნდეს თუ არ დაბრუნდეს, მისი ჩართულობა ქვეყანაში და მის ცხოვრებაში დამოკიდებულია ენაზე. თუ ენა დაიკარგა, ის დიასპორა იკარგება და ნელ-ნელა მისი ინტეგრაცია ხდება სწორედ იმ ქვეყანაში , რომლის ენაც მან იცის. ამიტომ არის ამდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ განვავითაროთ ყველა ის დისტანციური სწავლება და ყველა ის საშუალება, რაც ჩვენს დიასპორას შეუნარჩუნებს ენას, როგორც მშობლიურს. არ ვამბობ, რომ სხვა ენები სრულყოფილად არ უნდა ისწავლონ, პირიქით, უნდა გახდნენ ამით სხვა ქვეყნებთან მიმართებით ხიდები, მაგრამ თავიანთი ენის შენარჩუნებით. მშობლიური ენა არის საყრდენი სწორედ მათი იდენტობის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე და მათთვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელობაზე.

"ჩვენ ვართ ის ტოლერანტი ქვეყანა, სადაც უამრავი სხვა წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის მოსახლეობა, სადაც ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის , რომ თავიანთ მშობლიურ დედაენაზე ისწავლონ და არ დაკარგონ თავიანი ტრადიციები, კულტურა, ენა, მაგრამ დღეს მთავარი გამოწვევა სახელმწიფოსთვის და ამდენად ჩემთვის არის ის, რომ ქართული ენა მათთვისაც გახდეს მშობლიური ენა, სახელმწიფო ენა ყოველ შემთხვევაში და ჰქონდეთ ყველა საშუალება, რათა სწორედ ქართული ენა იყოს ინკლუზიურობის მთავარი ელემენტი და ქართული ენის ფლობით შეძლონ, გახდნენ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები და არა მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობის ერთ-ერთი წევრი. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენთვის, ყველასთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა აფხაზურ ენაზეც და აღნიშნა, რომ ის საქართველოს მეორე სახელმწიფოებრივი ენაა, რომელსაც დაცვა სჭირდება.

"ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, მაგრამ ჩვენ მეორე სახელმწიფო ენა გაგვაჩნია, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. ეს ეხება აფხაზეთს. მე, 26 მაისის გამოთქმული სიტყვის შემდეგ მივიღე რეაქცია ე.წ. იქაური მთავრობისგან, რომ არ მიმდინარეობს რუსიფიკაცია. ეს ძალიან კარგია, რომ ჩათვალეს, რომ რეაქცია საჭირო იყო. ეს არის ნიშანი, რამდენად მართალია მძიმე ანალიზი მძიმე მდგომარეობის. აფხაზურე ენა არის ასევე ჩვენი დასაცავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალბათ,დღეს საქართველოში უფრო მეტი ადგილია, სადაც ისწავლება აფხაზური ენა, ვიდრე თვით აფხაზეთში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელსაც ასევე ეკისრება მთავარი როლი სახელმწიფო ენისა და ასევე აფხაზური ენის დაცვაში.

„ამდენად ჩვენ წინაშეა ძალიან დიდი გამოწვევა, მაგრამ ძალიან სასიხარულო გამოწვევა, იმიტომ, რომ ძალიან მდიდარია ქართული ენა და ქართული ენით ძალიან ბევრის მიღწევა შეიძლება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს