მამუკა ბახტაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ გაფართოვდება - იქნება მაღალი სტანდარტი, რაც პარტნიორებს სიაში შეყვანილი პირების მიმართ სანქციების გატარების საშუალებას მისცემს

ორგანოები მუშაობენ და არის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოება მოხდება - იქნება მაღალი სტანდარტი, რაც პარტნიორებს სიაში შეყვანილი პირების მიმართ სანქციების გატარების საშუალებას მისცემს, - ასეთი იყო პრემიერ-მინისტრის პასუხი “ევროპული საქართველოს“ საინტერპელაციო კითხვაზე, რატომ არ მოხდა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოება და რატომ არ არის სიაში დღემდე შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი ოფიცერი და საოკუპაციო ძალების არც ერთი წარმომადგენელი.

როგორც პასუხად ბახტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის რეზოლუციით, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ იმ ადამიანების შეყვანა უნდა მოხდეს, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებულია. მისივე თქმით, “იმისათვის, რომ პირი იყოს ბრალდებული ან მსჯავრდებული, სტანდარტი უნდა იყოს ძალიან მაღალი, რათა სია იყოს არა გულის მოსაფხანად, რაც საქმეს არ მოიტანს, არამედ რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაციისთვის“.

“ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციით, რომელზეც ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა, მთავრობას დაევალა იმ არაადამიანების სია შეედგინა, რომლებმაც ქართველი მოქალაქეების წინაშე დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენი მთავარი მიზანია “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ძალიან დიდი წონა ჰქონდეს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი იმისა, დაგვეხმარნონ, რათა სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა მოხდეს. ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს გამოსვლას ვერც ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან, რომ ეს საკითხი არ წამომეწიოს.

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ეს არის დიდი გამარჯვება და დიდი მადლობა ამისთვის ჩვენს მეგობრებს.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს და წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ლიეტუვამ ეს სანქციები უკვე დააწესა. მსგავსი რეზოლუცია ირლანდიის და კანადის პარლამენტებმა მიიღო. ეს ყველაფერი იმის წინაპირობას ქმნის, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში სიის იმპლემენტაცია.

დიახ, გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ და პასუხისმგებელი ვარ ყველა სიტყვაზე - მქონდა კონსულტაციები შესაბამისს ორგანოებთან და არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ახლო პერიოდში გაიზრდება. ჩვენ უნდა გვქონდეს ბრალდების უმაღლესი სტანდარტი, რომ ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ ბერკეტი იმისთვის, რომ სიის რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაციაში დაგვეხმარნონ. ამას აცილებლად მივაღწევთ!“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს