ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა - ნორვეგიაში 3-თვიანი დაკავების შემდეგ იმ ლაქის გარეშე დავბრუნდი, რასაც ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია

ქურდბაცაცობა ჩემ მორალში არ ჯდება. მთავარია, რომ ამაყად და იმ მთავარი ლაქის გარეშე დავბრუნდი, რასაც მძიმე ბრალდება - ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმამ, გრიგოლ აბრალავამ განუცხადა.

აბრალავა ნორვეგიაში 3-თვიანი დაკავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი და მისი ორი მეგობრის დაკავება გაუგებრობა იყო. ის გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აბრალავამ და მისმა მეგობრებმა ნორვეგიაში ტექნიკის მაღაზიიდან ნივთები მოიპარეს.

„ქუჩაში ვიყავით, როცა სამართლდმაცავებმა საბუთების გადამოწმების მიზნით გაგვაჩერეს. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. ვისაც ნორვეგიასთან შეხება აქვს, ყველამ იცის, რომ იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მკაცრად ექცევიან. გვეუბნებოდნენ, რომ კრიმინალურ დაჯგუფებებთან გვქონდა კონტაქტი, გვაჩვენებდნენ ადამიანების ფოტოებს, თუ ვიცნობდით მათ, ეგონათ ესპანეთში ვიყავით და მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ნორვეგიაში ვიმყოფებოდით, ყველაფრის იდენტიფიკაცია მიმდინარეობდა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ტურისტული მიზნით ჩავედით პატარა ქალაქ - ლილე ჰამერში, სადაც 1994 წელს ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ამ ქალაქში გვინდოდა თოვლზე სრიალი. თავიდან შვეიცარიაში, ალპებში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ რადგან სკანდინავიის მხარეში ნამყოფი არ ვიყავი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პატარა ქალაქში ჩავსულიყავით, სადაც ასეთი გაუგებრობა შეგვემთხვა. ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, ამისგან დაცული არავინაა“, - განაცხადა აბრალავამ.

მისივე განმარტებით, ბრალი, რომელიც მათ წარუდგინეს, არ დაუდასტურდათ და პირდაპირ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„ეს ბრალი, რა თქმა უნდა, არ დაგვიდასტურდა, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები. როგორც წარმოგიდგენიათ, ტექნიკის მაღაზიაში შეხვიდეთ და კამერა არ ეყენოს. ეს ხომ აბსურდია! ბრალი არ დაგვიდასტურდა და სასამართლო დარბაზიდანვე გავთავისუფლდით.

ჩვენი ბრალის წაყენება უცნაურად დაემთხვა „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს, 14 თუ 15 იანვარს გავიგეთ, რომ თითქოს ვიღაცამ ტექნიკა მოიპარა და ჩვენ მათ ფსიქოლოგიურად მხარი დავუჭირეთ. მათ კოდექსში აქვთ ასეთი მუხლი - ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. სასამართლომ განიხილა ჩვენი საკითხი, მოსამართლემ თვალნათლივ ნახა, რაც ხდებოდა და პროკურორს დაავალა, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ნორვეგიის ტერიტორია დაგვეტოვებინა და ოჯახებს დავბრუნებოდით.

ჩემ მეგობრებს, ახლობლებს მივმართავ, რომ მართალი ვარ. ვინც მე მიცნობს და ვისაც ჩემთან ერთხელ მაინც შეხება ჰქონია, ამ ფაქტს არ დაიჯერებს. მთავარია, რომ ამაყად და იმ მთავარი ლაქის გარეშე დავბრუნდით, რასაც მძიმე ბრალდება - ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია. როცა ეს გავიგეთ, შოკირებულები ვიყავით და ველოდებოდით სასამართლო პროცესს. ხელთ მაქვს ცნობა, რომ ნასამართლევი არ ვარ, ბრალი არ დაგვიმტკიცდა“, - აცხადებს აბრალავა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თებერვალში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს შორის გრიგოლ აბრალავაც იყო.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში ასევე დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე. კიდევ ერთი დაკავებული პირი გრიშა მარღანია იყო.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა