ელენე ხოშტარია - შემზარავია, რომ მორჩილი თადუმაძე უნდათ, გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი

შემზარავია, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც დაინიშნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის კრიზისის დროს და მორჩილად ხელს აფარებდა იმ პროკურორებს, ვინც ამ საქმეს თითხნიდნენ, უნდათ, რომ უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი გახდეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან მოსამართლეობის ახალ კანდიდატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" კანონი საშუალებას აძლევს, უზენაეს სასამართლოში თავისთვის სასურველი და მორჩილი კანდიდატები დანიშნოს, ამ მხრივ კი სიტუაცია დეკემბრის მერე არ შეცვლილა.

"დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო მორიგი ფარსი, რომელსაც რეალურად ჰქვია უზენაეს სასამართლოში მორჩილი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი. გვახსოვს, დეკემბერში, როცა პარლამენტში შემოვიდა ფურცელი ყველანაირი წესების გარეშე, რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას. ამის შემდეგ "ქართულ ოცნებას" ზუსტად ისევე მიჰყავს პროცესი, უბრალოდ, ამას მოარგო კანონი. რეალურად, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკეთებს, ეს იქნება ყველანაირი დასაბუთების გარეშე, ფარულად, არ გვეცოდინება, რატომ, ვის აირჩევენ თანამდებობებზე. ეს გააკეთეს, რათა გაიყვანონ უზენაეს სასამართლოში თავიანთი მორჩილი მოსამართლეები. დღევანდელი კანონი მათ აძლევს საშუალებას, რომ ყველა ეს მორჩილი პირი გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ასევე, ვნახეთ მსურველთა სია, რომელიც მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს უზენაესი სასამართლოსთვის. იმ კლანიდან, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, გვყავს 8 წევრი და პლუს ოთხი ახალი წევრი ასევე კლანიდან, რომელიც სიაში არ იყო. კიდევ უფრო გააძლიერეს კლანის შემადგენლობა ამ სიაში, დაამატეს ოთხი ახალი წევრი. მათ აქვთ ნათელ-მირონიც, ნათესაური კავშირებიც, სამუშაო გამოცდილებაც და უტყუარია მათი ამ კლანის წევრობა", - განაცხადა ხოშტარიამ.

მან ისაუბრა სიაში პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურის გამოჩენის შესახებაც.

„ასევე შემზარავია, რომ მოქმედი პროკურორი, თადუმაძე, რომელიც დაინიშნა სარალიძის კრიზისის დროს და რომელიც მორჩილად ხელს აფარებდა იმ პროკურორებს, ვინც თითხნიდნენ ამ საქმეს, ეს მორჩილი თადუმაძე ახლა უნდათ, რომ გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი. აღარ ვსაუბრონ იგივე ვასაძეზე. მორჩილი პროკურორები უნდათ გადაასკუპონ უზენაეს სასამართლოში. ასევე, პოლიტიკური მორჩილებით და მოტივებით გამორჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. პრაქტიკულად, "ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლითაც ვისაც უნდა, იმას გაიყვანს. გვაქვს სია, სადაც არის მორჩილი, საშიში მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები და უნდათ ამ ადგილებზე მოკალათება. ამას გარდა ცინიკურია, რომ დღეს დაიწყო პროცესი და 7 ივნისს ამთავრებენ, არანაირი შერჩევა არ ხდება, ეს ივანიშვილისგან პირდაპირი დანიშვნაა. მერე პროცესი გადავა პარლამენტში, ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ უზენაესი სასამართლო არ მოეწყოს ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებით. ვინმეს აქვს ილუზია, რომ თადუმაძე კონკურსში იღებს მონაწილეობას? მამუკა ვასაძე არაფორმალურად საკმაოდ ძლიერი მოადგილეა, ფარცხალაძის გუნდიდან. შეიტანა, იმიტომ, რომ კონკურსს ელოდება? ეს გადანიშვნის პროცესია. ჩინჩალაძეში და მურუსიძეშიც ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა „კლანია", - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა.

მანვე განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" სხვადასხვა თემაზე უკვე ტყუილების თქმაზეა გადასული, საბოლოო გამოსავალი კი არსებული ვითარებიდან არსებული ხელისუფლების შეცვლაა.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ "ოცნება" არის უტიფრობის იმ სტადიაზე, როცა შავს ეძახიან თეთრს. კრიტერიუმები მიიღეს, რომლითაც ვისაც უნდათ და როცა უნდათ, გაიყვანენ და ამას დაარქვეს რაღაც პროცესი. რეალურად, არანაირი პროცესი არ მიდის. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე თქვეს, რომ თითქოს გაითვალისწინეს. პირდაპირ ტყუილებზე გადასულ ეტაპზე არიან. ილიზია იმის, რომ პარლამენტში აზრს შეიცვლიან და მათ არ გაიყვანენ, არ გვაქვს ", - აღნიშნა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო