მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველოს პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია ჰყავს

გილოცავთ თითოეულ თქვენგანს პოლიციის დღეს. ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბახტაძემ თავის სიტყვაში ისაუბრა იმ წარმატებებზე, რომელსაც პოლიციამ განხორციელებული რეფორმების შედეგად მიაღწია.

„ეს არის განსაკუთრებული დღე. ადამიანი, რომელიც ირჩევს ისეთ პროფესიას, რომ დაეხმაროს თავის მოქალაქეს, თავის დას, ძმას, შვილს და ხშირად ამ დახმარებაში თავისი სიცოცხლე დააყენოს საფრთხის ქვეშ, ეს შეუძლია მხოლოდ ყველაზე გაბედულ ადამიანებს და ადამიანებს, რომელთაც უზომოდ უყვართ თავიანთი სამშობლო. ასეთი ხალხი ხართ თქვენ. მე მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ თქვენი პროფესიული დღესასწაული. ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია, რომელიც იცავს კანონს და კანონი არის უზენაესი, რომელიც არის შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში და ამავდროულად, ინარჩუნებს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ისტორიული მიღწევა და თითოეულ თქვენთაგანს მადლობა მინდა ამისთვის გადავუხადო.

მე მინდა გატარებული რეფორმებისთვის და ამავდროულად, ახალი რეფორმების წარმოდგენისთვის, რომელიც სულ ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს პოლიციას, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და ბატონ მინისტრს. დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმების რეალიზაციის შედეგად, თქვენი წარმატება ახალ დონეზე იქნება, რაც ჩვენი სამშობლოს წარმატებას ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გამოგვენახა საბიუჯეტო სახსრები იმისთვის, რომ თქვენი სოციალური სიტუაცია და პაკეტი გაუმჯობესებულიყო. გპირდებით, რომ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

მან პოლიციელებს სთხოვა, ის ბრალდებები, რაც მათი მისამართით ბოლო პერიოდში ისმის, გულთან ახლოს არ მიეტანათ.

„ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ქართული პოლიციის წინააღმდეგ. მინდა მოგმართოთ არა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, არამედ, როგორც რიგითმა მოქალაქემ და თქვენმა მეგობარმა და გთხოვოთ, რომ გულთან ახლოს არ მიიტანოთ ეს უსაფუძვლო ბრალდებები, იმიტომ, რომ თმენის ვალდებულება ნიშნავს უმაღლეს პროფესიონალიზმს. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა სტანდარტის უმაღლესი პროფესიონალებით დაკომპლექტებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰყავს საქართველოს. მინდა გითხრათ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე ამაყობს თქვენით, თქვენ ხართ გარანტი, რომ საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, თქვენ ხართ გარანტი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გადავუხადო თქვენს მიერ გაწეული წვლილისთვის იმ წარმატებაში, რაც საქართველოს აქვს. ასეთი ენთუზიაზმით, ერთსულოვნებით, ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულებით, თქვენი პროფესიის მიმართ ეთგულებით, დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა