ნინო ბურჯანაძე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის გადაწყვეტის კარი  4 გასაღებითაა ჩაკეტილი

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის გადაწყვეტის კარი ამჯერად 4 გასაღებითაა ჩაკეტილი. ეს კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება, თუ ეს ოთხივე გასაღები ერთდროულად იქნება გამოყენებული. გასაღებები კი დევს თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში. ვინც ამას არ აღიარებს, ვერც პრობლემას მოაგვარებს, მე ეს შემიძლია,- ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოუგვარებელი პრობლემებია და ამ მიმართულებით არც წინა და არც დღევანდელ ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

„ არა თუ ვუახლოვდებით პრობლემების მოგვარებას, არამედ ყოველდღიურად ვშორდებით. სისტემატური ხასიათი მიიღო მცოცავმა ოკუპაციამ, ადამიანების გატაცებამ. ხელისუფლების მხრიდან კი მხოლოდ ცინიკური განცხადებები გვესმის, რომ თურმე ამას სტრატეგიული მოთმინებით უნდა შევხვდეთ. როდემდე ბატონებო?! როდემდე?!ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯების გადადგმა დღეს საქართველოში მხოლოდ მე და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს შეუძლია! დააკვირდით, ჩვენ, ერთადერთს გვყოფნის გამბედაობა, რომ ვთქვათ: ამ პრობლემების მოსაგვარებლად არ არის საკმარისი საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებები! ჩვენ ვართ ერთადერთნი, რომლებიც ვბედავთ და ვამბობთ!

ეს პრობლემები ვერ მოგვარდება მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგით (თუმცა ამ დიალოგის უპირველეს აუცილებლობაზე ჩვენ ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ვსაუბრობთ). აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზა შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგს დაემატება პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. გადალახეთ ბატონებო შიში და აღიარეთ, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ეს პრობლემები ჩიხიდან ვერ გამოვა“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

მისივე თქმით, ვერასოდეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა პირდაპირ ესაუბრა დეფაქტო ლიდერებთან და თუ მოლაპარაკება და შედეგი უნდა სახელმწიფოს , მაშინ „ეს რთული ნაბიჯი უნდა გადავდგათ“. ბურჯანაძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს მათი ლეგიტიმურობის აღიარებას და დევნილების იგნორირებას. ეს ნიშნავს რეალური პოლიტიკის წარმართვას.

„დღეს დეფაქტო ლიდერები წარმოადგენენ ჩვენი მოსახლეობის აფხაზეთში და სამაჩაბლოში დარჩენილ ნაწილს. მათაც უნდა მოვუსმინოთ და ნდობის ხიდები აღვადგინოთ.გამოსავალი ჩიხიდან ესაა და თუ ამ ყველაფერზე უარს ვიტყვით, პროდასავლურობის დროშით, გამოვა რომ საქართველოს პროდასავლურობის და ნატო-ს სახელით სამუდამოდ დავაკარგვინებთ ჩვენი მიწა-წყლის ნაწილს. გაიგეთ ყველამ! პროდასავლურმა, პრორუსმა და ყველა სხვამ! ამას ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობა არასოდეს გვაპატიებს!ჩვენ ხშირად ვამბობთ! დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები! დიახ, უნდა დავიბრუნოთ! მაგრამ ჯერ უნდა დავიბრუნოთ საქართველოდან გაქცეულ-გადახვეწილი მოქალაქეები!

რით უნდა მოხიბლო აფხაზები და ოსები, როცა ისინი ხედავენ დანარჩენ საქართველოში უსამართლობას, უკანონობას, ნიჭის გათელვას და ნაცნობ-მეგობრობით და მონური ერთგულებით აღზევებულ ადამიანებს. ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილ ქართველ ქალებს, რომლებიც შვილების გაზრდას სკაიპით და ტელეფონით ადევნებენ თვალს.დიახ, მეგობრებო, ჯერ აქეთა საქართველო დავიბრუნოთ და პარალელურად ვიფიქროთ დაკარგულის დაბრუნებაზე.

ამის გაკეთება მხოლოდ სამართლიან და ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანაში შეიძლება. რა სჭირდება ეკონომიკის განვითარებას? სტაბილურობა, რომელიც ძალიან მყიფეა და საფრთხის წინაშე დგას როცა ადამიანებს არჩევანის უფლება ერთმევათ, პროფესიონალიზმი, სწორი საკადრო პოლიტიკა“, -განაცხადა ბურჯანაძემ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო