ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2019

გია ხუხაშვილი - “ფაქტია, ანაკლიის ამუშავება ფოთს პრობლემას შეუქმნის, მაგრამ ისიც კატეგორიულად მიუღებელია, რომ მოხდეს ანაკლიის ტორპედირება”

მამუკა გამყრელიძე - “ხელისუფლების შეცვლა ამ საარჩევნო სისტემით შეუძლებელია”

* * *

გია ხუხაშვილი: “ფაქტია, ანაკლიის ამუშავება ფოთს პრობლემას შეუქმნის, მაგრამ ისიც კატეგორიულად მიუღებელია, რომ მოხდეს ანაკლიის ტორპედირება”

"ეს საქმე დიდი ხანია ძიებაში იყო და შეიძლება დღეები შეანაცვლეს რაღაცების გადასაფარად. არ მგონია, რომ ეს დაჭერა თავისთავად იყო დაკავშირებული სერიოზულ რაღაცასთან - პოლიტიკურ ნებასთან სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან თვალსაზრისით. ერთადერთი შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაც მომენტში რაღაც გადაფარეს, მეტი არაფერი. რეალურად ვერაფერიც ვერ გადაფარეს, მაგრამ შეიძლება ვინმეს იდეა გაუჩნდა, რომ მაინც დასაჭერები არიან და მოდით, დღეს დავიჭიროთ, მეტი არაფერი. ანაკლიის თემაზე კი მე ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს საბოტაჟის მცდელობასთან და ეს არ არის პირველი ეპიზოდი”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ანაკლიის პროექტის საბოტაჟის მცდელობასთან გვაქვს საქმე” / “ბათუმში დაჭერებით ანაკლიის თემის გადაფარვა უნდოდათ”.

“იყო ბევრი მცდელობა პროექტის და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის თვალსაზრისით. ახლა ხელისუფლებამ დაინახა, რომ მისთვის პრობლემური იქნებოდა თუ ამაში თვითონ მიიღებდა მონაწილეობას პირდაპირ, შესაბამისად თავად ახდენს პროექტის აშკარა დისკრედიტაციის დემონსტრირებას, მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ მასზე პირდაპირი დარტყმები არ ვრცელდება. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რაც წინა დღეებში ვიხილეთ, ამ საბოტაჟის ერთ-ერთი ელემენტი იყო. ეს მძიმე შემთხვევაა მარტივი მიზეზის გამო: ანაკლიის პროექტი კონსტიტუციაშია ასახული, კონსტიტუციითაა მისი სახელმწიფოებრივი სტატუსი განსაზღვრული, შესაბამისად, მისთვის პირდაპირი ან ირიბი ზიანის მიყენების მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ვფიქრობ გამოძიება უნდა ჩატარდეს იმაზე, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფოთში თუ რამის გაკეთება უნდათ, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ ინვეტიციები ჩაიდოს, მაგრამ რატომ გაკეთდა ამ მომენტში - ან ერთი წლის წინ გაეკეთებინათ ან ცოტა ხანს დაეცადათ ანაკლიის პროექტი დაქოქილიყო...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“აბსოლუტურად მესმის, რომ ფოთის პორტისთვის ანაკლიის პროექტი არის ძალიან სახიფათო და პრობლემური. არა მხოლოდ ფოთის პორტისთვის, არამედ ქალაქ ფოთისთვისაც - როდესაც ანაკლიის პორტი ამუშავდება, ძალიან მაღალი საფრთხეა, რომ ფოთის პორტმა დაკარგოს ტვირთები. თუ მან ტვირთები დაკარგა სამუშაო ადგილები დაიკარგება და შეიძლება მივიღოთ დეპრესიული რეგიონი. ამიტომ ანაკლიის პორტის განხორციელებასთან ერთად, ხელისუფლებას და სახელმწიფოს აუცილებლად აქვს საფიქრალი იმაზე, თუ როგორ მოხდეს ქალაქი ფოთის ფუნქციური ტრანსფორმაცია ნელ-ნელა, როგორც და რა სახით განხორციელდეს ეს ყველაფერი - ამაზე უკვე დღეს უნდა ფიქრობდეს. ფაქტია - ანაკლიის ამუშავება ფოთს პრობლემას შეუქმნის - აქ ობიექტური პრობლემა არსებობს, მაგრამ ისიც კატეგორიულად მიუღებელია, რომ მოხდეს ანაკლიის ტორპედირება და საბოლოო ჯამში არც იქ არაფერი გაკეთდეს და არც აქ. ეს კიდევ უარესი სცენარია. ასე რომ ეს ერთიანი კონცეფციის ფარგლებშია მოსაყვანი”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

მამუკა გამყრელიძე - “ხელისუფლების შეცვლა ამ საარჩევნო სისტემით შეუძლებელია”

“ამ საარჩევნო სისტემით გამარჯვება, უბრალოდ, შეუძლებელია. ძალიან დიდ ფულთან გვაქვს საქმე - ყიდულობენ ნებისმიერს, ხარჯავენ იმდენ ფულს, რამდენითაც იყიდიან არჩევნებისთვის საჭირო ხმებს, ჩვენ კი ვერაფერს ვუპირისპირებთ ამ დიდ ფულს...” - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა გამყრელიძე - “ხელისუფლების შეცვლა ამ საარჩევნო სისტემით შეუძლებელია” / “ოცნებამ 23%-იც რომ აიღოს და მაჟორიტარები გაიყვანოს, ისევ უმრავლესობას მიიღებს”.

“2020-ში ბოლო მაჟორიტარული არჩევნებია და და ამ მაჟორიტარული არჩევნებით სიცოცხლეს იხანგრძლივებს “ოცნება”. 73 მაჟორიტარია ამ პარლამენტში და ყველა “ოცნებისაა”. 2020-შიც ძალიან ბევრს გაიყვანს. ვთქვათ, გაიყვანა 70 მაჟორიტარი, სიით 23%-ის აღება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღოს. წარმოგიდგენიათ, როგორც დისონანსი იქნება ხალხის ხმასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც პარლამენტში იქნება?! თუნდაც ვერ გაიყვანოს 70 და 50 გაიყვანოს. ამ 23%-ით ის უმრავლესობას მიიღებს. ხელისუფლების შეცვლა ამ საარჩევნო სისტემით შეუძლებელია! მაჟორიტარული სისტემა “ოცნების მოგონილი არ არის, უფრო ადრე იყო შემოტანილი და ჩემი აზრით, დიდი სისულელე იყო, დროა ეს გამოვასწოროთ. ჩვენ ვაგროვებთ ხმებს ამ სისტემის შესაცვლელად, თუმცა არა ვართ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება დათმობს ამას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გამყრელიძე.

“არ გამოვრიცხავ, რომ ხალხს ყელში ამოუვიდეს ეს ყველაფერი და გამოვიდეს ქუჩაში. ხელისუფლებას მთლიანად ფეხებზე ჰკიდია საკუთარი მოსახლეობა. ამ ფონზე ვხედავთ ტოტალურ არაპროფესიონალიზმს, განსაკუთრებით სალობე ზურაბიშვილისგან, ასევე სერიოზული არაპროფესიონალიზმია მამუკა ბახტაძისგან - რას ბოდიალობს, ვერ გაიგებ. აღარ ვლაპარაკობ პარალამენტის თავმჯდომარეზე, რომელიც უკვე რობოტად იქცა და შეურაცხყოფის მიყენების მეტს არაფერს აკეთებს. ქალაქის მერზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი დანარჩენებს კი იცით როგორი დამოკიდებულება აქვთ? არც გისმენენ, არ განიხილავენ რჩევებს, რეკომენდაციებს. ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ მხოლოდ არჩევნების იმედად ყოფნა აღარ შეიძლება, რაღაც პროტესტი უნდა იყოს აუცილებლად”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რატომ არიან ასე აჟიტირებულები სააკაშვილის მხარდამჭერები? სააკაშვილს შეუძლია აქ საპროტესტო მუხტი ააგოროს?” - პასუხობს:

“ეგენი ყოველთვის აჟიტირებული არიან, მაგათ ნუ მივაქცევთ ყურდღებას... ძალიან დაძაბული სიტუაციია საზოგადოებაში. ხალხს უნდა, რომ გამოხატოს პროტესტი, მაგრამ არ არის ლიდერი. არსებული ლიდერშიპი, მათ შორის მეც, არ ცდილობდა ხალხი ქუჩაში გამოგვეყვანას. ამას აზრიც არ ჰქონდა, რადგან ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლებოდა. 2020 წლის არჩევნებით კი ხელისუფლება, შესაძლოა, იცვლება - ყველაზე კარგად ეს საქმე იცის მიხეილ სააკაშვილმა, რადგან იცის, რა უნდა გააკეთოს. რაც შეეხება მანამდე მის ექსტრადიციას, ეს აბსურდია, არავინ მიშას დაკავებას არ დაიწყებს და ეს ამ ხელუფლებამაც გადასარევად იცის. მუხტის აგორება კი ყოველთვის შეუძლია სააკაშვილს. თუ 30 ამ 50 000 კაცი დადგება მის გვერდით მიდი და დაიჭირე, თუ მაგარი ხარ - ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. თუ მისი მხარდამჭრები მოინდომებენ, ეს თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ... რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გვინდა მოვიაროთ საქართველო, მივიდეთ ხალხთან და ავუხსნათ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხოლო 2020 წლის არჩევნებზეც თუ იქნება მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი, აი, მაშინ ჩვენც შევუერთდებით მიშას მომხრეებს და ჩვენ ვიქნებით ამის ინიციატორები, რადგან რაც ხდება, ამის მოთმენა აღარ შეიძლება”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა