არასრულწლოვან გ.ჯ.-ს ადვოკატი - კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვინ არიან ის პირები, ვინც დავით სარალიძე მოკლეს

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვინ არიან ის პირები, ვინც დავით სარალიძე მოკლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის გ.ჯ.-ს ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, კვლავ დაუდგენელია, იმ პირების ვინაობა, ვინც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.

„ორივე არასრულწლოვანს ბრალი ედებოდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ჩადენაში. დადგინდა, რომ ერთ-ერთ არასრულწლოვანს საერთოდ არ ჰქონდა დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება მეორეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. ისმის ძალიან მარტივი კითხვა, ვინ არიან ის პირები, ვისთან ერთადაც მან მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ დანაშაულში, თუ მეორე არასრულწლოვანს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. მარტვი კითხვაა, რომელსაც ვერც სასამართლო და ვერც საგამოძიებო ორგანო ვერ პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელობის ჩამდენი პირები არც კი არიან პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე განმარტებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მოწმე მიხეილ კალანდიას ჩვენება მოსამართლეთა პალატამ არ გაიზიარა.

"სასამართლომ საერთოდ არ გაიზიარა მიხეილ კალანდიას ჩვენება. ის გახლავთ მოწმე, რომელზეც დგას ბრალდების დადგენილება, ის არის პროკურატურის ოქროს მოწმე. სასამართლომ ჩვენი პოზიცია გაითვალისწინა იმასთან დაკავშირებით, რომ კალანდიას ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და ეწინააღმდეგება, როგორც სხვა პირთა ჩვენებებს, ასევე მტკიცებულებებს, რომელიც საქმეშია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ მკვლელობაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ პირებს, რომლებიც პასუხისგებაში არ არიან მიცემული და საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოვლენილი არ არიან. საქმე არ არის სწორად გამოძიებული და ის, რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, დიდწილად განსხვავდება ჭეშმარიტებისგან, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო შეეცდება ამის შემდეგ მაინც გამოასწოროს დაშვებული შეცდომები და პასუხისგებაში იქნება მიცემული ის პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს", - განაცხადა კაკაბაძემ.

ნიშნავს, თუ არა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იმას, რომ შესაძლოა, მიხეილ კალანდია დააკავონ, ადვოკატი პასუხობს, რომ გამოვლენილია კონკრეტული პირი, ვინც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, ის ამ დრომდე დაკავებული არ არის.

"უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ მინდა, თუმცა, მიმაჩნია, რომ გამოვლენილია კონკრეტული პირი, ვინც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო და სამწუხაროდ, ეს პიროვნება პასუხისგებაში არ არის მიცემული.

დაცვის მხარე ელოდება, რომ დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირი პასუხისგებაში იქნება მიცემული და დაკავებული. ნათლად გამოიკვეთა, რომ სხვა პირების მიმართ გაცილებით მეტი მტკიცებულება არსებობს, ვიდრე იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებთანაც დღეს განაჩენი დადგა", - აღნიშნავს კაკაბაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა