ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძე მოემზადოს, მას ცოტა დრო დარჩენია, რომ უზრდელური განცხადებები აკეთოს

ყოველი ორი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა დემოკრატიული პროცესია - „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე მოემზადოს, მას ცოტა დრო დარჩენია, რომ უზრდელური განცხადებები აკეთოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში “7VS1” განაცხადა.

დოლიძემ ისაუბრა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხებზე.

„ვენეციის კომისია 1992 წლიდან წერს დასკვნებს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ბოლოს შარშან დაწერეს არაერთი დასკვნა, როდესაც საკონსტიტუციო პროცესები იყო. კონსტიტუცია რომ შეიცვალა, ვენეციის კომისიასთან იყო აქტიური კონსულტაცია და ახლა, ამ ბოლო დროს საერთოდ ისეთ აბსურდებს აკეთებენ და ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, მართლა უკვე ყველანაირი ფსკერის ქვემოთ ჩადიან. ახლა გადაწყვიტეს, რომ ვენეციის კომისიამ, სადაც 25 წელია, დაგროვილია ცოდნა ჩვენი კონსტიტუციონალიზმის შესახებ, შეიძლება დაწეროს დასკვნა, რომელიც არაკონსტიტუციურია. ნახეთ, როგორი სტანდარტია - მხოლოდ ის კი არა, რომ კლანის წევრები იყვნენ უზენაეს სასამართლოში, არამედ არც ერთი თავისუფალი ადამიანი იქ არ უნდა შევიდეს“, - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

ანა დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი გუნდის ცვლილებას ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ წინასწარ უნდა შეეგუონ.

„მათთვის სამწუხაროა, თორემ ეს არის დემოკრატიული ციკლი და მე მინდა, რომ შეეგუონ. რაღაც ჭორებია საზოგადოებაში, ძალიან საინტერესო, რომ კიდევ „ოცნება“ მოიგებს. დემოკრატიული ციკლი მოითხოვს, ყოველი ორი არჩევნების შემდეგ მშვიდობიანად და არჩევნების მეშვეობით ხელისუფლება შეიცვალოს. მოემზადოს „ქართული ოცნება“ ამისთვის და ირაკლი კობახიძეც მოემზადოს, ცოტა დრო დარჩენია, რომ აკეთოს ის უზრდელური განცხადებები, რომელსაც აკეთებს“, - განაცხადა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს