საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვილნიუსში ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვილნიუსში, ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამასახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის როლზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისა და კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ამასთან, დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მიმართა სიტყვით.

სიტყვით გამოსვლისას, სოფიო ქაცარავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მონაწილეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული დემოკრატიულ რეფორმების, ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებების, ასევე, საქართველოს სამომავლო გეგმებისა და მოლოდინების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„პარტნიორების მხრიდან საქართველო აღიარებულია, როგორც მოწინავე ქვეყანა დემოკრატიის, ეკონომიკის, ადამიანის უფლებების საკითხებში. ჩვენი მიღწევების აღიარების ფონზე, ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ დადგა დრო, ეს პროცესი კიდევ უფრო წინ წავწიოთ” - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს ასევე მიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გიორგი მოსიძემ. დეპუტატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მას შეუძლია კიდევ უფრო განამტკიცოს აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაცია ევროკავშირთან, მათ შორის, ციფრული მარკეტინგის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით“,- აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

გიორგი მოსიძემ განათლების, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროებასა და კულტურის სფეროში, საქართველოს მეტად წახალისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ყოველთვის მოიაზრებდა თავს ევროპული სივრცის, განსაკუთრებით, ევროპის კულტურული სივრცის წევრად. ქართულმა კულტურამ და ხელოვნებამ უნიკალური მახასიათებლები შესძინა ევროპული კულტურის მრავალფეროვნებას. ჩვენი მიზანია მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“ ,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის წევრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ გრძელი და სირთულეებით აღსავსე გზა გამოიარა და ამ გზაზე, ჩვენი ქვეყნის მთავარი მოტივაცია და მიზანი ევროპულ საზოგადოებასთან კავშირის აღდგენა იყო.

„საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ევროპულ ერთა ოჯახში დაბრუნება კონსტიტუციურ ვალდებულებად განისაზღვრა. გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ კონსტიტუციის დონეზე ევროპული მისწრაფების დაფიქსირება ადასტურებს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ მოდერნიზებისთვის, ევროპული სტანდარტების დანერგვისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის და რომ ვემზადებით იმ დროისთვის, როდესაც ევროკავშირი მზად იქნება ჩვენი ერთობლივი ევროპული მომავლის შესახებ მსჯელობისთვის“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, მიუხედავად პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის არსებული სხვაობისა, ქვეყნებს ერთად დგომის მნიშვნელობა კარგად ესმით და შესაბამისად, ფორმატმა მრავალი პოზიტიური მიღწევის მოტანა შეძლო. თუმცა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიღწეული საკმარისი არ არის.

სიტყვით გამოსვლისას, თამარ ხულორდავამ ევროკავშირს მეტი ეკონომიკური ჩართულობისკენ მოუწოდა და ძალისხმევისა და მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომიკური ჩართულობა ევროკავშირიდან და ეს მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის არის საჭირო, რადან ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს ამბიციურ დოკუმენტს და მოითხოვს ამბიციურ რეფორმებს არა მარტო პოლიტიკური არამედ ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებით. ეს არის კონკრეტული საკითხი, რაშიც თქვენგან მხარდაჭერასა და ლობიზმს ვითხოვთ. კონსოლიდირებულ მხარდაჭერას მომავალი დეკადისთვის“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

დეპუტატმა, ასევე, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაკისრებული სანქციებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის ასახვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მანვე, მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ინიციატივას, რომლის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს 2008 წელს, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების შეფასება და მისი შესრულების მოთხოვნის სანქციებში შეტანა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო