სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს -  ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, ევროპულ, თავისუფალ სახელმწიფოს და თქვენ ხართ ამ პროცესის მთავარი საყრდენი

თქვენ უნდა იყოთ სრულიად ლოიალური სახელმწიფოს მიმართ, რაც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამართალდამცველებს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ პოლიციელები დემოკრატიული, ევროპული, თავისუფალი სახელმწიფოს საყრდენი არიან.

„თქვენი დღე არის დღეს და მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ უდიდესი წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. პოლიცია დემოკრატიულ ქვეყანაში არის მთავარი ინსტიტუტი, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, მშვიდობას და მათ უფლებებს ანუ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, ევროპულ, თავისუფალ სახელმწიფოს. თქვენ ხართ ამ პროცესის მთავარი და აუცილებელი საყრდენი. სახელმწიფოს მშენებლობისა და მისი გამყარების პროცესი მუდმივად შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ და ამ საფრთხის თავიდან აცილება გადის თქვენს პროფესიონალიზსა და სიმტკიცეზე. თქვენ უნდა იყოთ სრულიად ლოიალური სახელმწიფოს მიმართ, რაც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ამით თქვენ მოიპოვებთ საზოგადოებას ნდობას, რომლის გარეშეც პოლიცია ეფექტური ვერ იქნება. დღეს საქართველოს პოლიცია, ისევე როგორც სახელმწიფო, ევროპულ სტანდარტებს ითვისებს და ეს არის თქვენი დამსახურება, რომ საქართველო დღეს ევროპოლის წევრია. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება მაგალითია იმ გზაზე, რომელიც საბოლოოდ დაგვაბრუნებს ევროპაში. მივესალმები რეფორმირების პროცესს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს და რომლის მიზანია სრულიად თანამედროვე ქართული პოლიციის ჩამოყალიბება. პოლიციის, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაფუძნებული იქნება მაღალ სტანდარტებზე. მე და მთელი საზოგადოება მადლობას გიძღვნით პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისთვის რომელსაც თქვენ იჩენთ დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში. თქვენ თუ გევალებათ შეურიგებელი ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, გევალებათ უფლებების დაცვა, სამაგიეროდ ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს გვევალება თქვენს მიმართ დიდი პატივისცემა. საზოგადოებრივი მშვიდობა და ერთიანობა ამ ურთიერთობებზე არის სრულად დამოკიდებული. მჯერა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევითა და სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკისა და ევროკავშირის, მეგობრების დახმარებით წარმატებით გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა