ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსი იუსტიციის საბჭომ ფორმალურად ჩაატარა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ 24 მაისს, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფორმალურად ჩაატარა. როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ სასამართლო სისტემაში "გარედან კადრების შედინების მაჩვენებელი" ძალიან დაბალია, რაც მისივე თქმით, აღნიშნული კონკურსით დადასტურდა.

უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევად კონკურსი თავდაპირველად 43 ვაკანსიაზე გამოაცხადა, შემდეგ კი, გამომდინარე იქიდან, რომ კონკურსი დროში გახანგრძლივდა და ზოგიერთ მოსამართლესაც სამოსამართლეო ვადა ამოეწურა,ზოგი კი სხვა თანამდებობაზე გადაინიშნა, ვაკანსიების რიცხვი გაიზარდა.

მისი თქმით, კონკურსის შედეგად საბჭომ ე.წ გარედან შემოსული მხოლოდ ხუთი კადრი აირჩია მოსამართლედ, რომელთაგან სამს მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ანუ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელია.

აღნიშნული მოსამართლეები სამოსამართლეო ფიცს იუსტიციის საბჭოში დღეს დადებენ.

„საჭიროა ხალხი, რომლებიც გაუმკლავდებიან საქმეთა დიდ რაოდენობას და დაეხმარებიან მოსამართლეებს, რომლებიც დღეისთვის სისტემაში მუშაობენ, მაგრამ გვაქვს ძალიან პარადოქსული ვითარება. დღეს მე გამოვითხოვე ინფორმაცია შესაბამისი დეპარტამენტისგან და მივიღე ასეთი სტატისტიკური ინფორმაცია - რეალურად, კონკურსი 43 ვაკანსიაზე გვქონდა გამოცხადებული. იუსტიციის საბჭომ გარედან შეარჩია 5 ადამიანი. დანარჩენი უკვე შიგნით გადაინიშნა უვადოდ ან გადაადგილდა სხვა სასამართლოში. დღეს გვაქვს 44 ვაკანსია. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა კონკურსი 43 ვაკანსიაზე, დღისათვის ისევ გვაქვს 44 ვაკანსია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საბჭოს აქვს არაერთგვაროვანი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც იწვევს იმას, რომ მოსამართლეები არიან დატვირთულ რეჟიმში, ხოლო ჩვენი მოქალაქეები მართლმასჯულებას ვერ იღებენ სათანადო დროში“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უნდა შეიცვალოს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვით სასამართლო სისტემაში "გარედან" კადრების შედინება არ ხდება. მისი თქმით, კარი უნდა გაიხსნას, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, ისე უზენაეს სასამართლოშიც ე.წ გარედან შემოსული, გამოცდილი ადამიანებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა